№ბს-13-13(2კ-უს-14) 25 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ნ. ტ-აია, პ. ტ-ი (მესამე პირები); სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. ჭ-ე
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი - ნ. ა-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 13 მარტს მ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მ. ჭ-ემ აღნიშნა, რომ 2007 წელს ნ. ა-მა მისგან ისესხა 60000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით უნდა დატვირთულიყო მსესხებლის დის - ი. ძ-ის კუთვნილი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. №15, ბინა №116. ნ. ა-მა მას წარუდგინა საბანკო ჩეკები წარმომდგენზე, რითაც დაარწმუნა კრედიტუნარიანობაში. ნ. ა-ი პერიოდულად ფარავდა სესხის თანხასა და პროცენტებს, შემდგომში თანხის გადახდა შეწყვიტა. მოსარჩელემ მოგვიანებით შეიტყო, რომ 2012 წლის 16 მაისს ნ. ა-ს, ი. ძ-სა და ნ. ტ-აიას შორის გაფორმდა ნ. ა-ისა და ი. ძ-ის თანასაკუთრებაში არსებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 მაისის განჩინებით მ. ჭ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზურნველყოფის მიზნით, უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისში, ... გამზირი №61, მე-3 სადარბაზო, მე-4 სართული, ბინა №61, ფართი 31,45 კვ.მ. საკადასტრო კოდი №..., კერძოდ, ნ. ა-ის კუთვნილ წილს ყადაღა დაედო. უძრავ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაცია გახდა ნ. ა-ს, ი. ძ-სა და ნ. ტ-აიას შორის დადებული ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. ამავე სასამართლოს 2012 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ჭ-ის სარჩელი და ნ. ა-ს მის სასარგებლოდ 34500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნ. ა-მა გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 11 თებერვლის №A12071742-013/001 განკარგულებით მოვალე ნ. ა-ის საკუთრებაში არსებული ბინა 2013 წლის 8 თებერვალს გამართულ პირველ აუქციონზე პ. ტ-იმ შეიძინა. აღნიშნული აუქციონი ჩატარდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის - ნ. ტ-აიას სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამარტივებული წესით გამოტანილი, გადახდის ბრძანების აღსრულების მიზნით. ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო 2013 წლის 11 თებერვლის №A12071742-013/001 განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №012013029701/3 გადაწყვეტილებით შეწყდა ყადაღის რეგისტრაცია, ხოლო 2013 წლის 12 თებერვლის №882013054777-03 გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა სააღსრულებო განკარგულება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 11 თებერვლის №A12071742-013/001 განკარგულებაში მითითება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 75-ე მუხლის მე-5 პუნქტზე არ გულისხმობდა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღის გაუქმებას. ამგვარი ქმედებით უზრუნველყოფის გარეშე დარჩა მისი მოთხოვნა.
მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ 1. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 4 დეკემბრის №12111234/8837 ბრძანების; 2.აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 11 თებერვლის №A12071742-013/001 განკარგულების; 3. ყადაღის შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №102013029701/3 გადაწყვეტილების; 4. რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №8820130547777-03 გადაწყვეტილებისა და 5. ნ. ტ-აიას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 თებერვლის №882013057243-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ნ. ა-ი, ნ. ტ-აია და პ. ტ-ი ჩაებნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ჭ-ემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 11 თებერვლის №A12071742-013/001 განკარგულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №102013029701/3 გადაწყვეტილება ყადაღის შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №8820130547777-03 იძულებითი აღსრულების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 თებერვლის №882013057243-03 გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. არ დაკმაყოფილდა მ. ჭ-ის სასარჩელო განცხადება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 4 დეკემბრის №12111234/8837 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა, რომლის თანახმად აღმასრულებელს არ ჰქონდა უფლება მოეხდინა ქონების რეალიზაცია, რადგან უძრავი ქონება, რომლის შემძენიც სააღსრულებო განკარგულების საფუძველზე გახდა პ. ტ-ი, სასამართლოს განჩინებით სარჩელის უზრუნველსაყოფად დაყადაღებული იყო. სააპელაციო პალატამ მოიხმო უზენაესი სასამართლოს №ბს-821-805 (კ-12) განჩინებაში ასახული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამართლებრივი შეფასება და არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631-ე მუხლის პირველი პუნქტის განმარტება. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასამართლო ყადაღა მხოლოდ მესაკუთრის მხრიდან ქონების განკარგვის შეზღუდვას ითვალისწინებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის არსსა და მიზნებთან და საფრთხეს უქმნის მოსარჩელის მხრიდან სასამართლოს მიერ დადასტურებული უფლებით სარგებლობას. ამასთან, სასამართლოს მიერ ყადაღის გამოყენების მიზანი არის არა მხოლოდ მოპასუხის შეზღუდვა, არამედ მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება, რაც სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით სააღსრულებო ორგანოს მხრიდან სასამართლოს მიერ დაყადაღებული უძრავი ნივთის განკარგვა აზრს არ უნდა უკარგავდეს სასამართლოს მიერ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას. ასეთი მიდგომა ეჭვქვეშ აყენებს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებას და შესაძლებლობას აძლევს მას თავი აარიდოს სასამართლოს მიერ უზრუნველყოფილი ქონებით პასუხისგებას. ამასთან, სადავო საკითხის ამგვარი განმარტება შესაძლებლობას აძლევს არაკეთილსინდისიერ მოვალეს სააღსრულებო ორგანოს მეშვეობით (მოჩვენებითი ხელშეკრულების საფუძველზე) განკარგოს ქონება. სააპელაციო პალატის განმარტებით სარჩელის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს მოთხოვნის არსებობას, მაგრამ სასამართლო დავას აზრი არ უნდა დაეკარგოს და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მით უფრო სარჩელის უზრუნველყოფის არსებობის პირობებში, უნდა არსებობდეს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში არსებობდა არა მხოლოდ სარჩელი, არამედ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც ნ. ა-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 30 000 აშშ დოლარის და სარგებლის 4500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის აღძვრის პირობებში მოსარჩელე სარგებლობს ეფექტური და პრევენციული დაცვის უფლებით. ეფექტური დაცვა თავად სარჩელით მოთხოვნილი უფლების მოპოვებას გულისხმობს, ხოლო პრევენციული დაცვისას მოსარჩელე უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ეს უფლება არ გაუქმდება სანამ მას უფლება აღუდგება. საქალაქო სასამართლოს მიერ კანონის ამგვარმა განმარტებამ მოსარჩელისათვის პრევენციულ დაცვას აზრი დაუკარგა, მან პრევენციული დაცვის უფლებით ვერ ისარგებლა. ფაქტობრივად მ. ჭ-ე სამართლებრივი დაცვის გარეშე დარჩა.
სააპელაციო პალატამ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის მე-19 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა სარეგისტრაციო სამსახურს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიუხედავად ნივთზე რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა, მოახდინოს ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაცია. ამდენად, აღნიშნული ნორმა რეგისტრაციის საგამონაკლისო წესს ეხება და სააღსრულებო ორგანოს ქმედების კანონიერება მასზე დაყრდნობით ვერ შეფასდება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. ჭ-ის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს განჩინებით ყადაღა ჰქონდა დადებული სადავო უძრავ ქონებას, ხოლო აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს არ გაუუქმებია. სარეგისტრაციო სამსახურმა სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) იგნორირებით გააუქმა სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ყადაღა. სააპელაციო პალატამ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-5 პუნქტზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სასამართლოს განჩინებით დადებული ყადაღის გაუქმებას ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს, ასევე სასამართლო ყადაღის და სარჩელის უზრუნველყოფის არსს, მის მიზნებს. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 4 დეკემბრის №12111234/8837 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 4 დეკემბრის №12111234/8837 ბრძანებით დავალიანების გადახდევინების შესახებ, გამარტივებული წარმოების წესით, ნ. ა-ს დაეკისრა ნ. ტ-აიას სასარგებლოდ 100 ლარისა და 20000 დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ბრძანებით მ. ჭ-ეს არანაირი პირდაპირი და უშუალო ზიანი არ მისდგომია. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 4 დეკემბრის №12111234/8837 ბრძანებასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინებით მ. ჭ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქალაქ თბილისი, ... გამზირი, მე-2 კვარტალი, კორპუსი 19/ქალაქი თბილისი, გამზირი ..., №61-ში მდებარე, საკადასტრო კოდი ..., უძრავ ქონებაზე ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოება ადმინისტრაციულ №3ბ/1217-13 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ამ საქმეზე დავის დასრულებამდე).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს პ. ტ-იმ და ნ. ტ-აიამ, ასევე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მ. ჭ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინება პ. ტ-იმ და ნ. ტ-აიამ გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით პ. ტ-ისა და ნ. ტ-აიას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად ზემდგომ სასამართლოს - საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით პ. ტ-ისა და ნ. ტ-აიას საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინება ნ. ტ-აიას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქ თბილისი, ... გამზირი, მე-2 კვარტალი, კორპუსი 19/ქალაქი თბილისი, გამზირი ..., №61-ში მდებარე (საკადასტრო კოდი ...) წილზე (2012 წლის 15 მაისის მდგომარეობით ნ. ა-ის საკუთრებაში აღრიცხული) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების ადმინისტრაციულ №3ბ/1217-13 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ამ საქმეზე დავის დასრულებამდე) აკრძალვის ნაწილში დარჩა უცვლელი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინება ნ. ტ-აიას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქ თბილისი, ... გამზირი, მე-2 კვარტალი, კორპუსი 19/ქალაქი თბილისი, გამზირი ..., №61-ში მდებარე (საკადასტრო კოდი ...) წილზე (ი. ძ-ისაგან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით შეძენილი) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების ადმინისტრაციულ №3ბ/1217-13 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ამ საქმეზე დავის დასრულებამდე) აკრძალვის ნაწილში გაუქმდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებებით ნ. ტ-აიასა და პ. ტ-ის, ასევე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაშვებულ იქნა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლომ მხარეებს შესთავაზა საქმის მორიგებით დასრულება.
2014 წლის 16 დეკემბერს მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია მხარეების - ნ. ტ-აიას, პ. ტ-ს, მ. ჭ-ისა და ნ. ა-ის მიერ, მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა შემდეგი პირობებით:
„1. მ. ჭ-ე უარს აცხადებს ყველა სასარჩელო მოთხოვნებზე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, კერძოდ: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 11 თებერვლის №A12071742-013/001 განკარგულების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №102013029701/3 გადაწყვეტილების ყადაღის შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №8820130547777–03 გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების რეგისტრაციის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 თებერვლის №882013057243–03 გადაწყვეტილების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. ასევე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 04 დეკემბრის №12111234/8837 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.
2. მორიგების აქტზე ხელისმოწერისთანავე ნ. ა-ი მ. ჭ-ეს გადაუხდის 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო 2015 წლის 1 ოქტომბრამდე დამატებით გადაუხდის 1 000 ( ათასი) აშშ დოლარს.
3. მორიგების აქტზე ხელისმოწერისთანავე ნ. ტ-აია გადაუხდის მ. ჭ-ეს 3000 (სამი ათასი)აშშ დოლარს.
4. წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება (საქმის №3/ბ–1217–13 02.12.2013) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ... გამზირი, კვარტალი 2, კორპუსი 19/ქ. თბილისი, გამზირი ... 61, საკ.კოდი: ... ტრანზაქციების აკრძალვის თაობაზე“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს მხარეებს - ნ. ტ-აიას, პ. ტ-ის, მ. ჭ-ესა და ნ. ა-ს შორის მორიგება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას მხარეების მორიგების, ასევე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და მ. ჭ-ის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინებით გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქალაქ თბილისი, ... გამზირი, მე-2 კვარტალი, კორპუსი 19/ქალაქი თბილისი, გამზირი ..., №61-ში მდებარე, საკადასტრო კოდი ..., უძრავ ქონებაზე ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოება ადმინისტრაციულ №3ბ/1217-13 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ამ საქმეზე დავის დასრულებამდე). აღნიშნული ნაწილობრივ შეიცვალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინება ნ. ტ-აიას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქ თბილისი, ... გამზირი, მე-2 კვარტალი, კორპუსი 19/ქალაქი თბილისი, გამზირი ..., №61-ში მდებარე (საკადასტრო კოდი ...) წილზე (2012 წლის 15 მაისის მდგომარეობით ნ. ა-ის საკუთრებაში აღრიცხული) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების ადმინისტრაციულ №3ბ/1217-13 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ამ საქმეზე დავის დასრულებამდე) აკრძალვის ნაწილში დარჩა უცვლელი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინება ნ. ტ-აიას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქ თბილისი, ... გამზირი, მე-2 კვარტალი, კორპუსი 19/ქალაქი თბილისი, გამზირი ..., №61-ში მდებარე (საკადასტრო კოდი ...) წილზე (ი. ძ-ისაგან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით შეძენილი) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების ადმინისტრაციულ №3ბ/1217-13 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ამ საქმეზე დავის დასრულებამდე) აკრძალვის ნაწილში გაუქმდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოქმედების ვადა იმ ნაწილში, რა ნაწილშიც იგი უცვლელად დარჩა საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით, ამოწურულია, რამდენადაც იგი გამოყენებული იყო მოცემული დავის დასრულებამდე. წინამდებარე განჩინებით, დამტკიცდა რა მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევის შედეგად მორიგების აქტი და მოსარჩელე მ. ჭ-ემ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნებზე, მხარეთა შორის არსებული დავა დასრულდა. მით უფრო, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა მოსარჩელე მ. ჭ-ის მოთხოვნით, ხოლო მორიგების აქტით (რომელიც ხელმოწერილია მ. ჭ-ის მიერ) მხარეები შეთანხმდნენ მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე. შესაბამისად, აღარ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვებისა და რეგისტრაციის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი, მორიგების პირობების თანახმად, მოსარჩელე მ. ჭ-ის მიერ სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის გამო სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კასატორს - ნ. ტ-აიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2013 წლის 24 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2013 წლის 23 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს ნ. ტ-აიას, პ. ტ-ის, მ. ჭ-ესა და ნ. ა-ს შორის 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
„1. მ. ჭ-ე უარს აცხადებს ყველა სასარჩელო მოთხოვნებზე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, კერძოდ: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 11 თებერვლის №A12071742-013/001 განკარგულების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №102013029701/3 გადაწყვეტილების ყადაღის შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №8820130547777–03 გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების რეგისტრაციის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 თებერვლის №882013057243–03 გადაწყვეტილების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. ასევე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 04 დეკემბრის №12111234/8837 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.
2. მორიგების აქტზე ხელისმოწერისთანავე ნ. ა-ი მ. ჭ-ეს გადაუხდის 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო 2015 წლის 1 ოქტომბრამდე დამატებით გადაუხდის 1 000 ( ათასი) აშშ დოლარს.
3. მორიგების აქტზე ხელისმოწერისთანავე ნ. ტ-აია გადაუხდის მ. ჭ-ეს 3000 (სამი ათასი)აშშ დოლარს.
4. წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება (საქმის №3/ბ–1217–13 02.12.2013) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ... გამზირი, კვარტალი 2, კორპუსი 19/ქ. თბილისი, გამზირი ... 61, საკ.კოდი: ... ტრანზაქციების აკრძალვის თაობაზე“.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინება ნ. ტ-აიას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქ თბილისი, ... გამზირი, მე-2 კვარტალი, კორპუსი 19/ქალაქი თბილისი, გამზირი ..., №61-ში მდებარე (საკადასტრო კოდი ...) წილზე (2012 წლის 15 მაისის მდგომარეობით ნ. ა-ის საკუთრებაში აღრიცხული) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების ადმინისტრაციულ №3ბ/1217-13 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ამ საქმეზე დავის დასრულებამდე) აკრძალვის ნაწილში;
4. მ. ჭ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;
5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
6. კასატორს - ნ. ტ-აიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2013 წლის 24 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი;
7. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2013 წლის 23 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი;
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე