Facebook Twitter

ბს-108-106 (კ-14) 04 დეკემბერი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.13წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…“ დირექტორმა 08.02.13წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქ. ქუთაისის საკრებულოს, ქ. ქუთაისის მერიის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურისა და შპს „ქ…“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ქუთაისის საკრებულოს 04.01.13წ. №3 აქტის, ქ. ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 16.11.12წ. №ჭ-1684 აქტის და ქ. ქუთაისის მერიის 30.04.13წ. №ხ-3256 წერილების ბათილად ცნობა, ასევე შპს „ქ…“ არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების შესრულების, ხოლო ქ. ქუთაისის მერიისათვის მის შესრულებაზე კონტროლის დავალება, ქ. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 31.10.11წ. №1199 ბრძანებაში ცვლილების შეტანის დავალება შპს „ქ…“ სამშენებლო დოკუმენტში „5“ და „6“ ღერძებში მდებარე ღიობების გაუქმების შესახებ და ქ. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის კორექტირებული სამშენებლო დოკუმენტის შეთანხმების დავალება, რომელშიც „5“ და „6“ ღერძებზე გათვალისწინებული იქნება ყრუ კედელი ღიობების გარეშე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.07.13წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.13წ. განჩინებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.07.13წ. გადაწყვეტილება.

განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „…“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, შპს „…“ სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ (ს.ნ….) 16.01.14წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „… “ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.13წ. განჩინება;

3. შპს „…“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ (ს.ნ….) 16.01.14წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე