ბს-672-658(კ-14) 28 ნოემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ზ. მ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი _ მ. ჯ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინება
განხილვის საგანი _ სარჩელზე უარი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 13 ნოემბერს ზ. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 2 ოქტომბრის №224 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, ასევე, დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის თემში მდებარე სახელმწიფო საკუთრების 1999 წლიდან თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 7833 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და განაშენიანების 321.3 კვ.მ. ფართზე ზ. მ-ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს ზ. მ-ამ სასარჩელო მოთხოვნისა და მისი სამართლებრივი საფუძვლების დაზუსტების - გაზრდის შესახებ განცხადებით მიმართა და მოითხოვა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2013 წლის 2 ოქტომბრის №24 ოქმისა და ამავე თარიღის №224 გადაწყვეტილების ზ. მ-ას ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე, დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის თემში მდებარე სახელმწიფო საკუთრების 1999 წლიდან თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 7833 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და განაშენიანების 321.3 კვ.მ. ფართზე ზ. მ-ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ჯ-ა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინებით ზ. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, ზ. მ-ას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნებს, საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა გადაწყვეტილების გაუქმების კანონისმიერ საფუძვლებზე მითითებას, არ იქნა განსაზღვრული, თუ რომელი კანონი არ გამოიყენა ან არასწორად განმარტა სასამართლომ. საკასაციო სასამართლომ კასატორს განუმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება. ზ. მ-ას საკასაციო საჩივრის შემტხვევაში გაუკვეველი იყო საკასაციო საჩივარი ემყარებოდა საპროცესო თუ მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევას. შესაბამისად, კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სრულყოფილი საკასაციო საჩივრის სასამართლოში წარმოდგენა.
ზ. მ-ამ 2014 წლის 11 ნოემბერს, 21 ნოემბერს, ხოლო 26 ნოემბერს სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაზუსტებული განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. კასატორმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის დადგენილი წესის შესაბამისად, უარი თქვა სარჩელზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. განმცხადებელმა განმარტა, რომ გაცნობიერებული აქვს შესაბამისი საპროცესო უფლება-მოვალეობანი და თანამდევი სამართლებრივი შედეგები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო მოსარჩელე ზ. მ-ას შუამდგომლობას სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზ. მ-ამ სარჩელზე უარის თქმით მოახდინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა. ამასთან, იურიდიული (ფიზიკური) პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას და არ ამოწმებს სარჩელზე უარის თქმის კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლი არის სპეციალური ნორმა, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მთავარ სხდომაზე და მთავარ სხდომამდე საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში ბაჟის ოდენობის განსაზღვრის საკითხს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ზ. მ-ამ სარჩელზე უარი თქვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პირობების შემოწმებამდე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზ. მ-ას სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზ. მ-ას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. მ-ას შუამდგომლობა სარჩელზე უარი თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე ზ. მ-ასა და მოპასუხეს - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიასა და მესამე პირს - მ. ჯ-ას შორის დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინება;
4. ზ. მ-ას დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 18 აგვისტოს ზ. მ-ას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;
5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე