საქმე ¹ბს-11-11(კ-14) 25 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ა. ვარდიძე;
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, წარმომადგენლები გ. ღ-ი, ლ. ჩ-ა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ს-ე;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება;
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 26 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. ს-ემ მოპასუხის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მ. ს-ის ატესტაციის ნაწილში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 28 იანვრის N1 სხდომის ოქმის, მ. ს-ის ატესტაციის შედეგების ნაწილში ამავე კომისიის 2013 წლის 18 თებერვლის N4 სხდომის ოქმისა და მ. ს-ის დათხოვნის თაობაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2013 წლის 25 მარტის N26 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დავალდებულება მ. ს-ე აღედგინა ადმინისტრაციის ... განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისთვისვე მ. ს-ის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 7 აგვისტოს N59 პ/შ ბრძანებით მ. ს-ე დაინიშნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ... განყოფილების უფროსი სპეციალისტის /.../ თანამდებობაზე, 2012 წლის 7 აგვისტოდან 3 თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 15 იანვრის N12 ბრძანებით შეიქმნა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია და დაინიშნა კომისიის წევრები, ხოლო N13 ბრძანებით პრეტენზიების განხილვის მიზნით შეიქმნა საპრეტენზიო კომისია.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიისა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკი. აღნიშნული ბრძანება, ატესტაციის ჩატარების გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცუდურების, ფორმების, პირობებისა და ატასტაციის შესაძლო შედეგების შესახებ, ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გაეცნო საავტომობილო გზების დეპარტამენტში ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეებს, მათ შორის მ. ს-ეს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 28 იანვრის სხდომის N1 ოქმის თანახმად, კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ადმინისტრაციის ... განყოფილების უფროსი სპეციალისტის (...) მ. ს-ესთან დაკავშირებით და დაადგინეს-იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. ს-ე ატესტაციის პირველი ეტაპის პერიოდისათვის მუშაობდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მ. ს-ისათვის მისი დანიშვნიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდგომ ატესტაციის ჩატარების შესახებ.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 18 თებერვლის N4 სხდომის ოქმის თანახმად, მ. ს-ემ ატესტაცია გაიარა 2013 წლის 18 თებერვალს. კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მ. ს-ის შესახებ და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ მ. ს-ე არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარებოდა გათავისუფლებას.
მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარეს, საატესტაციო კომისიის დასკვნის გაუქმების თაობაზე, რომლითაც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მ. ს-ის გათავისუფლების შესახებ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საპრეტენზიო კომისიის 2013 წლის 25 თებერვლის N1 სხდომის ოქმის თანახმად, საპრეტენზიო კომისიამ განიხილა მ. ს-ის განცხადება და ერთხმად დაადგინა, რომ უცვლელად უნდა დარჩეს საკონკურსო -საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება.
2013 წლის 21 თებერვალს მ. ს-ე ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, გაფრთხილებულ იქნა 2013 წლის 25 მარტიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 25 მარტის N26 პ/შ ბრძანებით მ. ს-ე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, ატესტაციის შედეგების საფუძველზე, 2013 წლის 25 მარტიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 361-ე მუხლსა და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის N47 ბრძანებულების მე-4 მუხლზე და განმარტა, რომ განსახილველ შეთხვევაში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიისა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკი. აღნიშნული ბრძანება, ატესტაციის ჩატარების გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმების, პირობებისა და ატესტაციის შესაძლო შედეგების შესახებ, ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გაეცნო საავტომობილო გზების დეპარტამენტში ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეებს, მათ შორის, მ. ს-ეს.
მ. ს-ე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ... განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დაინიშნა 2012 წლის 7 აგვისტოდან, 3 თვის გამოსაცდელი ვადით. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 28 იანვრის სხდომის N1 ოქმის თანახმად, კომისიის წევრებმა სწორად დაადგინეს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. ს-ე ატესტაციის პირველი ეტაპის პერიოდისათვის მუშაობდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, იგი ატესტაციას ექვემდებარებოდა მისი დანიშვნიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მან 2013 წლის 28 იანვარს გაიარა ატესტაცია და 2013 წლის 28 იანვრის სხდომის N1 ოქმში მითითებული გარემოება მასთან მიმართებაში არ შეესაბამება სიმართლეს. 2013 წლის 30 იანვარს მან უარი განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 30 იანვრის N20 ბრძანების გაცნობაზე იმ საფუძვლით, რომ ატესტაცია გავლილი ჰქონდა 2013 წლის 28 იანვარს. 2013 წლის 18 თებერვალს მას ატესტაცია არ გაუვლია. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ აღნიშნული გარემოებების დადასტურება ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლების საფუძველზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მ. ს-ე ატესტაციას არ ექვემდებარება არც 2013 წლის 28 იანვარს და არც 2013 წლის 18 თებერვალს, ვინაიდან მისი დანიშვნიდან 6 თვე ჯერ გასული არ იყო. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში შეფასებული იქნა მ. ს-ის პროფესიული ჩვევები, შესაძლებლობები და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან, გამოსაცდელი ვადის გასვლიდან სამ თვეში მ. ს-ე არ ექვემდებარებოდა ატესტაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მ. ს-ე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 7 აგვისტოს N59 პ/შ ბრძანებით დაინიშნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის... განყოფილების უფროსი სპეციალისტის /.../ თანამდებობაზე, 2012 წლის 7 აგვისტოდან 3 თვის გამოსაცდელი ვადით, მოპასუხის განმარტების თანახმად, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელესთან მიმართებაში არ გამოცემულა და აღნიშნული ბრძანების მოქმედება გაგრძელდა ავტომატურად. სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. ს-ის დანიშვნიდან 2012 წლის 7 აგვისტოდან, მის მიერ ატესტაციაზე გასვლამდე 2013 წლის 18 თებერვლამდე, გასული იყო კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადა, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადა ითვლება შრომით სტაჟში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის N47 ბრძანებულების მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე, კომისიის სხდომისა და ატესტაციის მიმდინარეობა აისახა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმებში, მოსარჩელე მ. ს-ესთან მიმართებაში კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო ეთხმად.
სასამართლომ განმარტა, რომ კომისიის მიერ ატესტაციაში მონაწილე პირების-კონკურსანტების შეფასების საკითხი განეკუთვნება ფართო დისკრეციის საგანს. სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების შემოწმებისას ვრცელდება გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არა მიზანშეწონილობის ასპექტებზე. მოსარჩელის კვალიფიკაციის დონისა და სპეციალობების გათვალისწინებით ცალკეულ თანამდებობაზე პირთა შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა ცალსახად განეკუთვნება კომისიის დისკრეციის სფეროს, როდესაც სამართლის ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას რამდენიმე სასურველი გადაწყვეტილებიდან მიიღოს ერთ-ერთი თანასწორობის პრინციპის დაცვით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისია განსახილველ შემთხვევაში, სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას მოქმედებდა მისივე დისკრეციის ფარგლებში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, ატესტაციის შედეგების საფუძველზე. ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის N47 ბრძანებულების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დაწესებულების ხელმძღვანელი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოხელისათვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ 2013 წლის 21 თბერვალს მ. ს-ე გაფრთხილებულ იქნა 2013 წლის 25 მარტიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 25 მარტის N26 პ/შ ბრძანებით კი მ. ს-ე 2013 წლის 25 მარტიდან გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, ატესტაციის შედეგების საფუძველზე, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 18 თებერვლის სხდომის N4 ოქმი, საპრეტენზიო კომისიის 2013 წლის 25 თებერვლის N1 ოქმი მ. ს-ის ატესტაციის შედეგების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2013 წლის 25 მარტის N26პ/შ ბრძანება მ. ს-ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე; მ. ს-ე აღდგენილ იქნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის... განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. მასვე აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; მ. ს-ეს უარი ეთქვა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 28 იანვრის N1 სხდომის ოქმის მ. ს-ის ატესტაციის ნაწილში ბათილად ცნობაზე და იძულებითი განაცდურის სრული მოცულობით ანაზღაურებაზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება საატესტაციო პერიოდიდან გამოსაცდელი ვადის ამორიცხვის თაობაზე და ჩათვალა, რომ აღნიშნული მოსაზრება არ ემყარება შესაბამის მატერიალურ -სამართლებრივ საფუძვლებს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე სამსახურში მიიღება თანამდებობაზე დანიშვნით ან არჩევით. თანამდებობაზე დანიშვნის იმავე კანონის 26-ე მუხლი უკავშირებს პირის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ფაქტს.
რაც შეეხება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 24-ე მუხლს, აღნიშნულია, რომ პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა. აღნიშნული მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირი დაინიშნება საჯარო სამსახურში, ის ითვლება საჯარო მოხელედ განურჩევლად იმისა, გამოყენებულია თუ არა მის მიმართ გამოსაცდელი ვადა. გამოსაცდელი ვადით სამსახურში მიღება პირს არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებებისგან, რაც კანონით დაწესებულია მოხელისათვის. გამოსაცდელი ვადა კანონის საფუძველზე ითვლება შრომის სტაჟში, კანონი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოხელეს არცერთი ნიშნით არ გამოარჩევს დანარჩენი მოხელეებისგან, გარდა იმისა, რომ გამოსაცდელი ვადა ადმინისტრაციას აძლევს დამატებით შესაძლებლობას დაადგინოს პირის შესაბამისობა წაყენებულ მოთხოვნებთან.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს 2013 წლის 18 თებერვალს ატესტაცია არ ჩატარებია და ამის შესახებ საატესტაციო კომისიას გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული აქტების კანონიერება შეამოწმა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 82-ე და 83-ე მუხლებთან მიმართებაში და ჩათვალა, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია აღნიშნული მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. მოცემული კანონის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ატესტაციას მოხელე ექვემდებარება 3 წელიწადში ერთხელ, რაც იმავე საფუძველზე მიჩნეულია საატესტაციო პერიოდად. ამავე კანონის 83-ე მუხლის თანახმად, მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტირებას.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოხელის ატესტაციის მიზანს წარმოადგენს მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. თანამედროვე გამოწვევებისა და ტექნოლოგიური მიღწევების პროცესში იქმნება საჭიროება თითოეულმა საჯარო მოხელემ იზრუნოს პროფესიული უნარ-ჩვევების სრულყოფასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც განაპირობებს ატესტაციის ინსტიტუტის არსებობის საჭიროებას. ამასთან, ატესტაციის ვადების განსაზღვრა დამოკიდებული არ არის ცალკეული თანამდებობის პირის მიხედულებაზე, კანონი ზუსტად განსაზღვრავს საატესტაციო პერიოდს, რომელიც წარმოადგენს 3 წელს, რაც მოხელეს აძლევს შესაძლებლობას ატესტაციიდან ატესტაციამდე პერიოდი გამოიყენოს პროფესიული ზრდის თვალსაზრისით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მ. ს-ე არ ექვემდებარებოდა ატესტირებას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2012 წლის 7 აგვისტოს, მ. ს-ის სამსახურში მიღებისას გამოყენებულ იქნა 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა, რომლის მიზანსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე ატესტაციის მსგავსად, წარმოადგენს მოხელის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობის დადგენა დაკავებულ თანამდებობასთან.
მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ 3 წლიანი პერიოდი საერთოა ყველა თანამშრომლისათვის და მისი ათვლა იწყება წინა ატესტაციის ჩატარებიდან, ასეთ პირობებშიც მისი მოსაზრებით, სადავო აქტები ეწინააღმდეგება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რამდენადაც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელ წელს (2013 წელს) მ. ს-ე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ კანონშეუსაბამოდ მიიჩნია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 18 თებერვლის N4 სხდომის ოქმი მ. ს-ის ნაწილში და ჩათვალა, რომ უკანონობის მოტივით სახეზეა გასაჩივრებულ ნაწილში მისი ბათილობის საფუძველი. რაც შეეხება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საპრეტენზიო კომისიის 2013 წლის 25 თებერვლის N1 სხდომის ოქმს, მ. ს-ის საჩივრის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 25 მარტის N26 პ/შ ბრძანებას მ. ს-ის გათავისუფლების თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ისინი არ საჭიროებენ დამატებით სამართლებრივი დასაბუთების წარმოდგენას, რამდენადაც აღნიშნული აქტები ემყარება 2013 წლის 18 თებერვლის N4 სხდომის ოქმს, რომლის სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიჩნეულია კანონშეუსაბამოდ.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო არასწორ სამართლებრივ განმარტებას აძლევს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნტს, რადგან აღნიშნული მუხლით დადგენილია, რომ მოხელე ატესტირებას ექვემდებარება წელიწადში ერთხელ, მაგრამ ამავდროულად არ არის შეზღუდული, რომ 3 წლის განმავლობაში რომელიმე წელს ჩაატაროს ატესტირება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 83-ე მუხლთან მიმართებაში კასატორი, ასევე, არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ მიიჩნია მ. ს-ესთან მიმართებაში 2013 წლის 18 თებერვალს ჩატარებული ატესტირება ატესტირების პერიოდის უკანასკნელ წლად, მაშინ როდესაც მ. ს-ე ატესტაციას დაექვემდებარა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 30 იანვრის N20 ბრძანებით ანუ ბრძანების გამოცემის პირველივე წელს.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო მხედველობაში და არ მისცა სამართლებრივად სწორი შეფასება იმ გარემოებას, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 2013 წლის 28 იანვრის სხდომაზე მ. ს-ის მიმართ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 83-ე მუხლის მეორე პუნქტის დანაწესი და მიიღო გადაწყვეტილება მ. ს-ისათვის მისი დანიშვნიდან 6 თვის შემდეგ ატესტაციის ჩატარების შესახებ. შესაბამისად ატესტირება ჩატარდა 2013 წლის 18 თებერვალს (N4 სხდომის ოქმი), როდესაც მოხელის დანიშვნიდან გასული იყო 6 თვეზე მეტი პერიოდი. ამ გარემოების გათვალისწინებით კი მ. ს-ის მიმართ არ იქნა დარღვეული ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 83-ე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული 6 თვიანი ვადა. კასატორის მოსაზრებით, მითითებული კანონის განსაზღვრული 6 თვიანი ვადა მოქმედებს მხოლოდ 3 წლიანი ვადის ბოლო წელთან მიმართებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო ინსტანციის სასამართლო ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას, თუმცა მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) სამართლებრივი (კანონიერების) მხარის შემოწმება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოებების გარეშე, რაც გულისხმობს იმას, რომ საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, თუმცა იგი ამოწმებს ერთ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ მხარეს, ხოლო მეორე შემთხვევაში-ფაქტობრივი გარემოებების დადგენის პროცესის მართებულობას. ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ კონსტატირებული საქმის ფაქტობრივი საფუძველი საკასაციო ინსტანციის სასამართლოსათვის სავალდებულოდ რჩება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის პროცესის კანონიერება სადავოდ არის ქცეული.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 28 იანვრის N1 სხდომის ოქმის მ. ს-ის ატესტაციის ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე მ. ს-ის ატესტაციის შედეგების ნაწილში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 18 თებერვლის სხდომის N4 ოქმის, საპრეტენზიო კომისიის 2013 წლის 25 თებერვლის N1 ოქმისა და მ. ს-ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2013 წლის 25 მარტის N26პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, მ. ს-ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ... განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის სრული მოცულობით ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს როგორც სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს, ასევე, ამავე ფაქტებზე მითითებით წაყენებულ სააპელაციო პრეტენზიებს. მოსარჩელის მითითებით იგი 2012 წლის 7 აგვისტოდან მუშაობდა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ... განყოფილების უფროს სპეციალისტად; 2013 წლის 11 იანვარს გაფრთხილებულ იქნა 2013 წლის 28 იანვრის ატესტაციის გავლის თაობაზე, მან 2013 წლის 28 იანვარს გაიარა ატესტაცია, მისივე მოსაზრებით, საკმაოდ კარგად, მაგრამ იმავე დღეს მისთვის ცნობილი გახდა სამსახურიდან მისი გათავისუფლების განზრახვის შესახებ, ამასთანავე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2013 წლის 18 თებერვლის ოქმი არ ასახავს მასში წარმოდგენილ ფაქტობრივი გარემოებების სინამდვილეს, საატესტაციო კომისიის სხდომა აღნიშნულ დღეს საერთოდ არ ჩატარებულა, შესაბამისად, მას ატესტაცია აღნიშნულ დღეს არ გაუვლია. მოსარჩელე მითითებულ გარემოებაზე დაყრდნობით ასაბუთებს სადავო უფლებასა და კანონიერ ინტერესს დავის საგნის მიმართ.
საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტის მტკიცების ვალდებულება მთლიანად მოსარჩელეს დააკისრა, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის მიერ შედგენილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმებზე დაყრდნობით (რომელიც არ შეიცავს რაიმე კონკრეტიზაციას გასაუბრების თემის ირგვლივ, კონკრეტულ კითხვებს, რაზეც მოსარჩელეს პასუხის გაცემა მოუწია, გაცემული პასუხის შინაარსს), უარყო სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა ამავდროულად არასწორად განსაზღვრული ფაქტების დადგენის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით (სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ) მოსარჩელეს შეუზღუდა საკასაციო სასამართლოში დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, მტკიცების ტვირთის განაწილება იმგვარად, რომ უგულებელყოფილ იქნეს იმ მხარის საპროცესო შესაძლებლობა, რომელიც დავის ხასიათიდან გამომდინარე ჩაყენებულია მტკიცების უფრო რთულ პირობებში, არ გამომდინარეობს მხარის საპროცესო უფლებების დაცვის ინტერესებიდან. სააპელაციო სასამართლოს სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებზე დასკვნის გაკეთებისას არ უმსჯელია როგორ უნდა ემტკიცებინა ან რა სახის მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა მოსარჩელეს იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მან ატესტაცია გაიარა არა 2013 წლის 18 თებერვალს, არამედ 2013 წლის 28 იანვარს და იგი სარჩელის საფუძველზე სადავოდ ხდის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 28 იანვრის N1 სხდომის ოქმის კანონიერებას იმ მოტივით, რომ ოქმი არასწორად ასახავს რეალობას. როგორც სარჩელში, ასევე ყველა ინსტანციის სასამართლო პროცესებზე მოსარჩელის მიერ დაფიქსირებულ ახსნა-განმარტებაში სადავოდაა გამხდარი 2013 წლის 18 თებერვალს შედგენილ ოქმში ასახული ცნობების სინამდვილე. პროცესის მხარე წარმოადგენს იმ პირს, რომელიც სადავო სამართლებრივი ურთიერთობის უშუალო მონაწილეა, ამიტომ მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებსაც აქვთ მნიშვნელობა საქმისათვის. ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობს კანონმდებელი, როდესაც მხარეთა ახსნა-განმარტებას თვლის მტკიცებულებად, მტკიცების ერთ-ერთ დამოუკიდებელ და მნიშვნელოვან საშუალებად. ამავე დროს, მხარეები და მესამე პირები საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან. ამ გარემოებამ კი შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მათი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე, მაგრამ, ასეთი ვითარება მხარეთა ახსნა-განმარტებას კი არ ართმევს მტკიცებულებით ძალას და მნიშვნელობას, არამედ ავალებს სასამართლოს განსაკუთრებული ყურადღებით შეაფასოს მხარის ახსნა-განმარტება.
იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ იქნა არცერთი დოკუმენტი, რომელიც ასახავდა გასაუბრების მიმდინარეობას, დასმულ შეკითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხებს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილია მშრალი, არაინფორმაციული ხასიათის გასაუბრების ოქმები, რომლებიც არ იძლევიან გასაუბრების პროცესის ანალიზის შესაძლებლობას, სასამართლოს ართმევს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისა და იმის დადგენის შესაძლებლობას, მოსარჩელემ ნამდვილად გაიარა თუ არა ატესტაცია 2013 წლის 18 თებერვალს. ამავდროულად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ოქმის წარმოების პროცედურა მკვეთრად გაწერილი არ არის შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მაგრამ ოქმის დანიშნულებას და მისი წარმოების სამართლებრივ მიზანს წარმოადგენს სწორედ სხდომის მსვლელობის აღწერა და იმ ფაქტების დეტალიზაცია, რასაც ადგილი ჰქონდა სხდომაზე, ამდენად, საკასაციო სასამართლო სადავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას ვერ გაიზიარებს წარმოდგენილი ოქმების სრულყოფილებასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებებს, მით უფრო, როდესაც საქმის გარემოებებით ირკვევა, რომ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 30 იანვრის N20 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სია და ატესტაციის ჩატარების გრაფიკი. აღნიშნული ბრძანება ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გაეცნო საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს, მ. ს-ეს გაფრთხილებაზე ხელი არ მოუწერია იმ მოტივით, რომ იგი ადმინისტრაციული წარმოების მოცემულ ეტაპზეც ამტკიცებდა ატესტაციის უკვე გავლის თაობაზე, რაც გახდა საფუძველი ხელმოწერაზე უარის თქმის, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება დასტურდება ასევე 2013 წლის 30 იანვარს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების განყოფილების მიერ შედგენილი ოქმით. ამდენად, წარმოდგენილი დოკუმენტები ასაბუთებენ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომაზე არგამოცხადების ნების არსებობის შესახებ.
საპროცესო კანონმდებლობაში მხარეთა შორის დამტკიცების ტვირთის განაწილება მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის კონკრეტული გამოვლინებაა. დამტკიცების ტვირთი მნიშვნელობას იძენს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა-დამტკიცება. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რომელი მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე ჩათვალა სასამართლომ ფაქტი დამტკიცებული. მაგრამ, როდესაც ფაქტი ვერ იქნა დამტკიცებული, მაშინ სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრებოდა ამ ფაქტის დამტკიცების ტვირთი და ისე გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამდენად, მართალია, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, მხარეებს თანაბარ საპროცესო ვალდებულებას აკისრებს დაამტკიცონ გარემოებები, რომლებზეც ამყარებენ თავიანთ მოთხოვნას თუ შესაგებელს, თუმცა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებების გათვალისწინებით, მტკიცების ტვირთის პრევალირებული დანიშნულების მატარებლად შესაძლოა, მოწინააღმდეგე მხარე გამოვიდეს, მით უფრო, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დამტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის მუქარა წარმოადგენს ფაქტორს, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა აქტიურობას წარმოუდგინონ სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებები, დაამტკიცონ შესაბამისი ფაქტები, მით უფრო, როდესაც მოსარჩელე აქტიურ მონაწილეობას იღებს მტკიცებულებათა მოპოვებაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვა იმ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც ამ სადავო სამართალურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე მხოლოდ მოპასუხესთან შეიძლება ინახებოდეს. 2013 წლის 18 თებერვალს მოსარჩელის ატესტაციის გავლის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით მოპასუხეს მეტი მტკიცების საშუალებებით, მათ შორის, აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერის ან სხვა საშუალებების დახმარებით, რომელსაც ,,ძლიერი’’ უტყუარი მტკიცებულების ხასიათი ექნებოდა, შესაძლებლობა ჰქონდა გაებათილებინა სარჩელში მითითებული გარემოებები.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სასამართლოში მტკიცებულებათა წარმოდგენა იმ ფაქტების დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცებაც წარმოადგენდა მის საპროცესო ვალდებულებას, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ფაქტის დაუმტკიცებლობის (მოსარჩელის მიერ 2013 წლის 18 თებერვალს ატესტაციის გავლის თაობაზე) არახელსაყრელი შედეგი ანუ მოპასუხეს მისი საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობის გამო უნდა დაეკისროს ფაქტის დაუმტკიცებლობის მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი შედეგი, რაც გულისხმობს სარჩელის დაკმაყოფილებას იმის გამო, რომ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ვერ დაამტკიცა სარჩელის წინააღმდეგ მის მიერ მითითებული შესაგებლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას სარჩელის საფუძვლიანობის არგაზიარებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, რადგან მოპასუხემ ვერ შეძლო მისი გამაბათილებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლო იმავდროულად კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მ. ს-ის ატესტაციისადმი არ დაქვემდებარების ნაწილში და თვლის, რომ სასამართლოს მსჯელობა ეფუძნება ნორმის არასწორ განმარტებას, კერძოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 82-ე და 83-ე მუხლების არასწორ განმარტებებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 7 აგვისტოს N59 პ/შ ბრძანებით მ. ს-ე დაინიშნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ... განყოფილების უფროსი სპეციალისტის /.../ თანამდებობაზე, 2012 წლის 7 აგვისტოდან. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 30 იანვრის N20 ბრძანებით მ. ს-ე ატესტაციას დაექვემდებარა თებერვალში, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 18 თებერვლის N4 სხდომის ოქმში მითითებულია, რომ მ. ს-ემ 2013 წლის 18 თებერვალს -დანიშვნიდან 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ გაიარა ატესტაცია, სააპელაციო სასამართლომ ამ გარემოებაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე იგი დანიშვნიდან 3 წლის მანძილზე არ ექვემდებარებოდა ატესტირებას და ამასთან, საატესტაციო პერიოდის უკანასკნელ წელს (2013 წელს) სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, რის გამოც ატესტაციისადმი მისი დაქვემდებარება ეწინააღმდეგებოდა ამავე მუხლის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
ატესტაციისადმი დაქვემდებარებულ პირთა ჩამონათვალს განსაზღვრავს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის პირველი პუნქტი, მოცემული ნორმის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად ატესტაციას ექვემდებარება მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი). ამდენად, აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს საატესტაციო პერიოდს, მაგრამ ამავე დროს არ ადგენს რაიმე შეზღუდვებს იმასთან დაკავშირებით, თუ 3 წლის განმავლობაში (საატესტაციო პერიოდში) კონკრეტულად რომელ წელს შეიძლება ატესტაციის ჩატარება, ამიტომ აღნიშნული მუხლი ამავე კანონის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტთან ერთობლიობაში უნდა განიმარტოს, რომელიც უშუალოდ აწესრიგებს ატესტაციის ჩატარების დროს. მოცემული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელ წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტირებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოცემული ნორმის შინაარსიის განმარტებასთან დაკავშირებით, საიდანაც გამომდინარეობს, რომ საატესტაციო პერიოდის უკანასკნელ წელს (ანუ მესამე წელს) ატესტირების ჩატარდებისას მოხელის დანიშვნიდან მის მიერ ნამუშევარი პერიოდის ჯამი უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაექვემდებარება შემდეგ ატესტაციას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 83-ე მუხლის ზემოაღნიშნულ განმარტებას და თვლის, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულად ადგენს საჯარო მოხელის ატესტირებისათვის დაქვემდებარების დაუშვებლობას, თუ საატესტაციო პერიოდის უკანასკნელ წელს მოხელის დანიშვნიდან 6 თვე არ არის შესრულებული, ამ შემთხვევაში -მოხელის მიერ ნამუშევარი პერიოდი 6 თვეზე ნაკლები რომ არ უნდა იყოს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა განიმარტოს ისე, რომ ნამუშევარი პერიოდის ათვლა მხოლოდ კალენდარული წლის დასაწყისიდან განხორციელდეს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ხსენებული ნორმების ამგვარი განმარტება არ შეესაბამება კანონის ტექსტსა და კანონმდებლის მიზანს. საკასაციო სასამართლო მოცემული ნორმის ანალიზისათვის მიუთითებს ასევე ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 1344-ემუხლის მე-3 პუნქტის დანაწესზე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დროებითი წესების შესახებ, სადაც დაზუსტებულია კანონმდებლის ნება მოხელის ატესტაციისადმი დაქვემდებარების ვადებთან დაკავშირებით, მოცემული მუხლი შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს, ამ ნორმის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც ატესტაცია არ გაუვლია, ატესტირებას ექვემდებარება 2015 წლის 1 ივლისამდე, თუ მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან გასულია 6 თვე. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვეზე ნაკლებია გასული, მოხელე, გარდა თანამდებობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით დანიშნული მოხელისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით ატესტირებას ექვემდებარება თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივლისისა. ამდენად, ცხადია კანონმდებლის ნება მოხელის დანიშვნიდან 6 თვის მანძილზე მისი ატესტაციისადმი დაქვემდებარების დაუშვებლობის შესახებ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ნორმა განიმარტოს ერთიანობის პრინციპის საფუძველზე ანუ ყოველი ნორმა წაკითხულიუნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში.
კანონმდებლის ნამდვილი ნების დასადგენად მნიშვნელოვანია ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 81-ე მუხლით გათვალისწინებულ ატესტაციის ჩატარების მიზნებზე მითითება, რამდენადაც ნორმების, მათი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხდება ნორმაში გამოყენებული ცნებების გზით. მოცემული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიხედვით მოხელის ატესტაცია არის მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ამდენად, ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, რამდენად შეესაბამება ესა თუ ის პირი უკვე დაკავებულ თანამდებობას, რა შემთხვევაშიც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მისი პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებას. პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება კი უკავშირდება საჯარო მოხელის გარკვეული დროით თანამდებობაზე ყოფნას, მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციისა თუ შესაძლებლობების ჩამოყალიბებას კი განაპირობებს კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი გამოცდილების არსებობა (კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა).
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სარჩელს საფუძვლიანად მიიჩნევს არა სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი განმარტებების საფუძველზე, არამედ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასების საფუძველზე, რომლითაც სარჩელი საფუძვლიანია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ამავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება მიიღება განჩინების ფორმით, მოცემული ნორმების დანაწესისა და იმის გათვალიწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ამოცემულ საქმეზე არსებითად (საქმის შედეგის მიხედვით) სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული და არ იცვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე