Facebook Twitter
#ბს-521-508(2კ-14) 20 ნოემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 24 სექტემბერს მ.ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მის ნაწილში პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების ბათილად ცნობა და მისთვის დაკლებული ქულების დამატება მოითხოვა.
M 2013 წლის 11 დეკემბერს მ.ბ-ემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მ.ბ-ის ნაშრომის №11, №12 და №28 დავალებების შეფასების ნაწილში პირველადი შეფასების ბათილად ცნობა, მ.ბ-ის ნაწილში საგნობრივი ქვეკომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ.ბ-ის საპრეტენზიო განცხადება), მ.ბ-ის ნაწილში 2013 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს №2 ოქმის ბათილად ცნობა (რომლითაც დამტკიცდა 2013 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების უნარების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საპრეტენზიო კომისიის დახმარების მიზნით შექმნილი საგნობრივი ქვეკომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება) და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის შეფასების სქემის საფუძველზე №11, №12 და №28 დავალებებთან დაკავშირებით მ.ბ-ის ნაშრომის ხელახლა შეფასებისა და ერთი ქულის მომატების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება მ.ბ-ის სასარჩელო განცხადებაზე №11 დავალების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით მ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მ.ბ-ის ნაშრომის პირველადი შეფასება №28 დავალების შეფასების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საგნობრივი ქვეკომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება მ.ბ-ის ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ.ბ-ის საპრეტენზიო განცხადება №28 დავალებასთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს ოქმი №2 მ.ბ-ის ნაწილში (№28 დავალებასთან დაკავშირებით), რომლითაც დამტკიცდა 2013 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების უნარების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას საპრეტენზიო კომისიის დახმარების მიზნით შექმნილი საგნობრივი ქვეკომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება; სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შეფასების სქემის საფუძველზე №28 დავალებასთან დაკავშირებით მ.ბ-ის ნაშრომის 1 (ერთი) ქულის მომატება დაევალა; მოპასუხეებს მ.ბ-ის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის – 125 ლარის ანაზღაურება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრები.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 20 აგვისტოს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება;
3. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 20 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ლ. მურუსიძე