საქმე #ბს-662-637(კ-13) 20 ნოემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი - ა. ვარდიძე.
კასატორი (მოსარჩელე) - ო. ტ-ი, წარმომადგენელი გ. ტ-ი (05.12.2012წ. =121296901 რწმუნებულება).
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი ი. უ-ა (09.01.2013წ. =1/8 მინდობილობა, 19.09.2014წ. =MOD01400613650 მინდობილბა).
დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2013წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. ტ-მა 11.12.12წ. სარჩელი აღძრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება შეასრულოს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულება ბინით დაკმაყოფილების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას და სამინისტროს შორის 06.07.07წ. დაიდო ხელშეკრულება (კონტრაქტი) 5 წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. კონტრაქტის პირობების შესაბამისად სამინისტრო ვალდებული იყო კონტრაქტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე საცხოვრებელი ბინით, რომელიც გადმოეცემოდა მას საკუთრებაში კონტრაქტის ვადის დამთავრების შემდეგ. მოსარჩელეს უარი ეთქვა კონტრაქტის გაგრძელებაზე ფიზიკური მომზადების ტესტების ჩაუბარებლობის გამო. კონტრაქტის მოქმედების ვადის ამოწურვის მიუხედავად სამინისტრომ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ბინით. 08.08.12წ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სამინისტროს, რომლითაც მოითხოვა საკონტრაქტო ვალდებულების შესრულება. სამინისტროს პასუხი განცხადებაზე არ გაუცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.08.13წ. გადაწყვეტილებით ო. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს ტერმინებს „სამხედრო მოსამსახურე“ და „სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირი“. ამით კანონმდებელი ხაზს უსვამს მათ მიმართ განსხვავებულ მიდგომას. კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულია უფლება საცხოვრებელ ბინაზე, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს სახელმწიფო. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურის დაწყებისთანავე დადგენილი ნორმითა და წესით, შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გადაცემული საბინაო ფონდიდან ეძლევა სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელი ბინა. სასამართლომ მიუთითა, რომ ამ ნორმის დანაწესში საუბარია მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეზე და არა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირზე. თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლი ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის ბინით დაკმაყოფილებას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ხოლო საკუთრებაში გადასცემს მხოლოდ კონტრაქტის სრული ვადის გასვლის შემდეგ. ვინაიდან მოსარჩელე მოპასუხისაგან ვალდებულების შესრულებას ითხოვს კონტრაქტის ვადის გასვლის შემდგომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების თაობაზე, რადგან აღნიშნული წესი მოქმედებს კონტრაქტის მოქმედების პერიოდში და არა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ო. ტ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.10.13წ. განჩინებით ო. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უსაფუძვლოა ო. ტ-ის მოთხოვნა, რადგან ხელშეკრულების მე-5 მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს კონტრაქტის მოქმედების პერიოდში და არა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ხოლო ო. ტ-ი ხელშეკრულების შესრულებას ითხოვს კონტრაქტის ვადის გასვლის შემდგომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.10.13წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ო. ტ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი. კასატორმა მიუთითა, რომ არასწორად ხდება სამხედრო დანიშნულების ბინების გაიგივება საკონტრაქტო ბინებთან, ვინაიდან კონტრაქტი არის მხარეთა თანასწორობის საფუძველზე დამყარებული, სამხედრო სამსახურის თავისებურებების გათვალისწინებით დადებული, სამოქალაქო ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებით გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კანონმდებლობა. ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შეუსრულებლობა არ ათავისუფლებს მხარეს ამ ვალდებულების შესრულებისაგან, თუ კრედიტორს არ დაუკარგავს ინტერესი შესრულებისადმი. ო. ტ-ს არ დაურღვევია კონტრაქტის პირობები. იგი იმედოვნებდა კონტრაქტის ვადის გაგრძელებას, რის გამოც კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე არ მიმართა სამინისტროს ბინის გადაცემის მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ო. ტ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 06.07.07წ. დაიდო ხელშეკრულება (კონტრაქტი) 5 წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ . კონტრაქტის 5.1.9 პუნქტის თანახმად, სამინისტრომ იკისრა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე სამხედრო მოსამსახურის არაუმეტეს 40 კვ.მ. საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება. ბინა ო.ტ-ს უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით უნდა გადასცემოდა ამ კონტრაქტის 3.1 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ. საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს №16107 სამხედრო ნაწილის მეთაურის 17.07.12წ. № 146 ბრძანებით დასტურდება, რომ ო. ტ-ი ყველა სახის კმაყოფიდან მოიხსნა კონტრაქტის ვადის დასრულების გამო. 08.08.12წ. ო. ტ-მა განცხადებით მიმართა თავდაცვის სამინისტროს ბინით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებაზე რეაგირება არ მოუხდენია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ო.ტ-ს შორის დადებული 06.07.07წ. ხელშეკრულება სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ამდენად, დავის საგანს შეადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება. სზაკ-ის 65.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. სკ-ის 317.1 მუხლის მიხედვით ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) და კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლებიდან. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა გამოვლენილი ნების შედეგად დაიდო 06.07.07წ. ხელშეკრულება, რომელიც ხელშემკვრელი მხარეთათვის არის შესაბამისი უფლება-მოვალეობების წარმომშობი. ვალდებულება თავისი შინაარსით ორ ძირითად ელემენტს აერთიანებს: ერთი მხრივ, ვალდებულების ძალით კრედიტორს აქვს უფლება კონტრაჰენტისგან მოითხოვოს შესრულება (სკ-ის 316-ე მუხ.), ხოლო მეორე მხრივ - მოვალე ვალდებულია ვალდებულება შეასრულოს კეთლსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას (სკ-ის 361.2 მუხ.). ვალდებულების დანიშნულება არ ამოიწურება მხარეთათვის გარკვეული უფლებების მინიჭებითა და ვალდებულებების დაკისრებით, ვალდებულების რეალიზაცია სამართლებრივი დაცვით არის გარანტირებული. კრედიტორს უფლება აქვს არა მხოლოდ მოსთხოვოს მოვალეს შესრულება, არამედ უფლებამოსილია ამ შესრულების უზრუნველსაყოფად მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს იძულებითი აღსრულება. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ორმხრივი ხელშეკრულება, კონტრაქტის ორივე მხარე იყო უფლებებითა და მოვალეობებით აღჭურვილი, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურე ო.ტ-მა იკისრა ვალდებულება განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამხედრო სამსახურში (კონტრაქტის 1.1 მუხ.), რასაც შეესაბამებოდა თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დაეკმაყოფილებინა სამხედრო მოსამსახურე არაუმეტეს 40 კვ.მ. ფართის მქონე საცხოვრებელი ბინით, რომელიც მოსამსახურეს საკუთებაში გადაეცემოდა სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ (კონტრაქტის 5.1.9 მუხ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების არსი მის შესრულებაშია, ხოლო შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით. ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით განსაზღვრული ქმედების ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით შესრულებას ნიშნავს, ხოლო ხელშეკრულების დარღვევა შესრულების, როგორც შედეგის არარსებობას მოიაზრებს. ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, შესრულების ტვირთი მთლიანად მოვალეს ეკისრება, თუმცა ეს არ გამორიცხავს კრედიტორის მხრიდან გარკვეული ქმედების განხორციელების აუცილებლობას, რაც წინ უნდა უსწრებდეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებას. განსახილველ შემთხვევაში მოსამსახურისათვის ბინის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება თავდაცვის სამინისტროს წარმოეშობოდა ო.ტ-ის მიერ სამხედრო სამსახურის კეთილსინდისიერად, განსაზღვრული პირობების შესაბამისად გავლის შემთხვევაში. საქმეზე დადგენილია და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელიც ადასტურებს, რომ კასატორის მიერ მხარეთა შორის დადებული კონტრაქტის პირობები პირნათლად შესრულდა. ამ მოვალეობის შესრულება კონტრაქტის თანახმად იწვევს სამინისტროს საპასუხო ვალდებულების შესრულებას. მოვალის - თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება შეესაბამება კრედიტორის - ო.ტ-ის მოთხოვნას, რომელსაც 317-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი აქვს. თუ მოვალე ნებაყოფლობით არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მოთხოვნა ექვემდებარება სასამართლო წესით დაკმაყოფილებას.
მხარეთა შორის დადებული 06.07.07წ. კონტრაქტის 5.1.9 პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელშემკვრელმა მხარემ - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების - სამხედრო მოსამსახურისთვის საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულების შესრულება დაყო ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინა უნდა გადასცემოდა ფაქტობრივ მფლობელობაში სარგებლობის უფლებით ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, ხოლო მეორე ეტაპზე - საკუთრებაში. უდავოა, რომ მოპასუხე მხარემ არ შეასრულა ხსენებული ვალდებულების არცერთი სეგმენტი, ო. ტ-ისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემამდე თავდაცვის სამინისტრომ არ უზრუნველეყო ბინის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა, ხოლო შემდგომში, - ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ბინის საკუთრებაში გადაცემა. ამდენად, არც ერთი ვალდებულების შესრულებას ადგილი არ ჰქონია, რაც ადასტურებს, რომ სახეზეა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, შეუსრულებლობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ვალდებულებას არ უარყოფს სამხედრო მოსამსახურის და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს შორის სამართლებრივი მდგომარეობის სხვაობა. სააპელაციო პალატის მიერ ამ ასპექტზე ყურადღების გამახვილება არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს, კრედიტორის მოთხოვნის საპასუხოდ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შედეგებს, ასეთ შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნის საპასუხოდ მოვალემ უნდა შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხოლოდ ის გარემოება, რომ ო. ტ-ს ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო არ გააჩნია სამხედრო მოსამსახურის სტატუსი, გავლენას ვერ ახდენს დავის გადაწყვეტის შედეგზე, რადგან უდავოა, რომ ო. ტ-მა პირნათალად შეასრულა მასზე კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობები და შესაბამისად მან, როგორც კრედიტორმა უნდა მიიღოს მხარეთა მიერ შეთანხმებული, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ო.ტ-ისათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა არ ნიშნავს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულების გაუქმებას. კანონი არ იცნობს ერთი ვალდებულების დარღვევის გამო ამავე მოვალის მიერ ნაკისრი სხვა, თანმდევი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას. თავდაცვის სამინისტროს მიერ არ შესრულებულა კონტრაქტის ვადის დასრულებამდე ო. ტ-ისათვის 1 წლით ადრე ბინის სარგებლობაში გადაცემის, ხოლო დასრულების შემდეგ ბინის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულება არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს ვალდებულება, რომლის შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს შესაბამის პირს (კრედიტორს). ხელშეკრულების ვადის გასვლით სრულდება ხელშეკრულება, მაგრამ არა ვალდებლებითი ურთიერთობა, რომლის დასრულებას იწვევს ჯეროვანი შესრულება, შეთანხმებული შედეგის დადგომა და სხვ.. სამინისტროს ვალდებულება გამომდინარეობს კონტრაჰენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების პირნათლად შესრულებისაგან. ო.ტ-ის მიერ ვალდებულების სათანადო შესრულება დავას არ იწვევს, მოპასუხის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ კონტრაქტორი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან კონტრაქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვის გამო, რაც ქმნის სამინისტროს მიერ ვალდებულების შესრულების საფუძველს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია დააკმაყოფილოს ო. ტ-ი საცხოვრებელი ბინით არაუმეტეს 40 კვ.მ.-ისა, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ო. ტ-ს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე, ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ო. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2013წ. განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ო. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ო. ტ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 06.07.07წ. დადებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება - ო. ტ-ისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე