Facebook Twitter

საქმე №ბს-296-293(უს-14) 11 ნოემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა შპს ,,...“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 16 ივლისს შპს ,,…“ (წარმომადგენელი ი. დ-ე) სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის №1-1/1219 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის შპს ,,...“ განცხადების განხილვისა და კანონით დადგენილი წესით, მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკითხის გადაწყვეტის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ივლისის განჩინებით შპს ,,...“ სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეცა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე შპს ,,...“ მიერ წარმოდგენილ იქნა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება და მოითხოვა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის №1-1/1219 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის შპს ,,...“ განცხადების განხილვისა და კანონით დადგენილი წესით, მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკითხის გადაწყვეტის დავალება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...“. ამასთან, აპელანტმა იშუამდგომლა საქმეზე წარმოების დასრულებამდე და საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს შემდეგი საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტა და იჯარის უფლებით შემდეგი მიწის ნაკვეთების გაცემა: 1. სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის 18.08.2005 წლის №924 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 6 მიწის ნაკვეთზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: ..., ..., ..., ..., ..., ...; 2. სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის 21.12.2005 წლის №2206 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: ..., ...; 3. სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის 03.01.2006 წლის №2332 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2 მიწის ნაკვეთზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: ..., ...; 4. სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის 15.06.2005 წლის №615 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2 მიწის ნაკვეთზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: ..., ...; 5. სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის 15.06.2005 წლის №617 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 1 მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია: ...; 6. №616 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 1 მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია ....

განმცხადებელმა განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-25-ე მუხლების გათვალისწინებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს განიხილოს შპს ,,...“ განცხადება და მოახდინოს აღნიშნული მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკითხის გადაწყვეტა, ანუ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელეს ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს მის მიერ სათანადო წესით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე მისთვის იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე პირდაპირი მიყიდვის წესით გამოსყიდვის უფლებით. საქმის განხილვის დასრულებამდე კი, საიჯარო ხელშეკრულებების მოშლა და მათი სხვა სუბიექტებზე გაცემა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელს გახდის ან გაართულებს გადაწყვეტილების აღსრულებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით შპს ,,...“ წარმომადგენლის ი. დ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობაში აღნიშნული გარემოებები არ შეესაბამება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის კანონით განსაზღვრულ მიზნებს. ასევე, სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს სასამართლო დავის დასრულებამდე გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების საფრთხის თავიდან აცილების საფუძვლით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი სახის საფრთხის არსებობა მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მიერ დასაბუთებული არ არის. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაში მითითებული არ არის იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულებას. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა ვერ გააძნელებს და შეუძლებელს ვერ გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განჩინებაზე იმავე სასამართლოში საჩივარი წარადგინა შპს ,,...“ წარმომადგენელმა ი. დ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გაურკვეველია ვითარება, რაც სადავო მიწის ნაკვეთებზე დღემდე არსებობს, დაუდგენელია, აღუდგება თუ არა შპს ,,...“ მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით გამოსყიდვის კანონით დადგენილი და უსაფუძვლოდ, უკანონოდ შეზღუდული უფლება. საჩივრის ავტორი, ასევე, მიუთითებს, რომ აპელანტს ამ მიწის ნაკვეთების კულტივაციისათვის დახარჯული აქვს სოლიდური თანხები, ხოლო გაურკვეველი ვითარების გამო იგი შემდგომი და აუცილებელი ინვესტიციების განხორციელებისაგან იკავებს თავს. არ ხდება მიწის ნაკვეთების სათანადო დამუშავება და მათი შესაბამისი გამოყენება. აღნიშნული ვითარება განაპირობებს საწარმოს მნიშვნელოვან ზარალს.

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით სწორედაც რომ გართულდება ან სულაც შეუძლებელი გახდება სავარაუდოდ შპს ,,...“ სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება. შესაძლოა მოხდეს ისეც, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტოს საიჯარო ხელშეკრულებები, რაც უცილობლად გამოიწვევს ახალ სასამართლო დავას სააგენტოს წინააღმდეგ, აღნიშნული კი დაკავშირებულია დავის დასრულების გადადებასთან და აპელანტის ზარალთან. ასევე, შემდგომ სასამართლო დავებთანაა დაკავშირებული სააგენტოს მიერ იჯარის ხელშეკრულებების სავარაუდო შეწყვეტის შემდეგ მისი მესამე პირებზე იჯარის უფლებით გაცემის საკითხიც. სააგენტომ შესაძლოა მიიჩნიოს, რომ სადავო მიწის ნაკვეთები არ ყოფილა იჯარით გაცემული და განახორციელოს სადავო მიწის ნაკვეთების აუქციონის ფორმით პრივატიზება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განჩინება დაუსაბუთებელია და არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 აპრილის განჩინებით შპს ,,...“ წარმომადგენლის ი. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის განჩინებით შპს ,,...“ საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. იმავე კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,...“ მიერ აღძრულ სარჩელზე დავის საგანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 6 ივლისის №1-1/1219 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის შპს ,,...“ განცხადების განხილვისა და კანონით დადგენილი წესით, მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკითხის გადაწყვეტის დავალება.

შპს ,,...“ განცხადების განხილვისა და კანონით დადგენილი წესით, მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკითხის გადაწყვეტის დავალება, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის საგანს, საჩივრის მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოადგენს საქმეზე წარმოების დასრულებამდე და საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს შემდეგი საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტა და იჯარის უფლებით შემდეგი მიწის ნაკვეთების გაცემა: 1. სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის 18.08.2005 წლის №924 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 6 მიწის ნაკვეთზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: ..., ..., ..., ..., ..., ...; 2. სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის 21.12.2005 წლის №2206 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: ..., ...; 3. სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის 03.01.2006 წლის №2332 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2 მიწის ნაკვეთზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: ..., ...; 4. სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის 15.06.2005 წლის №615 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2 მიწის ნაკვეთზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: ..., ...; 5. სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის 15.06.2005 წლის №617 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 1 მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია: ...; 6. №616 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 1 მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია .... შპს ,,...“ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება მოსარჩელის უფლების აღდგენა და მის მიერ სათანადო წესით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, მას ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს მისთვის იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე პირდაპირი მიყიდვის წესით გამოსყიდვით. საქმის განხილვის დასრულებამდე კი, საიჯარო ხელშეკრულების მოშლა და მათი სხვა სუბიექტებზე გაცემა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელს გახდის და გაართულებს გადაწყვეტილების აღსრულებას. გამომდინარე აქედან კი, დავა აზრს დაკარგავს და გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა, თავისი არსით, წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების ისეთ სახეს, რომლის გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების და/ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისკენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით განსაზღვრულია სასამართლოსათვის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა, დასახელებული მუხლის ნორმიდან გამომდინარე განცხადება, რომლითაც მხარე ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას, უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, ანუ ცალსახაა, რომ განცხადების (შუამდგომლობის) წარდგენისას თავად მხარე არის ვალდებული წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაასაბუთებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას და რაც საბოლოო ჯამში სასამართლოს შეუქმნის დასაბუთებულ ვარაუდს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით მიუთითებს, რომ მხარის შუამდგომლობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, უპირობოდ არ წარმოადგენს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან მხარე, ასევე, ვალდებულია მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებითა და ფაქტებით დაამტკიცოს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გამოიწვევს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებას და/ან შეუძლებელს გახდის მას. აღნიშნული კი ვერც სააპელაციო სასამართლოში დაყენებული შუამდგომლობითა და ვერც საჩივრით იქნა უზრუნველყოფილი, რამეთუ საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა გასაჩივრებული განჩინების საპროცესო ნორმების დარღვევით მიღება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შპს ,,...“ შუამდგომლობის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა და მიიღო იურიდიულად სწორი განჩინება, ვინაიდან შუამდგომლობა და საჩივარი არ შეიცავს დამაჯერებელ დასაბუთებას იმ გარემოებებზე მითითებით, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ არის დადასტურებული გამგეობის მიერ მათ შორის არსებული საიჯარო სამართალურთიერთობიდან გასვლის ინიციატივის არსებობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდება სადავო მიწის ნაკვეთებზე საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტა და იჯარის უფლებით მათი სხვა პირებზე გასხვისება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა წარმოშობს სხვა სარჩელის ფარგლებში დავის დაწყების საფუძველს. ამდენად, შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები, მოცემულ ეტაპზე, საკასაციო სასამართლოს არ უქმნის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საფრთხის შექმნის დასაბუთებულ ვარაუდს (გამგეობის მიერ მომავალში იჯარის ხელშეკრულებების მოშლის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ვერ დაასაბუთებს ამ დავაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გადაუდებელ აუცილებლობას).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,...“ საჩივარი არის დაუსაბუთებელი, საჩივარში არ არის მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძვლიანი მოტივები, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილისა და 30 აპრილის განჩინებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,...“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილისა და 30 აპრილის განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე