საქმე №ბს-513-500(კს-14) 20 ნოემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ნ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - გადაწყვეტილების განმარტება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 1 ნოემბერს მოსარჩელე ნ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელე თავის სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ 1975 წლიდან მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მფრინავად სხვადასხვა ტიპის ავია ხომალდებზე, სადაც მისი საერთო ნაფრენი შეადგენდა 11987 საათს.
მოსარჩელის განმარტებით, იგი დანიშნული იყო სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მთავარ ინჟინრად, შემდგომ ... თანამდებობაზე, საიდანაც 2006 წლის 1 ივნისიდან განთავისუფლდა ადმინისტრაციის რეორგანიზაციის გამო. 2006 წლის 17 ივლისს საქართველოს ნ. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამედიცინო-კვლევითი ინსტიტუტის პროფ. დაავადებათა დამდგენმა კომისიამ მოსარჩელეს დაუდგინა პროფესიული ხასიათის სმენის დაქვეითება, ასევე შრომითი შესაძლებლობების შეზღუდვა ზომიერად გამოხატული, პროფესიული დაავადებების მიზეზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების და 2002 წლის 26 თებერვლის №872 განკარგულების საფუძველზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრეს უნდა დაკისრებოდა მისთვის ყოველთვიურად ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2934 ლარის ოდენობით, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა თავის სასარჩელო განცხადებას და დამატებით განმარტა, რომ რომ მის მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა უნდა გაყოფილიყო სამზე და გაყოფის შედეგად მიღებული თანხა 978 ლარის ყოველთვიურად ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2006 წლის 31 ოქტომბრიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის 9780 ლარის ოდენობით; ნ. ბ-ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის 2007 წლის 1 სექტემბრის შემდგომ ყოველთვიურად სარჩოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.
2009 წლის 7 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. ბ-მა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინებით ნ. ბ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
2014 წლის 29 მაისს ნ. ბ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა განმარტება იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული თანხა - 9780 ლარი შეადგენდა 10 თვის სარჩოს ჯამს, ხოლო ყოველთვიური სარჩოს ოდენობა შეადგენდა 978 ლარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის განჩინებით ნ. ბ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება განიმარტება მისი აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილების მიზნით, რაც მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ არ არის დასაბუთბული.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთბოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანობა და შესაბამისად, არ არსებობდა მისი აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოება. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის დებულებები შეესაბამებოდა მის სამოტივაციო ნაწილში დადგენილ გარემოებებს, სასამართლოს მოსაზრებებსა და სასამართლოს დასკვნას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმგვარი განმარტება, რასაც ითხოვს განმცხადებელი, გამოიწვევს მისი შინაარსის შეცვლას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ბ-ის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ საფუძველზე ყოველთვიური სარჩოს გადახდით ზიანის ანაზღაურების შესახებ და მითითებული გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2006 წლის 31 ოქტომბრიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის - 9780 ლარის ოდენობით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2014 წლის 29 მაისს ნ. ბ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით. კერძოდ, განმცხადებელმა მოითხოვა მისთვის ასანაზღაურებელი ყოველთვიურად გასაცემი სარჩოს ოდენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების განმარტება, რამდენადაც გადაწყვეტილებაში მითითებული იყო მხოლოდ 2006 წლის 31 ოქტომბრიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე სრული პერიოდისათვის გასაცემი თანხის ოდენობა. განმცხადებელი გადაწყვეტილების განმარტებას ითხოვდა იმ მიზნით, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესით“ გათვალისწინებული დახმარების მისაღებად მან მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს. დახმარების გასაცემად მითითებული წესის მოთხოვნის შესაბამისად, აუცილებელი იყო ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის დადგენა, რამდენადაც იმ პირებისათვის, რომლებსაც სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მუშაობისას დაუდგინდათ პროფესიული დაავადება და დანიშნული სარჩოს მიღება შეწყვეტილი ჰქონდათ 2007 წლის 1 სექტემბრიდან, გასაცემი დახმარება განისაზღვრებოდა სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სარჩოს ოდენობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საჭიროებდა განმარტებას ყოველთვიურად გასაცემი სარჩოს ოდენობასთან დაკავშირებით, რამდენადაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავდა ზოგად მითითებას ასანაზღაურებელი სარჩოს - 9780 ლარის შესახებ, თუმცა ყოველთვიურად გასაცემელის ოდენობა არ იყო დაკონკრეტებული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესით“ გათვალისწინებულ იქნა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების მიზნით პირის ფულადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა. აღნიშნული წესის მე-5 მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, დახმარება შესაძლოა დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მუშაობისას დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ან შრომითი მოვალეობის შესრულებისას დამსაქმებლის ბრალეულობით მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და კანონით დადგენილი წესით დანიშნული სარჩოს მიღება შეუწყდა 2007 წლის 17 აგვისტოდან და 1 სექტემბრიდან (საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მომენტიდან) „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით, მათ შორის, სასამართლოს მიერ ამავე დადგენილებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ პუნქტის თანახმად, თუ მე-5 მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის სასამართლო გადაწყვეტილებით ვერ დგინდება ყოველთვიური გასაცემლის ოდენობა, დახმარების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო მასალებში დაცული დოკუმენტაციით/ცნობით ყოველთვიური გასაცემლის შესახებ.
ამდენად, მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული დახმარების ოდენობის განსაზღვრა უკავშირდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ყოველთვიური სარჩოს ოდენობის დადგენის ფაქტს. იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლომ ნ. ბ-ის მიმართ განიხილა ყოველთვიური სარჩოს გადახდით ზიანის ანაზღაურების საკითხი და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მას მიენიჭა გასული პერიოდის - 2006 წლის 31 ოქტომბრიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე დროისათვის სარჩოს მიღების უფლება, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, სასამართლო უფლებამოსილია განმარტოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მიუთითოს, თუ რას შეადგენდა ასანაზღაურებელი თანხიდან ყოველთვიურად გასაცემი თანხის ოდენობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული არ სცილდება გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს და არ გამოიწვევს გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას, რამდენადაც ნ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, უკავშირდებოდა სწორედ ყოველთვიური სარჩოს დანიშვნით ზიანის ანაზღაურებას. კერძოდ, ნ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ საფუძველზე ზიანის ანაზღაურება ყოველთვიურად სარჩოს - 978 ლარის გადახდით, სარჩელის წარდგენის დღიდან - 2006 წლის 31 ოქტომბრიდან უვადოდ (იხ. ს.ფ. 50; ტ.II).
სასამართლომ იმის გამო, რომ დავის განხილვის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა სარჩოს გადახდას მხოლოდ დამქირავებელი დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე პერიოდისათვის, სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა სრულად ასანაზღაურებელი თანხა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულებისა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უნდა განმარტოს გადაწყვეტილება და მიუთითოს გადაწყვეტილებით დადგენილი ასანაზღაურებელი თანხიდან რას შეადგენდა ყოველთვიურად გასაცემი სარჩოს ოდენობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის განჩინება და ნ. ბ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე