საქმე №ბს-101-99(2კ-14) 2 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე;
კასატორი (მოპასუხე) – ქ. ბათუმის მერია; წარმომადგენელი - მ. ჭ-ა;
კასატორი (მესამე პირი) - ა. ნ-ი; წარმომადგენელი - ლ.დ-ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო. კ-ე; წარმომადგენლები - თ. ჭ-ე; რ. ბ-ე;
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: ო. კ-ე; წარმომადგენლები - თ. ჭ-ე; რ. ბ-ე
მოპასუხე: ქ. ბათუმის მერია; წარმომადგენელი - მ. კ-ე
მესამე პირი - ა. ნ-ი; წარმომადგენელი - ლ.დ-ე
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
სარჩელის საგანი:
ქ. ბათუმის მერიის 2012 წლის 5 სექტემბრის №927 ბრძანების ბათილად ცნობა
სარჩელის საფუძველი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუსაბუთებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები: 2012 წლის 5 სექტემბრის ქ. ბათუმის მერიის №927 ბრძანებით, ა. ნ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 3 ოქტომბრის №1165 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მოწმობა №000878. იმ საფუძვლით, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2010 წლის 4 დეკემბრის №13475/03 დასკვნის შესაბამისად, დაუშვებელი იყო ქ. ბათუმში, ... ქ. №99-ში მდებარე ო. კ-ის საცხოვრებელი სახლზე დამატებითი ფართისა და აივნის მიშენება იმ სამშენებლო დოკუმენტაცის პროექტის შესაბამისად, რომელიც შეთანხმებული იყო ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 3 ოქტომბრის №1165 ბრძანებით.
აღნიშნული ბრძანება მოსარჩელის მოსაზრება, არასწორია ვინაიდან, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ პროექტი არასწორად არის გადანომრილი, ფურცლები არასწორად არის დალაგებული და ა.შ, რაც უმნიშვნელოა და რაც არ არის ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 3 ოქტომბრის №1165 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვის №000878 მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველი.
სამართლებრივი: მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (იხ. ს.ფ. 2-6; ტ.1).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ა. ნ-ი (იხ. ს.ფ. 86-88; ტ.1).
მესამე პირის - ა. ნ-ის შესაგებელი: მესამე პირმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
ფაქტობრივი გარემოებები: არამართებულია მოსარჩელის მითითება, იმაზე, რომ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 3 ოქტომბრის №1165 ბრძანებისა და მშენებლობის ნებართვის მოწმობის №000878 ბათილად ცნობა უსაფუძვლოა, რადგან 2012 წლის 8 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნაში თითქოს საუბარია მხოლოდ პროექტის ფურცლების არასწორ გადანომრვაზე და დალაგებაზე, მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია პროექტის კონსტრუქციული ნაწილის არასწორ დამუშავებაზე და საძირკვლების არასწორ მოწყობაზე.
ამასთან, მესამე პირის მტკიცებით, ო. კ-ის საკუთრების, უძრავი ქონების მდებარე, ქ. ბათუმში, ... ქ. №99-ში საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, დასტურდება, რომ ო. კ-ეს არ აქვს დაზუსტებული თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და შესაბამისად არ გააჩნია დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები, საზღვრები, ასეთ შემთხვევაში კი დამკვეთის კიდევ ერთი სამშენებლო ნორმების უხეში დარღვევაა დაუზუსტებელ საზღვრებში მშენებლობის წარმოება, რაც ადასტურებს სადავო გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის საფუძვლიანობას.
სამართლებრივი: სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებული არ არის (იხ.ს.ფ. 92-99; ტ.1).
მოპასუხე - ქ. ბათუმის მერიას სასამართლოში წერილობითი შეპასუხება არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქმის გარემოებები:
ო. კ-ე ქ. ბათუმში, ... ქ. №99-ში აწარმოებდა მშენებლობას, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 10 ივნისის №626 ბრძანებისა და №000269 მშენებლობის ნებართვის შესაბამისად.
ბათუმის მერის 2011 წლის 15 აგვისტოს №262 ბრძანებით ა. ნ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ზემოაღნიშნული ბრძანება და სანებართვო მოწმობა გამოცხადდა ბათილად და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს დაევალა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2010 წლის 4 დეკემბრის გაცემული №13475/03 დასკვნის გათვალისწინებით გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ო. კ-ის მიმართ ქ. ბათუმში, ... №99-ში მშენებლობის მიზნით წარდგენილი არქიტექტურული პროექტისა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმებასთან და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კვლავ გამოსცა 2011 წლის 3 ოქტომბერს №1165 ბრძანება და №000878 მშენებლობის სანებართვო მოწმობა, ქ. ბათუმში, ... ქ. №99 მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახელზე დამატებითი ფართისა და აივნის მიშენების პროექტზე, რომელიც ქ. ბათუმის მერიის 2011 წლის 2 დეკემბერს №422 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 2010 წლის 4 დეკემბრის №123 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად იქნა შედგენილი.
ა. ნ-მა კვლავ მიმართა ქ. ბათუმის მერიას საჩივრით და მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის 2011 წლის 3 ოქტომბერს №1165 ბრძანებისა და №000878 მშენებლობის ნებართვის მოწმობის ბათილად ცნობა, აღნიშნული საჩივარი 2012 წლის 5 სექტემბრის ქ. ბათუმის მერიის №927 ბრძანებით დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროექტი შეუსაბამო და არასრულფასოვანი იყო, რომელიც მრავალ ხარვეზსს შეიცავდა.
რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ო. კ-ეს ა. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის გადახდა (იხ ს.ფ. 172-188; ტ.1).
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. №99, დაუზუსტებელი ფართობით: 577,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 288,05 რეგისტრირებულია ო. კ-ის საკუთრების უფლება, ხოლო ქ. ბათუმში, ... ქ. №101-ში მდებარე უძრავ ქონებაზე კი რეგისტრირებულია ა. ნ-ის საკუთრების უფლება.
ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგამარების სამსახურის 2010 წლის 15 თებერვლის №81 ბრძანებით დაკმაყოფილდა ო. კ-ის განცხადება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე, ხოლო ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 10 ივნისის №580 ბრძანების თანახმად, კი შეთანხმებული იქნა ქ. ბათუმში, ... ქ. №99-ში საცხოვრებელ სახელზე დამატებითი ფართისა და აივნის მიშენების თაობაზე ო. კ-ის მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული პროექტი №122 და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე“ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 22 ივნისის №626 ბრძანების საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართავა ქ. ბათუმში, ... ქ. №99-ში საცხოვრებელ სახელზე დამხმარე ფართისა და აივნის მიშენების თაობაზე.
სსიპ ,,ლევან სამსახურის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის“ 2010 წლის 4 დეკემბრის №13467/03 დასკვნის მიხედვით: ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ 2010 წლის 10 ივნისის №580 ბრძანებით შეთანხმებული ქ. ბათუმში, ... ქ. №99-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დამატებითი ფართისა და აივნის მიშენების პროექტი არასრულყოფილია და მისი ამგვარად განხორციელება უარყოფითად იმოქმედებდა ... ქ. №101-ში მდებარე ამირან და ა. ნ-ების საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე. პროექტი მოითხოვს კორექტირებას, მეტ დეტალიზაციასა და კვანძურ დამუშავებას. ასევე, ... ქ. №99-ში არსებულ შენობაზე დამატებითი ფართისა და აივნის მიშენების წარმოდგენილი პროექტის მიხედვით განხორციელების შემთხვევაში, რაც შეეხება ... ქ. №101-ში მდებარე სახლზე ზეგავლენის გამორიცხვის მიზნით ო. კ-ის მიერ გასატარებელ ღონისძიებებს, აუცილებელია პროექტში მიღებული პრინციპულად სწორი იდეა, კონსტრუქციულად მართებულად იქნეს გადაწყვეტილი და დასაძირკველების წესი შეიცვალოს, რისთვისაც უნდა გადამოწმდეს ტერიტორიის გეოლოგიური პირობები.
2010 წლის 22 ივნისს, ქ. ბათუმის მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ა. ნ-მა და ა. ნ-მა და მოითხოვეს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 15 თებერვლის №81 ბრძანებისა, 2010 წლის 10 ივნისის №5890 ბრძანების, 2010 წლის 2 ივნისის №626 ბრძანებისა და 2010 წლის 22 ივნისის №000269 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა.
ბათუმის მერიის 2011 წლის 15 აგვისტოს №262 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მათი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად გამოცხადდა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 15 თებერვლის №580 ბრძანებისა, 2010 წლის 10 ივნისის №5890 ბრძანებისა, 2010 წლის 2 ივნისის №626 ბრძანებისა და 2010 წლის 22 ივნისის №000269 მშენებლობის სანებართვო მოწმობა და ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2010 წლის 4 დეკემბერს გაცემული №13475/03 დასკვნის გათვალისწინებით დაევალა ახალი აქტის გამოცემა, ხოლო საჩივარი ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 15 თებერვლის №81 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში კი, ა. ნ-ისა და ნ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 3 ოქტომბრის №1165 ბრძანებით შეთახმებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ქ. №99-ში საცხოვრებელ სახლზე დამატებითი ფართისა და აივნის მიშენების თაობაზე ო. კ-ის მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული პროექტი №429 და აღნიშნულის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა ო. კ-ის სახელზე ქ. ბათუმში, ... ქ. №99-ში მდებარე საცხოვრებელ სახელზე დამხმარე ფართის და აივნის მიშენების თაობაზე.
2011 წლის 31 ოტომბერს ა. ნ-მა კვლავ მიმართა მერიას საჩივრით და მოითხოვა ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 3 ოქტომბრის №1165 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული №000878 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა.
ქ. ბათუმის მერიის 2012 წლის 5 სექტემბრის №927 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა და ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 3 ოქტომბრის №1165 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული №000878 მშენებლობის სანებართვო მოწმობა, მერია გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2012 წლის 8 აგვისტოს №026561-2012/03/2 დასკვნას, რომლის შესაბამისად, ქ. ბათუმში, ... ქ. №99-ში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე დამატებითი ფართისა და აივნის მიშენების პროექტის კონსტრუქციული ნაწილი არ არის დამუშავებელი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2010 წლის 4 დეკემბერს გაცემული №13457/03 დასკვნის შესაბამისად. პროექტს აქვს მეტად არასრულყოფილი სახე, ის შეიცავს მრავალ ხარვეზს და შეუსაბამობას, ამიტომ პროექტი საჭიროებს საფუძვლიან გადამუშავებას.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
სადავოა ქ. ბათუმის მერიის 2012 წლის 5 სექტემბრის №927 ბრძანების გამოცემის კანონიერება.
სასამართლოს დასკვნები - ო. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასება:
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 35-ე მუხლით განსაზღვრულია მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების კვლევა, კერძოდ, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის კვლევა უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მომზადებამდე, ზოგიერთ შემთხვევაში შენობა-ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობის და გამოყენების დროს (შენობა-ნაგებობის მშენებელობის პროცესში ან გამოყენების დროს კვლევისათვის აუცილებელი გარემოებების წარმოქმნის შემთხვევეაში). ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კი ახალი მშენებლობის და არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას უნდა მოხდეს იმ არსებულ შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება, რომლის მომიჯნავედაც დაგეგმილია მშეენებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მდგომარეობაზე, მაშინ უნდა მოხდეს ამ შენობა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა.
აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს შეფასებით, წინასაპროექტო სამუშაოების დროს უნდა განხორციელდეს მომიჯნავე შენობა-ნაგებობის მდგრადობის სათანადო კვლევა მისი მდგომარეობის დაფიქსირებისათვის, უნდა განისაზღვროს არსებულ ობიექტზე დაგეგმილი სამუშაოების შესაძლო ზემოქმედების ხარისხი და გათვალისწინებული უნდა იქნეს სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2011 წლის 11 ნოემბრის №022179-2011/03 დასკვნიდან ირკვევა, რომ ქ. ბათუმში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე დამატებითი ფართის და აივნის მიშენების პროექტი შინაარსობრივად არადამაკმაყოფილებელ დონეზეა შესრულებული. შენობის კონსტრუქციები არასაიმედოა. არ არის შეფასებული და დასაბუთებული განხორციელებული რეკონსტრუქციით, მეზობელ შენობაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. პროექტი მოითხოვს გადამუშავებას და მიღებული გადაწყვეტილების ანგარიშით დასაბუთებას. აქედან გამომდინარე წარმოდგენილი პროექტით დარღვეულია ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მულხის მოთხოვნები.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია დაუშვებელია მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. თავის მხრივ, საკუთრების უფლებას ასევე იცავს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის ,დ“ ქვეპუნქტით მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების დადგენის განხორციელების ერთ-ერთ პრინციპს წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვა და რეალიზაცია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. კ-ის მიერ ქ. ბათუმში, ... ქ. №99-ში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახელზე დამატებითი ფართისა და აივნის მიშენებით არსებითად ირღვეოდა ა. ნ-ის (სხვა პირი) კანონიერი უფლებები და ინტერესები საკუთრებასთან დაკავშირებით.
ამასთან, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა, მათი უფლებების დაცვის განასაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დაინტერესებული პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხევევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გაცემული ბრძანებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის მიმართ მართალია მოსარჩელე მხარეს უდავოდ ჰქონდა, ვინაიდან მის მიერ აღნიშნული აქტის საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება (საცხოვრებელ სახლზე დამხმარე ფართის და აივნის მიშენება). თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონიერი ნდობის გარდა, კანონი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს და ინტერესებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ო. კ-ის მიერ ქ. ბათუმში, ... ქ. №99-ში მდებარე ორსართულიან საცოხვრებელ სახლზე დამატებითი ფართისა და აივნის მიშენებისას დაირღვა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები, აღნიშნული კი თავის მხრივ არღვევს ა. ნ-ის (სხვა პირის) კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილი იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად ეცნო სადავო აქტები.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა ,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით (იხ. ს.ფ 172-188; ტ.1);
აპელანტი: ო. კ-ე, წარმომადგენლები - თ. ჭ-ე; რ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე: ქ. ბათუმის მერია; წარმომადგენელი - მ. კ-ე
მესამე პირი - ა. ნ-ი; წარმომადგენელი - ლ. დ-ე
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე ექსპერტის და სპეციალისტის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებისა და ექსპერტის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 195-199; ტ.1. 17-22; ტ.2).
აპელაციის მოტივები:
სამართლებრივი: არამართებულია სასამართლოს მითითება, რომ სადავო აქტებით ა. ნ-ს ადგება ზიანი, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, კი არ დგინდება, თუ რა ზიანი ადგება სადავო აქტით ა. ნ-ის საკუთრებას.
აეპლანტის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნაში, რომლის გათვალისწინებითაც ბათილად ცნო მერიამ სადავო აქტები, არ არის ნამსჯელი თუ რა ხარისხის ზიანი მიადგა და მიადგება შემდგომში ა. ნ-ის საკუთრებას და ამდენად, რა სახის ღონისძიება უნდა გატარდეს, რომელიც ხელს შეუწყობს მომიჯნავე შენობა-ნაგებობის არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ჩაეტარებინა ექსპერტიზა, რომლის წინაშეც დაისმებოდა შეკითხვა 2011 წლის 3 ოქტომბრის საცხოვრებელ სახელზე დამატებითი ფართისა და აივნის მიშენების 2011 წლის 3 ოქტომბრის №429 პროექტი შეესაბამება თუ არა 2010 წლის 4 დეკემბრის სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულ მითითებებს და შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიწვევს თუ არა შენობის (მდებარე, ქ. ბათუმში,, ... ქ. №99) კონსტრუქციულ და არქიტექტურულ ნაწილში ცვლილებას, ხოლო ზემოაღნიშნული მითითების შეუსაბამოდ განხორციელებული მშენებლობა მიაყენებდა თუ არა ზიანს ქ. ბათუმში, ... ქ. №101 ამირან და ნ. ნ-ების საკუთრებაში მდებარე შენობა-ნაგებობებს (იხ. ს.ფ. 17-22; ტ.2).
მოწინააღმდეგე მხარესა და მესამე პირს სააპელაციო შესაგებელი ო. კ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ო. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2012 წლის 5 სექტემბრის №927 ბრძანება და ქ. ბათუმის მერიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ო. კ-ის მოთხოვნა ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ქ. ბათუმის მერიას ო. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 121-141; ტ.2).
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №99-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დამატებითი ფართისა და აივნის მიშენების თაობაზე ო. კ-ის მიერ წარდგენილი არქიტექტურული პროექტის დამტკიცების შესახებ ბრძანებისა და მის სახელზე გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობის დროისათვის ო. კ-ის მიერ წარმოებული მშენებლობა უკვე დასრულებული იყო.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე სადავოდ ხდის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ არც ექსპერტიზის დასკვნებში და არც გასაჩივრებულ ბრძანებაში არ არის მითითებული კონკრეტული მიზეზი და გარემოება, რაც საფუძვლად დაედო ო. კ-ის მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ ბრძანებისა და მის სახელზე გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობას, არ არის ნამსჯელი, თუ რა ზიანი ადგება განხორციელებული მშენებლობით ა. ნ-ის საკუთრებას და რა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომელიც ხელს შეუწყობს მომიჯნავე შენობა-ნაგებობის არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას, შესაბამისად, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას გამოასწოროს ის უსწორობები და შენიშვნები, რაც სადავო ბრძანების მიღების საფუძველი გახდა.
სააპელაციო პალატის მითითებით, ქ. ბათუმის მერიამ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2012 წლის 8 აგვისტოს №026561-2012/03/2 ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ქ. ბათუმის მერიამ 2012 წლის 5 სექტემბრის №927 ბრძანებით ისე დააკმაყოფილა მესამე პირის - ა. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და მათი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნო სადავო აქტები, რომ არ უმსჯელია ადმინისტრაციული საჩივრის მოტივების საფუძვლიანობაზე, არ დაუსაბუთებია თუ რა უშუალო და პირდაპირი ზიანი ადგებოდა მესამე პირს - ა. ნ-ს სადავო აქტებით და რით დასტურდებოდა ასეთი, ამასთან, მოსარჩელისათვის არ განუმარტავს, კონკრეტულად რა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა მის მიერ წარდგენილი პროექტი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ ქ. ბათუმის მერიამ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნათა გათვალისწინებით მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება და განმარტა, რომ ქ. ბათუმის მერიას, როგორც ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ზემდგომ ადმინისტრაციული ორგანოს, კანონით მინიჭებული აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების გზით იმსჯელოს და შეფასება მისცეს გასაჩივრებული აქტის, როგორც ფორმალურ, ისე მატერიალურ კანონიერებაზე და წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად მხოლოდ კანონის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ექსპერტიზის დასკვნას არ ჰქონდა წინასწარ დადგენილი სავალდებულო ხასიათი ქ. ბათუმის მერიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. ქ. ბათუმის მერიის კომპეტენცია არ შეიძლება შეიზღუდოს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ იგი არ უნდა იქცეს გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ, უპირობო და სავალდებულო საფუძვლად. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული დასკვნა არ არის კატეგორიული. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასების საგანი შეიძლება ყოფილყო და არა გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქ. ბათუმის მერიამ საკითხის ხელახალი შესწავლისას სრულფასოვნად უნდა გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების ჩატარების მეშვეობით. ქ. ბათუმის მერიამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი უნდა შეამოწმოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალისაზრისით, ქ. ბათუმის მერიამ ხელახლა, კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება ა. ნ-ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე და სააპელაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ამასთან, აპელანტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებასთან ერთად, გაასაჩივრა ექსპერტიზის დანიშვნაზე ურის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის განჩინება, რომლის გაუქმების შესახებ აპელანტის მოთხოვნა პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან, საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელეს დასაბუთებულად ეთქვა უარი ექსპერტიზის დანიშვნაზე, ანალოგიური შუამდგომლობა ასევე არ დააკმაყოფილა საპელაციო სასამართლომაც, შესაბამისად, არ არასებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.
კასატორი (მესამე პირი) – ა. ნ-ი; წარმომადგენელი - ლ. დ-ე
თავდაპირველი მოპასუხე - ო. კ-ე; წარმომადგენლები - რ. ბ-ე; თ. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. ბათუმის მერია; წარმომადგენელი - მ. კ-ე
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას (იხ. ს.ფ. 153-161; 197-207; ტ.2).
კასაციის მოტივები:
პროცესუალური : კასატორის მითითებით გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამასთან, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არასწორად განმარტა კანონი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
მატერიალური: არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ თითქოს ო. კ-ის მიერ დასრულებულია მშენებლობა ქ. ბათუმში, ... ქ. #99-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დამატებითი ფართისა და აივნის მიშენება, არქიტექტურული პროექტის დამტკიცების შესახებ ბრძანებისა და სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობის დროისათვის, კასატორის მტკიცებით, აღნიშნულ ფაქტს სასამართლო სხდომაზე ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა საქაერთველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი თუმცა, საქმის გარემოებებს მისცა არასწორი შეფასება, კერძოდ, მიიჩნია სადავო ადმინისტრაციული აქტი დაუსაბუთებლად მიიჩნია, მაშინ, როდესაც ქ. ბათუმის მერიამ დაასაბუთა ქ. ბათუმის მერიის რაქტიტეტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 3 ოქტომბრის №1165 ბრძანება და #000787 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობის საფუძვლები, რაც გამომდინარეობდა ექსპერტიზაზე დასმული კონკრეტული კითხვის კონკრეტული პასუხიდან, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №99-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დამატებითი ფართისა და აივნის მიშენების პროექტის კონსტრუქციული ნაწილი არ იყო დამუშავებული ექსპერტიზის მიერ 2010 წლის 4 დეკემბერს გაცემული №13457/03 დასკვნის შესაბამისად, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზის დასკვნაც და მერიის გადაწყვეტილებაც იყო კონკრეტული და დასაბუთებული. სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რას გულისხმობდა აქტის მომზადების ან გამოცემის დარღვევაში, თუ რა ნაწილში იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს (იხ. ს.ფ. 153-161; 197-207; ტ.2).
კასატორი (მოპასუხე) – ქ. ბათუმის მერია; წარმომადგენელი: მ. კ-ე
თავდაპირველი მოსარჩელე - ო. კ-ე; წარმომადგენლები - რ. ბ-ე; თ. ჭ-ე
მესამე პირი - ა. ნ-ი; წარმომადგენელი - ლ. დ-ე
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 153-161; 197-207; ტ.2).
კასაციის მოტივები:
პროცესუალური : კასატორის მითითებით გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამასთან, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არასწორად განმარტა კანონი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
მატერიალური: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მის მიერ სამოტივაციო ნაწილში მოყვანილ მსჯელობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ დასკვნით, მერიის ისე ცნო ბათილად ო. კ-ეზე გაცემული არქტიტექტურული პროექტების შეთანხმების ბრძანება და მშენებლობის ნებართვა, რომ არ უმსჯელია ადმინისტრაციული საჩივრის მოტივების საფუძველზე, არ დაუსაბუთებია თუ რა უშუალო და პირდაპირი ზიანი ადგებოდა მესამე პირს - ა. ნ-ს სადავო აქტებით და რით დასტურდება ასეთი. კასატორის მტკიცებით, თუ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მერიას არ გამოუკვლევია საკითხი გასაჩივრებული აქტებით თუ რა ზიანი ადგებოდა მესამე პირს და ისე მიიღო სადავო აქტი მას უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოებას დაუშვებლობის მოტივით, რისი უფლებაც მას გააჩნდა ან უნდა მიეღო გადაწყვეტილება და მერიისათვის დაევალებინა საჩივრის განხილვა დასაშვებობის სტადიიდან.
კასატორის განმარტებით, ასევე არალოგიკურია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ექსპერტიზასთან დაკავშირებით, თუ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ იყო კატეგორიული, გაუგებარია, რატომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე (იხ ს.ფ. 165-173; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით ო. კ-ემ მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და მიუთითა, რომ ქ. ბათუმის მერიას თავად შეუძლია ადმინისტრაციული წარმოების დროს დანიშნოს და ჩაატაროს ექსპერტიზა და საქმეზე არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოება სრულყოფილად და ობიექტურად შეისწავლოს, გამოიკვლიოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 210-215; ტ.2).
ო. კ-ემ საკასაციო შესაგებლით ასევე მოითხოვა ა. ნ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და მიუთითა, რომ გაურკვეველია რა ზიანი ადგება ამირან ნადირშვილს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით (იხ. ს.ფ. 225-230; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები: (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის განჩინებით მიიჩნია, რომ ა. ნ-ისა და ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრები შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და ის მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია (იხ. ს.ფ. 232-235; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. ბათუმის მერიისა და ა. ნ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2 და 394 ,,ე” მუხლების მოთხოვნები; სასამართლომ დავა გადაწყვიტა ისე, რომ არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები, არ გამოუყენებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების მიღებისას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე ბს-220-210(კ-06) დ. მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, 2006 წლის 4 ივლისის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სასამართლო პრაქტიკას, რომლის მიხედვით საკასაციო სასამართლომ იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის კვალიფიციური გამოყენების შესახებ, კერძოდ: ,,საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.“
საკასაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში არასწორია სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება, ვინაიდან მითითებული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
სასამართლოს დასკვნა - ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საჭიროების შესახებ არ გამომდინარეობს საპროცესო კანონით განსაზღვრული დანაწესის ნამდვილი შინაარსიდან, ამასთან, სასამართლომ არ მიუთითა ადმინისტრაციული ორგანოს თუ რა ფაქტების გამოკვლევაა საჭირო ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას, არამედ სასამართლო გადაწყვეტილების ეს სახე გამოყენებულ იქნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახლა გამოეცა აქტი, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის არასავალდებულო, არამედ ფაკულტატური ხასიათის გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 385.2 მუხლის შესაბამისად, სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა ვინაიდან, გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც უპირობოდ შექმნიდა საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების წინაპირობას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორთა მოტივს - გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გადმოცემულ მსჯელობებისა და დასკვნის წინააღმდეგობრივი ხასიათის თაობაზე, კერძოდ, ერთის მხრივ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2012 წლის 8 აგვისტოს №026561-2012/03/2 დასკვნა (რომელიც გაიზიარა ბათუმის მერიამ), შეფასდა, როგორც კატეგორიული ხასიათის არმქონე, თუმცა, მეორეს მხრივ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქმეზე ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, ასევე არ გააუქმა ქვემდგომი სასამართლოს განჩინება ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალების ამგვარი შეფასება ეწინააღმდეგება, როგორც სსსკ-ის 105-ე მუხლით მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასება-დადგენის საპროცესო სტანდარტს, ასევე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებულ უფლებამოსილებას - ადმინისტრაციულ სამართალწარმოების ოფიციალობის პრინციპის საფუძველზე განხორციელებას. საკასაციო სასამართლო დასძენს, იმ პირობებში, როცა სასამართლო ორგანოები სარწმუნოდ, საკმარისად არ მიიჩნევენ საქმეში არსებულ რომელიმე მტკიცებულებას ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოების დადგენილად/დაუდგენლად მიჩნევისათვის, უფლებამოსილნი არიან თავად მოიპოვონ მათი დამადასტურებელი/გამაქარწყლებელი ნებისმიერი დოკუმენტაცია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს: ექსპერტიზის დასკვნის სპეციფიკური ხასიათის და მისი, საქმის გარემოებების ობიექტური და სრულფასოვანი გამოკვლევა-დადგენის მიზნით აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, თვით სამოქალაქო სამართალწარმოებაშიც სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ასევე უშვებს დამატებითი და გენმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის შესაძლებლობას 173-ე მუხლით განსაზღვრულ პირობების არსებობის შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის XV-XX თავების საფუძველზე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მტკიცებულებათა სახეები: წერილობითი, ზეპირი და ნივთიერი სახის მტკიცებულებები. სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (ნაწილი 1). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნა - სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუსაბუთებულობასთან დაკავშირებით არ ემყარება საქმის მასალების ობიექტურ და ყოველმხრივ გამოკვლევას, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საწინააღმდეგო არცერთი ფაქტობრივი გარემოება სასამართლოს არ გამოუკვლევია და დადგენილად არ მიუჩნევია.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე ქ. ბათუმის მერიამ მოსარჩელე ო. კ-ეს სადავო აქტში არ განუმარტა, კონკრეტულად რა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა მის მიერ წარდგენილი პროექტი (იხ. გადაწყვეტილება გვ.16; ს.ფ. 136; ტ.2), შემდეგ გარემოებათა გამო:
ს.ფ. 7-10-ზე (ტ.1) წარმოდგენილი ქ. ბათუმის მერიის 2012 წლის 5 სექტემბრის #927 ბრძანებაში აღწერილია, რომ ო. კ-ის სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვა ერთხელ უკვე იქნა ბათილად ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2011 წლის 15 აგვისტოს #262 ბრძანებით და ქვემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს - მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს დაევალა საკითხის ხელახლა განხილვა და სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2010 წლის 4 დეკემბრის №13475/03 დასკვნის გათვალისწინებით ახალი აქტის გამოცემა, იმ მოტივით, რომ მერიის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული პროექტის არასრულყოფილება და მისი უარყოფითი ზემოქმედება ... ქ. #101-ში მდებარე ნ-ების საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე, რის გამოც პროექტი მოითხოვდა კორექტირებას, მეტ დეტალიზაციას და კვანძურ დამუშავებას, ამავე აქტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ამგვარი მითითებისა, ქვემდგომმა ორგანომ კვლავ შეათანხმა ო. კ-ის პროექტი, რომელიც სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2012 წლის 8 აგვისტოს №026561-2012/03/2 ექსპერტიზის დასკვნით არ არის დამუშავებული ამავე ბიუროს 2010 წლის 1 დეკემბერს გაცემული დასკვნის გათვალისწინებით (იხ. ს.ფ. 9; ტ.1).
საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ.
კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, ასევე სამართალწარმოებაში ექსპერტიზის დანიშვნა დამოკიდებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ისეთი სპეციფიკური საკითხების დადგენაზე, რომელიც მოითხოვს სათანადო, სპეციალურ ცოდნას, რომელიც არ გააჩნია მმართველობის თანამდებობის პირს ან მოსამართლეს, რაც მოცემულ საქმეში უდავოდ სახეზეა, რამდენადაც სამშენებლო პროექტი წარმოადგენს იმგვარ დოკუმენტს, რომელიც მხოლოდ სპეციალური ცოდნის, პროფესიის, სპეციალისტის კვალიფიკაციის მქონე პირების ერთობლივი, კომპლექსური სამუშაოს შედეგია, ასე, მაგ: გეოლოგიური-საინჟინრო, სამშენებლო, ინსოლაციის, განათებისა და სხვა პარამეტრების შეჯერების შედეგად შეიძლება შეიქმნას, შესაბამისად, მისი სიზუსტის, სისწორის, შესაბამისობის დადგენა ასევე სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს.
გაურკვეველია, რომელი მტკიცებულების საფუძველზე მისცა სააპელაციო სასამართლომ შეფასება (ვინაიდან სხვა ალტერნატიული ხედვით საექსპერტო დასკვნა საქმეში წარმოდგენილი არ არის) სადავო აქტით გაზიარებულ საექსპერტო დასკვნა, ან რა საწინააღმდეგო მტკიცებულება გააჩნდა მერიას განსხვავებული სამართლებრივი შეფასების მოსახდენად. ფაქტია, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მიიჩნია, შესრულებულად თავისი წინა გადაწყვეტილება, რის გამოც ბათილად ცნო ქვემდგომი ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილებები და რისი უფლებაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 თავის საფუძველზე მმართველობის იერარქიული (ინსტანციური) კონტროლის ფუნქციიდან გამომდინარე, სრულად გააჩნდა.
ამდენად, იმ პირობებში, როცა სააპელაციო სასამართლოში საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა, ხოლო ადმინისტრაციული წარმოებაში დადგენილი ფაქტების სისწორე გაქარწყლებული არ ყოფილა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული სასამართლო აქტის მიღების წინაპირობა არ არსებობს.
ასევე დაუსაბუთებელია დასკვნა, რომ მოპასუხეს არ შეუსწავლია სადავო მშენებლობით თუ რა ზიანი ადგება ა. ნ-ის საკუთრებას, ასეთ პირობებში წინააღმდეგობრივია ა. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის ხელახლა განსახილველად ორგანოსათვის საქმის დაბრუნება, რამდენადაც თუ ორი ინსტანციის სასამართლო დავის პირობებში ვერ დგინდება მესამე პირის კანონიერი ინტერესები მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით მაშინ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მისცემოდა მითითება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლით გათვალისწინებული წესით იყო თუ არა ა. ნ-ი დაინტერესებული მხარე, რომელსაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება აქვს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრებში ჩამოყალიბებული არგუმენტები სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტების არასწორ დადგენასთან და კანონის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით იურიდიულად დასაბუთებულია, შესაბამისად, ქვემდგომი სასამართლოების სამართლებრივი შეფასებები არასწორია და არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის პრინციპებისა და კონკრეტული ნორმების სწორი გამოყენება – განმარტებიდან, სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის დადგენილი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებიდან, რის გამოც მოცემული დავა ექვემდებარება ხელახლა განხილვას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით სახეზეა საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ბათუმის მერიისა და ა. ნ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3.სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/