Facebook Twitter

#ბს-549-536(კ-14) 27 ნოემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 31 ოქტომბერს შპს „…“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 აგვისტოს #882009237462-06 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 28 სექტემბრის #1539 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შპს „…“ 2012 წლის 6 ივნისის განცხადების დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებით შპს „…“ სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად - ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 აგვისტოს #882009237462 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე შპს „…“ სასარჩელო მოთხოვნაზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „…“, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით შპს „…“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2013 წლის 29 ოქტომბერს შპს „…“დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეებად მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო მესამე პირებად დაასახელა აჭარის ა/რ მთავრობა და ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველო.

მოსარჩელემ მოითხოვა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 22 აგვისტოს #882012255645-10 გადაწყვეტილების ბათლად ცნობა; 2009 წლის 27 აგვისტოს #882009237462-06 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 28 სექტემბრის #1539 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შპს „…“ 2012 წლის 6 ივნისის განცხადების დაკმაყოფილება; ასევე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 7 ივლისის #444 ბრძანების ბათილად ცნობა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 16 დეკემბრის #804 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 7 აგვისტოს #01-22/2496 მიმართვა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 აგვისტოს #882009237462-06 გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, კერძოდ, შპს „…“ საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, … ქ. 5ა-ში მდებარე უძრავი ქონების 450 კვ.მ.-ით გადაფარვის ნაწილში და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ივნისის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე