საქმე №ბს-580-567(გ-14) 18 ნოემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 12 თებერვალს შპს ,,...“ სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიმართ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2011 წლის 15 ნოემბრის #344 ხელშეკრულების შესაბამისად დარჩენილი თანხის - 9400 ლარის შპს ,,...“ სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე (იხ. ტ. 1; ს.ფ. 2-13).
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 16 აპრილის განჩინებით დაადგინა, რომ შპს ,,...“ სარჩელი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივი წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას და ნაცვლად ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმის ნომრისა მიანიჭა სამოქალაქო საქმეებისათვის დადგენილი სააღრიცხვო-სტატისტიკური ნომერი (იხ. ტ. 1; ს.ფ. 43-44).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტს მოსარჩელე შპს ,,...“ სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 15 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #344 ხელშეკრულების შესაბამისად დარჩენილი თანხის - 9400 ლარის გადახდა; გარდაბნის მუნიციპალიტეტს დაეკისრა შპს ,,...“ სასარგებლოდ 282 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით (იხ. ტ. 1; ს.ფ. 94-104).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გარდაბნის მუნიციპალიტეტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ტ. 1; ს.ფ. 108-117).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივარი დარჩა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ აპელანტს დაეზუსტებინა მოთხოვნა, გადაწყვეტილების გაუქმებით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რა მოთხოვნის დაკმაყოფილება სურდა (იხ. ტ. 2; ს.ფ. 2-3).
2013 წლის 28 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც გარდაბნის მუნიციპალიტეტს შპს ,,...“ სასარგებლოდ დაეკისრა 9400 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 282 ლარის ანაზღაურება და დაეკისროს შპს ,,...“ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #344 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო 9562, 91 ლარის გადახდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ (იხ. ტ. 2; ს.ფ. 6).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინებით თვითმმართველი ერთეული გარდაბნის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ. ტ. 2; ს.ფ. 8-10).
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. ამავე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება, რომ გახდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდეს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2011 წლის 15 ნოემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #344 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს ,,...“ უნდა ეწარმოებინა სოფ. ... სპორტული მოედნის მოწყობის, სოფ. ... სასაფლაოს შემოღობვისა და სოფ. ... სკვერისა და წყაროს მოწყობის სამუშაოები.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებებს, მათ შორის: სასაფლაოების მოვლა-პატრონობა; ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ორგანიზება და სხვ..
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება თვითმმართველი ერთეულის მიერ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. შესაბამისად, იგი უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად, ხოლო მისგან გამომდინარე მოთხოვნები განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის მე-2 მუხლის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2014 წლის 14 მაისის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის საფუძველზე წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (იხ. ტ. 2; ს.ფ. 83-93).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის N201 განკარგულებით, საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 19-ე მუხლის საფუძველზე და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის N20 დადგენილების შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივ თვითმართველ ერთეულებს გამოუყო 40 000 000(ორმოცი მილიონი) ლარი ამ განკარგულების დანართის მიხედვით. დანართის მიხედვით გარდაბნის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 200 593 ლარი. ამავე განკარგულების მეორე პუნქტის მიხედვით, ადგილობრივმა თვითმართველმა ერთეულებმა აღნიშნული თანხების წარმართვა უნდა უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის N20 დადგენილებით დამტკიცებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მე-2 და მე-5 მუხლების შესაბამისად. მესამე პუნქტის თანახმად კი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის 3-ე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო გამარტივებული შესყიდვების საშუალებით (იხ. ტ. 2; ს.ფ. 55-58)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სოფ. ... სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოების, სოფ. ... სკვერის მოწყობის სამუშაოების და ... სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ჩატარებულ იქნა SPA110026381 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რასაც ადასტურებს სატენდერო კომისიის 2011 წლის 24 ოქტომბრის, 2011 წლის 2 ნოემბრის ოქმები და რომლის მიხედვითაც კომისიამ დაადგინა, რომ შპს ,,...“ მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს (იხ. ტ. 2; ს.ფ. 59-65).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 15 ნოემბერს შპს ,,...“, რომელსაც წარმოადგენდა მისი დირექტორი და თვითმმართველ ერთეულს - გარდაბნის მუნიციპალიტეტს შორის, რომელსაც წარმოადგენდა ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფ. ... სასაფლაოს შემოღობვის, სოფ. ... სკვერის მოწყობის და ... სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოების შესრულება (იხ. ტ. 1; ს.ფ.16-19).
ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 38 424 ლარით. სოფ. ... სასაფლაოს შემოღობვის ღირებულება შეადგენდა 4 767.10 ლარს (იხ. ტ. 1; ს.ფ. 23), სოფ. ... სკვერის მოწყობის - 14 382.68 ლარს (იხ. ტ. 1; ს.ფ. 24-25) და სოფ. ... სპორტული მოედნის მოწყობის - 19 274.22 ლარს (იხ. ტ. 1; ს.ფ. 26-27). მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (საბანკო გარანტია), რომლის მიხედვით სს ,,...“, შპს ,,...“ ვალდებულების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელი იქნებოდა არა უმეტეს 1 922 ლარისა, რაც შეადგენდა ხელშეკრულების ღირებულების 5 პროცენტს (იხ. ტ. 1; ს.ფ.22).
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დასრულების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 31 დეკემბერი (იხ. ტ. 1; ს.ფ. 16-19).
ხელშეკრულებით მხარეებმა კონკრეტულად განსაზღვრეს უფლება-მოვალეობები, გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები. ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა ტექნიკური დავალება, რომელიც ითვალისწინებდა სამუშაოთა მიღება-ჩაბარების და ხელშეკრულების შესრულების კონტროლის წესს (იხ. ტ. 1; ს.ფ. 20-21).
შპს ,,...“ 2011 წლის 24 დეკემბრის მიმართვის საფუძველზე (ტ.I.ს.ფ.60) 2011 წლის 29 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება სოფ. ... სკვერის მოწყობის სამუშაოების დამთავრების ვადის გაგრძელების შესახებ 2012 წლის 20 იანვრამდე (იხ. ტ. 1; ს.ფ. 28).
2012 წლის 24 იანვარს შპს ,,...“ მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტს და აცნობა სამშენებლო ობიექტების დასრულების ვადის შესახებ და ითხოვა 2012 წლის 27 იანვრისთვის მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება. მოპასუხე ადასტურებს 2012 წლის 27 იანვარს სამუშაოთა დასრულების ფაქტს (იხ. ტ. 1; ს.ფ. 62).
მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდა 2012 წლის 2 თებერვალს. აღნიშნული აქტები არ ერთვის საქმეს, რადგან ისინი არ წარმოადგინა არც ერთმა მხარემ.
ხელშეკრულების ღირებულებიდან მოსარჩელე მხარეს დაექვითა 9400 ლარი, როგორც პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო ... სასაფლაოს და ... სპორტული მოედნის მოწყობის ნაწილში. თანხის გაქვითვის ფაქტი არ გაუხდია სადავოდ მოპასუხე მხარეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ არ შემდგარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტები შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივი მიღების ან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგანს არ წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურა, რომელიც წინ უძღვოდა 2011 წლის 15 ნოემბრის N344 ხელშეკრულების დადებას. დავის საგანია ტენდერში გამარჯვებული მოსარჩელის - შპს ,,...“ მიერ 2011 წლის 15 ნოემბერს დადებული N344 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შერულება, შპს ,,...“ მისაღები ანაზღაურებიდან პირგასამტეხლოს სახით დაქვითული თანხის - 9400 ლარის გადახდა. ამდენად, იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვების მომწესრიგებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ადასტურებს მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საჭიროებას.
იმისთვის, რომ ხელშეკრულება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად, მისი მონაწილე ერთ-ერთი მხარე მაინც უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო; თუმცა ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს არა მარტო ხელშეკრულების მონაწილე პირის (პირების) ვინაობა, მათი სტატუსი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, არამედ ის მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება ხელშეკრულების დადება; კერძოდ, ხელშეკრულება ადმინისტრაციულია, თუ იგი იდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონით.
იმავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხოლოდ თვითმმართველი ერთეულია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე: ,, ... სასაფლაოების მოვლა-პატრონობა“; ,,ჟ“ ქვეპუნქტი - თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება“; ხოლო, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეებია: ა) საკუთარი უფლებამოსილებები; ბ) დელეგირებული უფლებამოსილებები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეული საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით, რომელთა უფლებამოსილებანი, სტრუქტურა და საქმიანობის წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის (მერიის) დებულებით.
2011 წლის 15 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N344 ხელშეკრულების დადებას წინ უძღვოდა SPA110026381 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარება.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტმა საჯარო უფლებამოსილება განახორციელა, ანუ გადაწყვეტილება სოფ. ... სპორტული მოედნის მოწყობის, სოფ. ... სასაფლაოს შემოღობვის და სოფ. ... სკვერის და წყაროს მოწყობის საკითხზე მიიღო არა ხელშეკრულების დადების და შესრულების, არამედ ხელშეკრულების დადებამდე მმართველობითი საქმიანობის განხორციელების პროცესში - მთელი რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის გზით.
ადმინისტრაციულ ორგანოს - გარდაბნის მუნიციპალიტეტს სოფ. ... სპორტული მოედნის, სოფ. ... სასაფლაოს შემოღობვის, სოფ. ... სკვერის და წყაროს მოწყობისას საჯარო უფლებამოსილება არ განუხორციელებია 2011 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულების დადებისას. ასევე, ამავე ხელშეკრულებით ადმინისტრაციულ ორგანოს ხელშეკრულების მეორე მხარისთვის - შპს ,,...“ არ დაუვალებია საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტით - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველი ერთეულისთვის განსაზღვრულ ექსკლუზიურ უფლებამოსილებათაგან ერთ-ერთის - სასაფლაოების მოვლა-პატრონობის და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის უზრუნველყოფის შესახებ საკითხზე გადაწყვეტილებათა მიღება; ანუ ხელშეკრულების დადებისა და მოქმედების პირობებში გარდაბნის მუნიციპალიტეტს შპს ,,...“ არ გადაუცია ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2011 წლის 15 ნოემბერს ადმინისტრაციულ ორგანოს - გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს - შპს ,,...“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N344 წარმოადგენს არა ადმინისტრაციულ, არამედ კერძო სამართლებრივ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, მოცემულ შემთხვევაში გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული მისი შეხედულებით, უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად, დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2, 651-ე მუხლების თანახმად, განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების მიზანს და არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის ძირითად ელემენტს წარმოადგენს - ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი განისაზღვრება მისი შინაარსით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, ხოლო კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას მხარეები იძენენ სამოქალაქო-სამართლებრივ უფლება-მოვალეობებს. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მისაღები ანაზღაურებიდან დაქვითული თანხის დაბრუნება, კერძოდ, შპს ,,...“ მისაღები ანაზღაურებიდან პირგასამტეხლოს სახით დაქვითული თანხის - 9400 ლარის გადახდა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა იკისრა სოფ. ... სპორტული მოედნის მოწყობის, სოფ. ... სასაფლაოს შემოღობვისა და სოფ. ... სკვერის და წყაროს მოწყობის სამუშაოების შესრულების ვალდებულება, ანუ გარკვეული სამუშაოების შესრულება სათანადო საფასურის გადახდის სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებისაგან გამიჯვნისათვის, ხელშეკრულების მიზნის და საგნის ანალიზის გარდა, მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების დადებას ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ხელშეკრულების დადების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან ქმედების (რეალაქტის) განხორციელების მოვალეობის წარმოქმნას, ხელშეკრულების დადების შედეგად მხარის საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით აღჭურვას. მოცემულ შემთხვევაში, პალატის აზრით, ასეთ შემთხვევას ადგილი არ აქვს, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისრა შესრულებულ სამუშაოთა მიღების შედეგად თანხის გადახდის ვალდებულება, ამდენად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ წარმოქმნის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას.
მოსარჩელე - შპს ,,...“ მოთხოვნის საფუძვლად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 316-ე (ვალდებულების ძალით კრედიტორის უფლებამოსილება მოითხოვოს მოქმედების შესრულება), 317-ე (ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები) და 361-ე (ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია) მუხლებს. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხლი). მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა უკავშირდება ხელშეკრულებას, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას განეკუთვნება, შესაბამისად, მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 251-ე მუხლის, 65.2, 651-ე მუხლების საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას განეკუთვნება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვის პროცესში განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით დავის წარმოებაზე უარის თქმა, არ ათავისუფლებს სააპელაციო სასამართლოს განსჯადობის დაცვით საქმის განხილვისგან, განსჯადობის საკითხის თავისი ინიციატივით შემოწმებისგან, ვინაიდან განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისს 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგნოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. აღნიშნულს არ ცვლის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე, 377.5 მუხლები, დაუშვებელია არაგანსჯადი სასამართლოს განსჯადად მიჩნევა მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, რადგან განსჯადობის დადგენილი წესები საჯარო სფეროში უფლების დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს.
კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება საქმე. ამდენად, სასამართლოს, რომელსაც არ გააჩნია საქმის განხილვის იურისდიქცია, არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა განაცხადოს ამის შესახებ, მაშინაც კი, როდესაც განსჯადობის საკითხს არც ერთი მხარე არ აყენებს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო საქმეს არსებითი განხილვისათვის გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესი, რომლის თანახმად სასამართლო ვალდებულია, სარჩელი გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს და დასაშვებია სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხზე დავა, განსჯადობის საკითხის სირთულის გათვალისწინებით, შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს მხარისგან დამოუკიდებლად დააყენოს განსჯადობის საკითხი სადავო სამართალურთიერთობის კვლევის შემდგომ ეტაპებზე, მათ შორის, ზემდგომ ინსტანციებში განხილვის პროცესშიც, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,...“ შორის დადებული 2011 წლის 15 ნოემბრის N344 ხელშეკრულება წარმოადგენს სამოქალაქო ხელშეკრულებას და მისგან წარმოშობილი დავა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ საქმე განსჯადობით უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ხელშეკრულებით შეუსრულებელი ვალდებულების ანაზღაურება, ხოლო საკასაციო სასამართლოს შეფასების ობიექტს _ დავის საგნის საფუძვლის – ხელშეკრულების სამართლებრივი კვალიფიკაცია, რამაც უნდა განაპირობოს ადეკვატური სამართალწარმოება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლის გ)ქვეპუნქტის მიხედვით ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება, შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები ადმინისტრაციული სამართალწარმოების, ხოლო ამავე კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადება, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ კატეგორიას განეკუთვნება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა, როგორც თვითმმართველობის ორგანო, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებებს წარმოადგენს სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ორგანიზება და სხვ,
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო ამოცანების მისაღწევად მინიჭებული აქვს უფლებამოსილება საქმიანობის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმების გამოყენების თაობაზე, კერძოდ, ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს, როგორც საქმიანობის საჯარო-სამართლებრივი, ასევე, კერძო-სამართლებრივი (სამოქალაქო ხელშეკრულება) ფორმები.
საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ _ ხელშეკრულების მიზანს. ამდენად, ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს ხელშეკრულების მიზანი. ხელშეკრულების მიზანი განისაზღვრება მისი შინაარსიდან გამომდინარე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად უნდა დაკვალიფიცირდეს, თუ:
1. შესაფასებელი ხელშეკრულების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობა;
2. შესაფასებელი ხელშეკრულების საგანი ემსახურება საჯარო მიზნის მიღწევასა და საჯარო ინტერესების აღსრულებას;
3. სამართალურთიერთობის შედეგი განაპირობებს საზოგადო ამოცანის გადაწყვეტას;
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ისეთი ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობს, შეცვლის ან შეწყვეტს სამართლებრივ ურთიერთობას საჯარო სამართლის სფეროში. ადმინისტრაციული ხელშეკრულებები, როგორც წესი, ორგანიზაციული ხასიათისაა, რამდენადაც თვით ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობაა ორგანიზაციული. მათი მიზანია საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა, საჯარო - სამართლებრივი ინტერესის განხორციელება. ხელშეკრულებათა გამიჯვნის დროს აქცენტი უნდა გამახვილდეს ხელშეკრულებით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობისას ვისი ინტერესები დგას წინა პლანზე: ერთეულების კერძო ინტერესები თუ საჯარო ინტერესები (ინტერესთა თეორია). აუცილებელია, შევაფასოთ წინამდებარე ხელშეკრულებით მოწესრიგებული სამართალურთიერთობისას რომელი ინტერესია პრიორიტეტული: კერძო თუ საჯარო ინტერესი.
საერთოდ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებები იყოფა სუბორდინაციულ-სამართლებრივ და კოორდინაციულ-სამართლებრივ ხელშეკრულებებად, რომელთა შორის განსხვავება გამომდინარეობს კონტრაჰენტებს შორის ურთიერთობის ხასიათიდან. საჯარო-სამართლებრივი ხელშეკრულებები, რომელთაც სუბორდინაციულ-სამართლებრივი ხასიათი აქვთ, იდება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და პირებს შორის, ის ხელშეკრულებები კი, რომელთაც კოორდინაციულ-სამართლებრივი ხასიათი გააჩნიათ, იდება მმართველობის ორგანოებს შორის. თუმცა, ამგვარი ხელშეკრულებები ასევე შეიძლება დაიდოს სახელმწიფოსა და პირს შორის, სწორედ ისეთ შემთხვევებში, როცა მხარეები, მთლიანობაში რჩებიან სუბორდინაციული ურთიერთობების ჩარჩოში, დებენ ხელშეკრულებას, რომლის საგანიც გამოდის ურთიერთდაქვემდებარებული ურთიერთობების ჩარჩოდან. ასეთის მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ გერმანიის პრაქტიკა, სადაც ხელშეკრულებები საზოგადოებრივი მიზნებისთვის მიწის ათვისების შესახებ გერმანიის სამშენებლო კოდექსის 124-ე მუხლის შესაბამისად, მიჩნეულია კოორდინაციულ-სამართლებრივ ხელშეკრულებებად. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც პირებს შეუძლიათ დადონ საჯარო-სამართლებრივი ხელშეკრულებები, რომელთაც კოორდინაციულ-სამართლებრივი ხასიათი გააჩნიათ, მაგ, როცა კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტები თავის თავზე იღებენ სახელმწიფო მმართველობის ფუნქციის შესრულებას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,...“ შორის დადებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულება, საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, შემდეგ გარემოებათა გამო:
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,...“ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,...“ იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში - სოფ. ... სპორტული მოედნის მოწყობის, სოფ. ... სასაფლაოს შემოღობვისა და სოფ. ... სკვერისა და წყაროს მოწყობის სამუშაოების შესრულება.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონით.
ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხოლოდ თვითმმართველი ერთეულია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე: ,, ...სასაფლაოების მოვლა-პატრონობა“; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება“ /,,ჟ“ ქვეპუნქტი/, ხოლო, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეებია: ა)საკუთარი უფლებამოსილებები; ბ)დელეგირებული უფლებამოსილებები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეული საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით, რომელთა უფლებამოსილებანი, სტრუქტურა და საქმიანობის წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის (მერიის) დებულებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობის საფუძველი - ხელშეკრულება უდავოდ დადებულია თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილების სფეროში, მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება არ წარმოადგენს მის ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად განმსაზღვრელ ფაქტორს, რამდენადაც საკუთარი უფლებამოსილების არეალში მოქცეული კომპეტენციები შესაძლებელია სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით განხორციელდეს, მათ შორის კერძო- სამართლებრივი ფორმითაც.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას, რასაკვირველია, ადმინისტრაციული კანონმდებლობა განსაზღვრავს, თუმცა, მისი განხორციელების ფორმები სხვადასხვა დარგის სამართლის კანონებით წესრიგდება, ამდენად, არგუმენტი, რომ ხელშეკრულების დადების კომპეტენცია ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგინდა, არასაკმარისია, ხელშეკრულებათა კვალიფიკაციისათვის. მოცემულ შემთხვევაში, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს არა კომპეტენციის, არამედ ხელშეკრულების შინაარსობრივი თვალსაზრისით მაკვალიფიცირებელი დარგობრივი კანონმდებლობა, რამდენადაც საქართველოს ნორმატიული ბაზა მათ ორი დარგის - სამოქალაქო და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჯნავს.
საქმის მასალების მიხედვით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სოფ. ... სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოების, სოფ. ... სკვერის მოწყობის სამუშაოების და ... სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ჩატარებულ იქნა SPA110026381 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი.
2011 წლის 15 ნოემბერს შპს ,,...“ და თვითმმართველ ერთეულს - გარდაბნის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფ. ... სასაფლაოს შემოღობვის, სოფ. ... სკვერის მოწყობის და ... სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოების შესრულება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების - სოფ. ... სპორტული მოედნის მოწყობის, სოფ. ... სასაფლაოს შემოღობვისა და სოფ. ... სკვერისა და წყაროს მოწყობის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების საგნობრივი კვალიფიკაციისათვის არსებითია გაირკვეს, saxeze არის თუ არა iseTi xelSekruleba, romelic warmoSobs, Secvlis an Sewyvets samarTlebriv urTierTobas sajaro samarTlis sferoSi.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ცალსახაა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობით, არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან კონკრეტულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესული საწარმო -შპს ,,...“ მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ ატარებს საჯარო-სამართლებრივ ხასიათს, არ ემსახურება მმართველობითი ფუნქციის უშუალო შესრულების მიზანს. ამგვარი ვალდებულებების - ტერიტორიის შემოღობვა, მოწყობა, შემსრულებლად საწარმო სავსებით შესაძლებელია მოგვევლინოს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც, მაშინ, როცა ადმინისტრაციული ხელშეკრულების კონტრაჰენტი ფიზიკური და იურიდიული პირები მმართველობითი ფუნქციის განხორციელებაში მონაწილეობენ, რასაც ვერცერთ შემთხვევაში ვერ ექნება ადგილი სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული ხელშეკრულების საგანი იმგვარ სამართლებრივი მნიშვნელობას ატარებს, რომ მისი მიღწევა სავსებით ლოგიკურად შესაძლოა განხორციელდეს სამოქალაქო-სამართლებრივი ფორმებით, შესაბამისად, მისი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევის წინაპირობა არ არსებობს.
წინამდებარე ხელშეკრულება უშუალოდ არ ემსახურება საჯარო ამოცანების გადაწყვეტას, რის გამოც ობიექტური შეფასებისას ცხადია, რომ მისი დადებისას პრიორიტეტული არ არის საჯარო ინტერესი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებათა გამიჯვნისას ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამიჯნონ ადმინისტრაციული ორგანოების მმართველობითი ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი საქმიანობის ფორმების სახეები, კერძოდ, ის ფუნქციები, რომელიც შესაძლოა შესრულდეს სამოქალაქო ხელშეკრულებათა მეშვეობით, მხარეთა თანასწორობისა და ნების თავისუფლების პირობებში, არ შეიძლება მოწესრიგდეს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა დადების გზით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651-ე მუხლის თანახმად, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სუბიექტი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რის გამოც საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1;, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოს მხარეებს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე