#ბს-533-520(კ-14) 27 ნოემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 10 იანვარს ს. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიმართ.
M მოსარჩელემ „ს. კ-ის გათავისუფლების შესახებ“ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის 2013 წლის 13 დეკემბრის №198 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსთვის მისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება გ. თ-ი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ს. კ-ის გათავისუფლების შესახებ“ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის 2013 წლის 13 დეკემბრის №198 ბრძანება; მოპასუხეს – აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე ს. კ-ის აღდგენის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; მოპასუხეს – აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს დაეკისრა ს. კ-ისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ს. კ-ის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, კერძოდ, „დაევალოს მოპასუხეს – აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. კ-ის აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე“ და მე-4 პუნქტი – „დაეკისროს მოპასუხეს – აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს აუნაზღაუროს ს. კ-ეს განაცდური ხელფასი სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით“, – მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით დადგინდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა; ხოლო აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ამასთან, აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებაზე წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივნისის განჩინებით აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს სააპელაციო და კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ ამავე სასამართლოს 25 მარტის განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე