#ბს-501-490(გ-14) 27 ნოემბერი, 2014w.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
Nნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა Pსსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და რუსთავის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ 29.05.14წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მოპასუხის 30.04.14წ. №89830 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. Mმოსარჩელემ მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტით ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 15.07.10 წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. რუსთავში მდებარე 63063 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირებული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკუთრების უფლება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლება 19.04.10წ.-დან რეგისტრირებული ჰქონდა შპს „…“, რომელსაც თავის მხრივ ეს ფართი გადაცემული ჰქონდა რუსთავის თვითმმართველობის მიერ ნაკვეთის განკარგვის შედეგად. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკუთრების უფლების დარეგისტრირების ნაცვლად უნდა მიეღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, არსებული ზედდების გამო. შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ჩათვალა, რომ არსებობდა რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 15.07.10წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სასკ-ის 601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
მოსარჩელემ სადავოდ გახადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.04.14წ. №89830 გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა პირუტყვის გადასარეკ ტრასას, რის გამოც მასზე სახელმწიფოს საკუთრება უნდა ყოფილიყო შენარჩუნებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.06.14წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო განცხადება განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ სსკ-ის მე-15, მე-18, სასკ-ის 26-ე მუხლებზე მითითებით ჩათვალა, რომ ვინაიდან სადავო ქონების ადგილსამყოფელია ქ. რუსთავი, საქმე განსჯადობით უნდა გადაგზავნოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.06.14წ. განჩინებით საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის მე-3 და მე-15 მუხლებზე, საკასაციო სასამართლოს განჩინებაზე და განმარტა, რომ ვინაიდან დავის საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, მოპასუხედ დასახელებულია მხოლოდ აქტის გამომცემი ორგანო, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, სარჩელი საერთო განსჯადობის მიხედვით უნდა განიხილოს სასამართლომ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით - თბილისის საქალაქო სასამართლომ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება ტერიტორიულ განსჯადობას, რომელიც წყდება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, დავის საგანს არ შეადგენს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მოპასუხედ დასახელებულია მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეში სახეზე არ არის ალტერნატიული განსჯადობა. დავის საგანი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, შესაბამისად, განსჯადობის შესახებ დავა უნდა გადაწყდეს სსკ-ის მე-15 მუხლის შესაბამისად დადგენილი განსჯადობის საერთო წესების მიხედვით. სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული მისამართი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 19.07.04წ. N835 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 1.8 მუხლის მიხედვით არის ქ. თბილისი, წმინდა ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის N2. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.07წ. № N1/150-2007 გადაწყვეტილების 20.2 მუხლის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით.
საკასაციო სასამართლო წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ დავა განსახილველად უნდა დაქვემდებარებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 19.06.14წ. განჩინება შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუს 09.09.13წ. №ბს-425-414 (გ-13) განჩინება), შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე