№ბს-442-437 (კს-14) 11 ნოემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი ( მოსარჩელე)_ ნ. ჟ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ.თბილისის მერია
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 8 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. ჟ-მა მოპასუხეების ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 2 აპრილის N000158 და 2013 წლის 28 ივნისის N000238/ს დადგენილებებისა და ქალაქ თბილისის მერიის 2013 წლის 26 სექტემბრის N2099 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ჟ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნ. ჟ-მა გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინებით ნ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასკ-ის 1.2-ე, მე-12 და სსკ-ის 59-ე, მე-60, 61-ე, 70-ე და 369-ე მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი, საქმეში არსებული შეტყობინების მიხედვით აღნიშნული გადაწყვეტილება ჩაიბარა ს. ბ-მა 2014 წლის 23 მაისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი ნ. ჟ-ის წარმომადგენლის ს. ბ-ის მიერ წარდგენილი იქნა 2014 წლის 9 ივნისს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა 2014 წლის 23 მიასს, გასაჩივრების ვადა დაიწყო 2014 წლის 24 მაისს, რომელიც დასრულდა 2014 წლის 6 ივნისს, 24 საათზე, ხოლო, სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაზე, ნ. ჟ-ის წარმომადგენლის ს. ბ-ის მიერ შეტანილი იქნა 2014 წლის 9 ივნისს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ გაშვებულია სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (თოთხმეტი დღე), რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება, რის გამოც ნ. ჟ-ის წარმომადგენლის ს. ბ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჟ-ის წარმომადგენელმა ს. ბ-მა, რომელმაც კერძო საჩივარში აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენა მის მიერ განხორციელდა იმ საფუძვლით, რომ 2014 წლის 6 ივნისს დღის საათებში იგი შეუძლოდ გახდა, შეეზღუდა გადაადგილების შესაძლებლობა, რაც დასტურდება კერძო საჩივარზე წარმოდგენილი ცნობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ჟ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 369.1 თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც სსსკ-ის 369.1 მუხლი სწორედ მითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.
სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე ნაწილის მეორე წინადადებით უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სრულყოფილად არის დაცული. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი კი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს, რაც ასევე უზრუნველყოფილ იქნა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ჟ-ის წარმომადგენელს ს. ბ-ს ჩაბარდა, კანონის მოთხოვნების დაცვით, პირადად 2014 წლის 23 მაისს (იხ. ს.ფ 251), შესაბამისად, სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2014 წლის 6 ივნისს, სააპელაციო საჩივარი კი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2014 წლის 9 ივნისს (იხ. ს.ფ 252).
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო სამართლის ნორმების შესაბამისად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა შეიძლება იყოს ორი სახის: კანონისმიერი და სასამართლოს მიერ განსაზღვრული. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა, მაგრამ სსსკ-ის 59.4 მუხლი იმპერატიულად ადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაგრძელების და აღდგენის დაუშვებლობას, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა წარმოადგენს სწორედ ამგვარ კანონით დადგენილ იმპერატიულ ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა არ ხდება.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ანიჭებს სასამართლოს საპროცესო უფლებამოსილებას საპატიოდ ცნოს და აღადგინოს გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა და არ ითვალისწინებს აღნიშნული დათქმიდან გამონსკლისს არანაირი გარემოების არსებობის პირობებში, რის გამოც საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს ავადმყოფობის გამო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გადაცილების საპატიოდ ცნობისა და მისი აღდგენის შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ჟ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნათელა ჟღენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე