Facebook Twitter

#ბს-509-496(2კ-14) 20 ნოემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. გ-ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 24 ნოემბერს ი. გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ც. ზ-ისა და მ. გ-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა სპეციალური სამედიცინო მომვლელის ხარჯის – თვეში 1180 ლარის, ყოველთვიური სარჩოს სახით 800 ლარის, მომავალში გასაწევი სარეაბილიტაციო ხარჯის, მოსარჩელის დასახიჩრებასთან დაკავშირებული მომავალში მოსალოდნელი ოპერაციების ხარჯების, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის – 500 ლარის და არაქონებრივი ზიანის სახით 300 000 ლარის ანაზღაურება.

2012 წლის 26 ნოემბრის განცხადებით მოსარჩელემ იშუამდგომლა მოპასუხეთა სიიდან ც. ზ-ისა და მ. გ-ის ამორიცხვის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ი. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. გ-მა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ი. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

ი. გ-ის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ი. გ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურებისთვის გათვალისწინებული ხარჯის, ყოველთვიური სარჩოს, აგრეთვე წელიწადში ერთხელ სარეაბილიტაციო მკურნალობის ხარჯის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. გ-ის სარჩელი მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ი. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურების ხარჯის - 1180 ლარის ანაზღაურება 2013 წლის 16 დეკემბრიდან ყოველთვიურად, ასევე სარჩელის შეტანიდან სარჩოს - 800 ლარის ანაზღაურება; სასარჩელო მოთხოვნა გასაწევი სარეაბილიტაციო ხარჯის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. გ-მა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. გ-ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე