Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-666-651(კს-14) 25 ნოემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე - ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ტ. ტ-ას კერძო საჩივრის წარმოებაში საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. ნ-ასა და ვ. ნ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხე ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირების - ტ. ტ-ას, ფ. ტ-ასა და ბ. ტ-ას მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2014 წლის 22 ოქტომბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹#ბს-666-651(კს-14) ტ. ტ-ას კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ტ. ტ-ას კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, კერძო საჩივარი წარდგენილი იქნა სააპელაციო სასამართლოში 12-დღიანი ვადის დარღვევით და არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. შესაბამისად, ცდომილების თავიდან აცილების მიზნით კერძო საჩივრის ავტორს მიეცა 10-დღიანი ვადა, რათა წარმოედგინა წერილობითი დადასტურება (მტკიცებულება) კერძო საჩივრის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენის თაობაზე და სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ტ. 2; ს.ფ. 37-38).

2014 წლის 19 ნოემბერს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მომართა ტ. ტ-ამ და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მაგრამ არ წარმოუდგენია წერილობითი დადასტურება (მტკიცებულება) კერძო საჩივრის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენის თაობაზე (იხ. ტ. 2; ს.ფ. 43).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ტ. ტ-ას კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს - ტ. ტ-ას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაჰბარდა 2014 წლის 12 აგვისტოს პირადად /იხ. ტ. 2; ს.ფ 29; 36/. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის წარდგენის 12-დღიანი ვადა იწურებოდა 2014 წლის 25 აგვისტოს (შაბათ-კვირის გათვალისწინებით), ხოლო კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით 2014 წლის 9 სექტემბერს /იხ. ტ. 2; ს.ფ 32-33/.

კერძო საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელი, სასამართლოს მიერ დავალებული წერილობითი დადასტურება (მტკიცებულება) იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივარი 12-დღიანი ვადის დაცვით წარადგინა.

საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება – კერძო საჩივრით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას – უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ. ტ-ას კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 416-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსოს 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 420-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტ. ტ-ას კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე /ნათია წკეპლაძე/