#ბს-638-624(გ-14) 27 ნოემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ მ. რ-ი
მოპასუხეები _ 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2014 წლის 23 ივლისს მ. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვის, სს „...“ კაპიტალში №... და №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული უძრავი ნივთის შეტანის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის №1-1/1595 ბრძანების, შპს „...“ კაპიტალში №... და №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული უძრავი ნივთის შეტანის ნაწილში სს „...“ პარტნიორის 2012 წლის 22 აგვისტოს D127-PR-35 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 8 დეკემბრის №882008354521-06 გადაწყვეტილებისა და თ. ქ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით ...) შპს „...“ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 7 სექტემბრის №A12032691-018/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით მ. რ-ის სარჩელი მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ განსჯადობით განსახილველად ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავი ნივთი – მიწის ნაკვეთი მდებარეობს ზუგდიდის რაიონის სოფ. ... ტერიტორიაზე, სარჩელი უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში განსჯად სასამართლოს ზუგდიდის რაიონული სასამართლო წარმოადგენს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე, მოსარჩელე – მ. რ-ი, მოპასუხეები – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მ. რ-ის მიერ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება და მის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ასეთ შემთხვევაში კი განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტები და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ გასაჩივრებული აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად.
რაიონული სასამართლოს მითითებით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ნივთობრივი განსჯადობის შემთხვევაშიც მიუთითებს, რომ სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს უძრავი ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით, რაც არ არის იმპერატიული დათქმა, ხოლო მე-20 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა №ბს-425-414(გ-13) ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, როცა საქმეში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები.
ამასთან, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება ტერიტორიულ განსჯადობას, რა დროსაც საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ ტერიტორიულ განსჯადობაზე, ხოლო ამ ეტაპზე საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მსჯელობა იქონიოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ყველა სასარჩელო მოთხოვნა ექვემდებარება თუ არა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42.2. მუხლისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 3.2. მუხლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“ კანონიერ სასამართლოზე უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი იმპერატიული შინაარსის ნორმაა, რომელიც ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსაჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი თავისი ხასიათით, შინაარსითა და იურიდიული ბუნებით არის ზოგადი და ამავე დროს იმპერატიული ნორმა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ადგენს განსჯად საერთო სასამართლოს ტერიტორიული ნიშნის, ანუ მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით რეგლამენტირებულია ნივთობრივი განსჯადობის შესახებ სპეციალური წესები. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების შესახებ, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რომ დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით.
განსახილველ საქმეში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები არიან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო დავის საგანს წარმოადგენს:
1) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვის ბათილად ცნობა,
2) სს „...“ კაპიტალში №... და №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული უძრავი ნივთის შეტანის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის №1-1/1595 ბრძანების ბათილად ცნობა,
3) შპს „...“ კაპიტალში №... და №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული უძრავი ნივთის შეტანის ნაწილში სს „...“ პარტნიორის 2012 წლის 22 აგვისტოს D127-PR-35 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა,
4) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 8 დეკემბრის №882008354521-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა,
5) თ. ქ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით ...) შპს „...“ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 7 სექტემბრის №A12032691-018/001 განკარგულების ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს (რასაც თავად სასარჩელო მოთხოვნაც ადასტურებს), რომ დავის საგანი არ ეხება უძრავ ნივთზე უფლებას, რაც განსახილველ შემთხვევაში გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე უძრავი ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით განსჯადი სასამართლოს დადგენას. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში ტერიტორიული განსჯადობის საკითხი წყდება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამდენად, სასამართლოებმა წარმოდგენილი სარჩელის სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დაადგინონ არა ის ფაქტი, თუ სად მდებარეობს უძრავი ქონება, არამედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიხედვით უნდა გამოარკვიონ თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, მოცემულ საქმეზე ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელი მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელმაც, თავისმხრივ, შეფასება უნდა მისცეს თითოეული სასარჩელო მოთხოვნის საგნობრივ განსჯადობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე - მ. რ-ის სარჩელისა გამო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე