#ბს-687-673(ს-14) 6 ნოემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა დ. ჩ-ის საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის დადგენილების გაუქმების თაობაზე.
2014 წლის 21 მაისს დ. ჩ-ემ საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2014 წლის 7 მაისის #20/27-864580 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. ჩ-ის საჩივარი და ძალაში დარჩა დ. ჩ-ის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შედგენილი 2014 წლის 8 აპრილის #ევ142339 საჯარიმო ქვითარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის დადგენილებით დ. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2014 წლის 7 მაისის #20/27-864580 დადგენილება და 2014 წლის 8 აპრილის #ევ142339 საჯარიმო ქვითარი და დ. ჩ-ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარმა სამმართველომ, რომელმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის დადგენილების გაუქმება და 2014 წლის 8 აპრილის #ევ142339 საჯარიმო ქვითრის ძალაში დატოვება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის დადგენილებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის დადგენილება და ძალაში დარჩა 2014 წლის 8 აპრილის #ევ142339 საჯარიმო ქვითარი.
დ. ჩ-ემ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის დადგენილების გაუქმება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის დადგენილების გაუქმების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში, ამასთან, სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, აქტის კანონიერებას ამოწმებს არა სასარჩელო სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ პუნქტების თანახმად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. მითითებული ნორმები არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილით, რომლის შესაბამისად, მითითებული დადგენილება იყო საბოლოო და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. აღნიშნულის მიუხედავად, დ. ჩ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილების გაუქმების მოთხოვნით საჩივრით მომართა საკასაციო სასამართლოს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ის საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ჩ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის დადგენილების გაუქმების თაობაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე