საქმე ¹ბს-371-367(კს-14) 18 ნოემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე;
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ მ. ა-ა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ა(ა)იპ ,,...“; წარმომადგენლები - ა. ბ-ი და ნ. კ-ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი“;
წარმომადგენლები - მ. პ-ა და ს. გ-ა;
მესამე პირები - მ. მ-ი; პ. კ-ე და ო. ა-ა;
დავის საგანი _ მესამე პირად ჩაბმის კანონიერება;
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის საოქმო განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 21 მარტს ა(ა)იპ ,,...“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ა(ა)იპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაევალოს, გასცეს საჯარო ინფორმაცია, კერძოდ: სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის კონკურსანტის ანკეტა, პერსონალური მონაცემების - მისამართის, ტელეფონის, ელ. ფოსტის გარდა, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის კონკურსანტის სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მეცნიერების შესაბამისი დარგის სწავლებისა და კვლევის ხედვა ან სამოტივაციო წერილი, ასევე 2013 წლის იანვარში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული აკადემიური პერსონალის კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემთა შესაბამისობა შეფასების კრიტერიუმებთან დადგენილი საკონკურსო კომისიების მიერ, საკონკურსო კომისიების კენჭისყრის შედეგები, რომლის შესაბამისადაც განხორციელდა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის თანამდებობებზე დანიშვნა.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ დაეკისროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო მორალური ზიანის 3333 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის გადახდა (იხ. ტ. 1; ს.ფ. 1-10).
მოსარჩელის მითითებით, ,,...“ არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, ხელი შეუწყოს სამართლიანი, ეფექტიანი რეფორმების შემუშავებასა და გატარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, განათლებასა და მეცნიერებაში, საქართველოს მეცნიერთა და განათლების მუშაკთა პროფესიული ინტერესების დაცვასა და მხარდაჭერას, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხილვას, წარმოებას და მხარდაჭერას. სამართლიანი კონკურსების, ტესტირების, არჩევნების დანერგვასა და ჩატარებას, რისთვისაც იგი ატარებს განათლებასა და მეცნიერებაში განხორციელებული რეფორმებისა და მათი მიმდინარეობის მონიტორინგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, სსიპ ,,...“ 2013 წლის 29 იანვარს განცხადებით მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მოითხოვა 2013 წლის იანვარში ჩატარებული, აკადემიური პერსონალის არჩევასთან დაკავშირებული კონკურსის თაობაზე, საჯარო ინფორმაციის გაცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის საფუძველზე. რაზეც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღეს უარი იმ მოტივით, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგისტრირებულია არა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არამედ როგორც ა(ა)იპ და მასზე არ ვრცელდება არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.
მოსარჩელის აზრით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი ნორმები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 დეკემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე - ა(ა)იპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სსიპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (იხ. ტ. 1; ს.ფ. 182-203).
მოპასუხე ა(ა)იპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებმა - ს. გ-ამ და მ. გ-ამ წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს (იხ. ტ. 1; სფ. 64-74).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ,,...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ დაევალა ა(ა)იპ ,,სამართლიან, ეფექტიან რეფორმებს“ მიაწოდოს შემდეგი საჯარო ინფორმაცია: სსიპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტის ანკეტა, გარდა კონკურსანტის მამის სახელის, დაბადების თარიღის, მოქალაქეობისა და ბოლო სამსახურებრივი პოზიციის შესახებ ანკეტური მონაცემებისა; სსიპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სრული ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტის სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მეცნიერების შესაბამისი დარგის სწავლებისა და კვლევის ხედვა, ან სამოტივაციო წერილი; 2013 წლის იანვარში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსის საკონკურსო კომისიების კენჭისყრის შედეგები, რომლის შესაბამისადაც უნივერსიტეტში განხორციელდა აკადემიური პერსონალის თანამდებობებზე დანიშვნა; სსიპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ დაეკისრა ა(ა)იპ ,,...ს“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯიდან 50 ლარის გადახდა; ა(ა)იპ ,,...ს“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 1; ს.ფ. 279-289).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 44-ე მუხლებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ. 1; ს.ფ. 301-317).
მოსარჩელეს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
2014 წლის 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართეს სსიპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სამართლის დოქტორმა, პროფესორმა მ. მ-მა, სამართლის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა პ. კ-ემ, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მ. ა-ამ და ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ო. ა-ამ და მოითხოვეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩართვა იმ მოტივით, რომ საქმე ეხება მათ შესახებ ინფორმაციას (იხ. ტ. 2; ს.ფ. 34).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის სასამართლო სდომაზე მ. მ-მა, პ. კ-ემ და ო. ა-ამ იშუამდგომლეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩართვა (იხ. ტ. 2; ს.ფ. 39-46) .
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებით მ. მ-ის, პ. კ-ისა და ო. ა-ას შუამდგომლობა საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩაბმის თაობაზე დაკმაყოფილდა; მ. მ-ი, პ. კ-ე და ო. ა-ა საქმეში ჩაბმულ იქნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, ხოლო მ. ა-ას შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა; მ. ა-ა საქმეში ჩაბმული იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე (იხ. ტ.2; ს.ფ. 50).
აღნიშნული საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ა-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმა იმ მოტივით, რომ ის არის სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე, რადგან მოსარჩელე სსიპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ ითხოვს აკადემიურ თანამდებობებზე ჩატარებული კონკურსის საკონკურსო დოკუმენტაციას, მათ შორის, მის საკონკურსო დოკუმენტაციასაც, რომელიც წარუდგინა საკონკურსო კომისიას და წარმოადგენს მის პირად და პროფესიულ საიდუმლოებას. ამ დოკუმენტაციის ნაწილზე, კერძოდ: ,,სწავლების და კვლევის ხედვაზე“ (კონცეფცია) ვრცელდება მისი საავტორო უფლებებიც. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სარჩელის მოთხოვნა ქმედების განხორციელების თაობაზე დაარღვევს მის აღნიშნულ უფლებებს, რომლებიც განსხვავებულია მოსარჩელის ან მოპასუხის უფლებებისა და ინტერესებისაგან. მისთვის კონსტიტუციით და ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებადაცვითი აქტებით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი არის სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, რომელიც თავის მხრივ, აუცილებლად მოიცავს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებასაც, რისი განხორციელების შესაძლებლობას დამოუკიდებლად მოკლებული იქნება საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 ნაწილით ჩაბმის შემთხვევაში.
კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი ივარაუდოს, რომ მოსარჩელის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია მისსა და მისი კოლეგების შესახებ შესაძლოა მოხვდეს ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის სპეცსამსახურების ხელში, ქართველ მეცნიერთა შესახებ სრულყოფილი კარტოთეკის შესაქმნელად და გამოყენებულ იქნეს უკანონო მანიპულაციებისათვის. აღნიშნული პერსპექტივის შესაძლებლობას იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც მისთვის, ისე სსიპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ჩატარებული კონკურსის ყველა მონაწილესათვის და საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში ჩატარებული თუ ჩასატარებელი თითოეული კონკურსის მონაწილისათვის, ანუ ქვეყნის მთელი სამეცნიერო კორპუსისათვის (იხ. ტ. 2; ს.ფ. 116-118).
კერძო საჩივარზე მხარეებს და მესამე პირებს წერილობითი შეპასუხება არ წარმოუდგენიათ.
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის - ა(ა)იპ ,,სამართლიანი რეფორმების“ წარმომადგენლები - ა. ბ-ი და ნ. კ-ე არ დაეთანხმნენ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას საქმეში მესამე პირად სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმის თაობაზე.
მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ ,,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წარმომადგენელმა - მ. პ-ამ მხარი დაუჭირა კერძო საჩივრის მოთხოვნას (იხ. ტ. 2; ს.ფ. 177-185).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის, მისი ზეპირი განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიიჩნევს, რომ მ. ა-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის საოქმო განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, Oოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნია, როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.
მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც აძლევს მესამე პირებს დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში.
მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება იმაშია, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა კი ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. სასკ-ის 16.1 მუხლის სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, 16.2 მუხლის კი აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმული მესამე პირები უფრო შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ, ვიდრე სავალდებულო ფორმით ჩაბმული მესამე პირები.
ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სავალდებულო ჩაბმის ფორმა სახეზეა, თუ მესამე პირი იმ სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესები, ხოლო რაც შეეხება აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობებიც შეიძლება განისაზღვროს.
სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩაბმული მესამე პირი არ არის უფლებამოსილი გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ სახის მესამე პირის იურიდიულ ინტერესებს სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს პოტენციურად, სავარაუდოდ. ამდენად, კანონმდებელი პროცესის ამ მონაწილეს, განსხვავებით მე-16 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირისა, არ აღჭურავს უფლებამოსილებით სადავო გახადოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მესამე პირთა ასეთ დიფერენციაციას განაპირობებს ის გარემოება, რომ სავალდებულო მოწვევის მესამე პირის (16.2 მუხლი) საქმეში ჩაბმა იმპერატიულად არის რეგლამენტირებული ანუ პირი იმ სამართალურთიერთობის სუბიექტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანის არეალში.
შესაბამისად, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმა სახეზეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მესამე პირთა ინტერესს შეეხოს. ე.ი. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამ ზემოქმედება მოახდინოს იმ პირთა სამართლებრივ ინტერესზე. ამ დროს საქმე ეხება მხოლოდ სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედებას და არა რაიმე უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრას სასამართლოს გადაწყვეტილებით. რაც შეეხება ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სავალდებულო ჩაბმას, აქ სახეზეა მესამე პირთა არამხოლოდ სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება სასამართლოს გადაწყვეტილებით, არამედ მათთვის გარკვეული სამართლებრივი უფლებებისა და მოვალეობების დაკისრება. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება მესამე პირთა უფლება-მოვალეობანიც და არა მარტო მათი სამართლებრივი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.5. მუხლის მიხედვით აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.
მოცემულ საქმეში სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სარჩელის სახით - მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალება. მოთხოვნის საგანს წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება.
მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, რომელიც დაცულია მოპასუხესთან, მოიცავს: სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის კონკურსანტის ანკეტა, პერსონალური მონაცემების - მისამართის, ტელეფონის, ელ. ფოსტის გარდა. სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის კონკურსანტის სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, მეცნიერების შესაბამისი დარგის სწავლებისა და კვლევის ხედვა ან სამოტივაციო წერილი, ასევე 2013 წლის იანვარში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული აკადემიური პერსონალის კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემთა შესაბამისობა შეფასების კრიტერიუმებთან დადგენილი საკონკურსო კომისიების მიერ, საკონკურსო კომისიების კენჭისყრის შედეგები, რომლის შესაბამისადაც განხორციელდა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის თანამდებობებზე დანიშვნა.
სააპელაციო სასამართლომ მ. ა-ა მიიჩნია ასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით, ანუ არასავალდებულო წესით საქმეში მოსაწვევ მესამე პირად, რომელზეც შემოტანილი კერძო საჩივრით მ. ა-ას მიაჩნია, რომ იგი საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირად უნდა ყოფილიყო მოწვეული, რამდენადაც მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია წარმოადგენს მის პესონალურ და პროფესიულ საიდუმლოებას. ამ დოკუმენტაციის ნაწილზე, კერძოდ: ,,სწავლების და კვლევის ხედვაზე“ (კონცეფცია) ვრცელდება მისი საავტორო უფლებებიც.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით არ იზიარებს კერძო საჩივრის მოტივებს, გასაჩივრებული განჩინება მიაჩნია კანონშესაბამისად და თვლის, რომ მ. ა-ა არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს, შესაბამისად, არ არსებობს მისი სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში სავალდებულო მესამე პირად ჩაბმის მატერიალური და პროცესუალური წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში პირის პროცესუალური უფლებების უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია მის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების არსებობის ფაქტთან. პირს მესამე პირის პროცესუალური ინსტიტუტი აძლევს შესაძლებლობას, საპროცესო უფლებების გამოყენების გზით უზრუნველყოს მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა.
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონიერების შეფასებისას სასამართლო სწავლობს უარის კანონიერებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. საჯარო დაწესებულების უარი როცა ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია განეკუთვნება სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს და მისი თანხმობის გარეშე იგი ხელმისაწვდომი ვერ გახდება, სასამართლო აფასებს, რამდენად ობიექტურად არის მიჩნეული სადავო დოკუმენტაცია სხვა პირის პერსონალურ მონაცემად, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს მოპასუხის უარის საფუძველს და მიიჩნევს მას კანონიერად, ამ პირის უფლებები თავისთავად დაცულია, რამდენადაც ეს ინფორმაცია არ ხდება ხელმისაწვდომი. იმ ვითარებაში, როცა სასამართლო დაადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობას, ამგვარი სამართლებრივი შეფასება შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენას, რომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ განეკუთვნება სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს, შესაბამისად, მისი თანხმობის მიღების სავალდებულო პირობა ქარწყლდება, რის გამოც პროცესუალური თვალსაზრისით არ არსებობს სუბიექტი, რომლის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად, პროცესუალური უფლებების რეალიზების მეშვეობით უნდა განხორციელდეს.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიიჩნევს, რომ სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში სავალდებულო მესამე პირად ჩაბმის ინსტიტუტი გამოიყენება იმ სამართლებრივ ურთიერთობებში, სადაც არა სავარაუდოდ, არამედ რეალურად დადგენილია, რომ იგი სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეა, რაც გულისხმობს, რომ ამ სამართალურთიერთობაში ხდება მისი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, რის გამოც მხარეებს შორის არსებული დავა უშუალოდ ზემოქმედებს მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე, რომელთა დაცვა, რეალიზება, შელახვის პრევენცია პირისავე უფლებას წარმოადგენს. მაგ.: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სასამართლო წესით გაასაჩივრა პირმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ აქტით შეილახა მისი უფლებები. აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატი ანუ პირი, რომელიც რაიმე სიკეთეს ან სარგებელს იღებს ამ აქტით, უსათუოდ უნდა იყოს ჩაბმული საქმეში სავალდებულო მესამე პირად, რამდენადაც სადავო აქტით უშუალოდ მისი უფლებაა განსაზღვრული და ამ აქტის კანონიერება/უკანონობის შეფასება შესაბამისი გადაწყვეტილების დადგენისას პირდაპირ ზემოქმედებს მის უფლებებზე, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გადაწყვეტილებით დადგენილი რეზულტატის მიხედვით, ან იარსებებს, ან მოისპობა, ან შეიზღუდება.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში სავალდებულო მესამე პირად ჩაბმის ინსტიტუტის მიზანს სწორედ ასეთი პირის, სადავო სამართალურთიერთობის მონაწილის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც შესაბამისი საპროცესო უფლებების რეალიზაციის მეშვეობით უნდა განხორციელდეს.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიიჩნევს, რომ განსახილველ სამართალურთიერთობაში კერძო საჩივრის ავტორის მ. ა-ას უფლება, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ჰიპოთეტურ ხასიათს ატარებს, რამდენადაც საქმის განხილვის მომზადების სტადიაზე შეუძლებელია იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია წარმოადგენს თუ არა მის პერსონალურ მონაცემებს, ამდენად, მოცემულ სტადიაზე იგი ატარებს სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირის ნიშანს, ანუ იმ პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფილია სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 257-ე, 372-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე