Facebook Twitter

ბს-255-252(კ-14) 4 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი - ს. ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენლები - ს. შ-ა; თ. ო-ა

მესამე პირი - შპს „...“, წარმომადგენელი - ა. ხ-ა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 2 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა შპს ,,...’’.

მოსარჩელემ ქ. ფოთში, ... ჩიხში მდებარე ხაზოვან ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი ...) შპს ,,..." საკუთრების უფლების შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირების დავალდებულება მოითხოვა.

2012 წლის 4 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა შპს ,,...’’.

მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 2 მაისის №882012187345-03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 3 მაისის №68185 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის მითითებით, შპს ,,..." არ გააჩნია სადავო ხაზოვან ნაგებობაზე უფლების დამდგენი დოკუმენტი, ვინაიდან რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური პასპორტი წარმოადგენს არა უფლების, არამედ მისი ვარგისიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, შპს ,,..." სადავო ხაზოვან ნაგებობაზე არ შეუძენია საკუთრების უფლება, რადგან საწარმოს პრივატიზაციისას იგი სახელმწიფოს არ გაუსხვისებია და შესაბამისად წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. ამდენად მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მესამე პირის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციით, ზიანი ადგებოდა სახელმწიფოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის განჩინებით მითითებული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 2 მაისის №882012187345-03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 3 მაისის №68185 გადაწყვეტილებები; საჯარო რეესტრის ჩანაწერი ქ. ფოთში, ... ჩიხში მდებარე ხაზოვან ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი ...) შპს ,,..." საკუთრების რეგისტრაციის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ფოთში, ... ჩიხში მდებარე 483 მეტრი ხაზობრივი ობიექტის სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით შპს ,,...’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ფოთში, ... ჩიხში მდებარე ხაზობრივი ნაგებობა (საკადასტრო კოდი ...), საკუთრების უფლებით საჯარო რეეტრში რეგისტრირებულია შპს ,,..." სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენდა სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის 2008 წლის 7 ივლისის ტექნიკური პასპორტი და №13/08 მიღება-ჩაბარების აქტი.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ ერთი პირის საწარმო ,,დ...’’ 1992 წლის 30 ნოემბერს სახელმწიფო ქონების მართვის ფოთის განყოფილების მიერ ჩატარებული პრივატიზაციის შედეგად შეისყიდა გაერთიანება ,,ს...’’ საერთო მოძრავ-მექანიზირებული კოლონის ქ. ფოთის უბნის შემდეგი ქონება: მეტალის ჭიშკარი, რკინა-ბეტონის ესტაკადა, ქვის კანტორის შენობა, ხის დამამუშავებელი საამქროს დაუმთავრებელი შენობა, ცემენტის ქვის საწყობი, ქვის მასალების საწყობი, ქვის საყარაულო ჯიხური, საწვავ-საცხები მასალების მეტალის ავზი 4,2 ტ. ტევადობის, მეტალის საწყობი, წყლის 2 ტონიანი რეზერვუარი. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 1998 წლის 16 მარტს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფოთის სამმართველოს მიერ ერთი პირის საწარმო ,,დ...’’ სახელზე გაიცა №195 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის მიხედვით „დ...“ საკუთრებაში გადაეცა ,,ს...’’ საერთო მოძრავ-მექანიზირებული კოლონის ფოთის უბნის ..., ... ქ.№158-ში, მიწის ფართი 15216 კვ.მ.

2006 წლის 9 ნოემბერს ერთი პირის საწარმო ,,დ...’’ დამფუძნებელმა ბ. დ-მა შპს ,,...’’ მიყიდა ქ. ფოთში, ... ჩიხი №158-ში მდებარე 15216 კვ.მ (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთი. 2007 წლის 25 დეკემბერს გ. ა-მა შპს ,,...’’ სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიყიდა ქ. ფოთში, ... ქუჩაზე (ყოფილი ... მიმდებარე ტერიტორია) მდებარე 12000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ფოთში, ... ჩიხი №158-ში მდებარე 27232 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები რეგისტრირებულია შპს ,,..." სახელზე.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, 2008 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარების აქტითა და ხარჯთაღრიცხვით დადგენილია, რომ შპს ,,ბ...’’ შპს ,,..." დაკვეთის საფუძველზე ფაქტობრივად შეასრულა ხორბლის ტერმინალის ტერიტორიაზე რკინიგზის ჩიხის მოწყობის სამუშაოები, რასაც არასწორად დაერქვა აღდგენა-რეკონსტრუქცია. სამუშაოები ამ უკანასკნელმა ჩაიბარა 2008 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით. სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 269 006 ლარი დღგ-ის ჩათვლით. ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ბ...’’ მიერ განხორციელდა შემდეგი სამუშაო: ტერიტორიის მოზვინვა (ლიანდაგებისათვის) ქვიშით, ღორღით, გამოყენებული იქნა რკინა-ბეტონის შპალები (ბ.500), რკინიგზის რელსი P50 (L-840 გმ), რელსების პირდაპირი და შუალედური სამაგრები, შეერთების ქანჩები, ჭანჭიკები, საყელური, შპალებზე დასამაგრებელი ქვედი, ბოლტე, საისრე მექანიზმი, მოეწყო საბჯენები. მითითებულ ხაზობრივ ნაგებობაზე შპს ,,სა...’’ მიერ გაიცა ტექნიკური პასპორტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. ფოთში, ... ჩიხში მდებარე 483 მ. სიგრძის ხაზოვობრივი ნაგებობა - რკინიგზა (საკადასტრო კოდი ...) 2010 წლის 2 თებერვალს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს ,,..." საკუთრების უფლებით. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მიეთითა სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური პასპორტი და მიღება-ჩაბარების №13/08 აქტი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ 2012 წლის 2 მაისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. ფოთში მდებარე სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის (საკადასტრო კოდით ...) სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 2 მაისის №882012187345 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 2 მაისის №882012187345 გადაწყვეტილება და შპს ,,..." საკუთრებად ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 3 მაისის №68185 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი.

ფოთის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო ობიექტი არის უძრავი ან მოძრავი ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, გარდა ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რეგისტრირებული უფლებების, ვალდებულებებისა და შეზღუდვების, მათი სუბიექტებისა და ობიექტების, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ხაზობრივი ნაგებობის, როგორც უძრავი ქონების ცნება კანონმდებელმა შემოიტანა 2007 წლის 18 დეკემბრის N5647 კანონით ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, რომლის მე-2 მუხლში რეგისტრაციის მიზნებისათვის ცალკე უფლების ობიექტად მიჩნეული იქნა ხაზობრივი ნაგებობა ან მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი სხვა შენობა-ნაგებობა (მშენებარე ან აშენებული), რომელიც ცალკე უფლების ობიექტია (,,დ’’ ქვეპუნქტი), ხოლო უძრავი ნივთს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთი, ინდივიდუალური საკუთრების საგანი, ცალკე უფლების ობიექტი (,,ა’’ ქვეპუნქტი).

ამავე კანონის მე-17 მუხლში 2007 წლის 5 მაისს განხორციელებული ცვლილებით მიეთითა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდებოდა ასევე ცალკე უფლება უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე. ამასთან ხაზობრივი ნაგებობა მიჩნეულ იქნა უძრავი ნივთის ისეთ არსებით შემადგენელ ნაწილად, რომელიც ცალკე უფლების ობიექტს წარმოადგენდა.

ამჟამად მოქმედი ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის (ტერმინთა განმარტება) ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ნივთი არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა, ხოლო ,,დ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ხაზობრივი ნაგებობა არის საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ 2005 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თავდაპირველი რედაქციით უძრავი ნივთი განისაზღვრებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე მოწმეების - ჯ. ხ-ისა და ბ. დ-ის, სპეციალისტის ზ. ნ-ის ჩვენებებსა და ადგილზე დათვალიერების ოქმზე და აღნიშნა, რომ ორთოფოტოზე დაფიქსირებული ლიანდაგის ფორმის კვალის მიმართულება განსხვავდებოდა ამჟამად არსებულ და საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ხაზობრივი ნაგებობისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ორთოფოტოზე აღბეჭდილი კვალის მიმართულება ამჟამინდელ ხაზობრივ ნაგებობას არ ემთხვეოდა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.

ფოთის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება ,,ს...” უფლებამონაცვლეობისა და ამ ორგანიზაციის ბალანსიდან სხვა ორგანიზაციაზე ან სახელმწიფოზე გადაცემის, ასევე ხაზობრივი ნაგებობის აღრიცხვის, ამოღების, გადაცემის, განკარგვის, მოვლის ან საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის შესახებ.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 193-ე მუხლის თანახმად, თუ მოძრავი ნივთი ისეა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული, რომ იგი ამ ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმავდროულად ხდება ამ ნაკვეთის მესაკუთრეც. სკ-ის 150.2 მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თუ ხაზობრივი ნაგებობა საერთოდ არსებობდა, მესამე პირის საკუთრებაში ის გადავიდა ბ. დ-ისაგან მიწის ნაკვეთის შეძენის დროს.

საქალაქო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების დანაწესზე მითითებით განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კერძოდ, ჩანაწერი, რომლითაც დარეგისტრირდა შპს ,,..." საკუთრების უფლება ქ. ფოთში, ... ჩიხში მდებარე ხაზობრივ ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი ...) და 2012 წლის 02 მაისის №882012187345-03 გადაწყვეტილება, გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევით, არსებითად დარღვეული არ იყო მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, კანონიერად მიიჩნია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 3 მაისის №68185 გადაწყვეტილება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული მოსარჩელის საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 2 მაისის №882012187345-03 გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ხაზობრივ ნაგებობაზე შპს ,,...’’ საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების შეფასებამდე არსებითი მნიშვნელობა გააჩნია აპელანტის სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებას მისი, როგორც დავის საგანთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარის რეალური, ფაქტობრივი ინტერესის და უფლების ფარგლების დადგენის თვალსაზრისით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება განმარტებულია როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, უძრავი ნივთი არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყე, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია, ხოლო უ1 ქვეპუნქტის შესაბამისად უძრავ ქონებას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.

ხაზობრივი ნაგებობის, როგორც უძრავი ქონების ცნება კანონმდებელმა შემოიტანა 2007 წლის 18 დეკემბრის N5647 კანონით ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, რომლის მე-2 მუხლში რეგისტრაციის მიზნებისათვის ცალკე უფლების ობიექტად მიჩნეული იქნა ხაზობრივი ნაგებობა ან მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი სხვა შენობა-ნაგებობა (მშენებარე ან აშენებული), რომელიც ცალკე უფლების ობიექტია (,,დ’’ ქვეპუნქტი), ხოლო უძრავ ნივთს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთი, ინდივიდუალური საკუთრების საგანი, ცალკე უფლების ობიექტი (,,ა’’ ქვეპუნქტი).

ამავე კანონის მე-17 მუხლში 2007 წლის 5 მაისს განხორციელებული ცვლილებით მიეთითა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდებოდა ასევე ცალკე უფლება უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე. ამასთან ხაზობრივი ნაგებობა მიჩნეული იქნა უძრავი ნივთის ისეთ არსებით შემადგენელ ნაწილად, რომელიც ცალკე უფლების ობიექტს წარმოადგენდა.

ამჟამად მოქმედი ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის (ტერმინთა განმარტება) ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ნივთი არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა, ხოლო ,,დ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ხაზობრივი ნაგებობა არის საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი.

,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ 2005 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თავდაპირველი რედაქციით (,,ს’’ ქვეპუნქტი) უძრავი ნივთი განისაზღვრებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის მიხედვით. ამ ნორმის თანახმად კი უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს ,,...’’ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის დროს მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, მიწის რეგისტრაცია განმარტებული იყო როგორც მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაცია, ხოლო სხვა უძრავი ქონებას წარმოადგენდა მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობები.

ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირველადი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელებულიყო მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,...’’ მიწის ნაკვეთის შეძენით საკუთრების უფლება მოიპოვა ასევე მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზეც, კერძოდ ხაზობრივ ნაგებობაზეც, რომელიც ხელშეკრულების დადების (2006 წელი) მომენტისთვის არ წარმოადგენდა ცალკე უფლების და შესაბამისად სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის მოთხოვნა, რამდენადაც არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს „...“ სახელზე მისასვლელი ლიანდაგის რეგისტრაცია განხორციელდა უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე. საჯარო რეესტრის ამონაწერში უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის გამოკვლევის აქტი და ტექნიკური პასპორტი, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უფლების დამდგენ დოკუმენტებად. ტექნიკური პასპორტით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მოწყობილობები და ტექნიკური ნაგებობის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე ვაგონის გატარებას ტექნიკური დატვირთვის ნორმების შესაბამისად, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ლიანდაგის აღდგენა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, შესრულდა ხელშეკრულების პირობების დაცვით.

კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ. ფოთში, ... ჩიხი №158-ში მდებარე ერთი პირის საწარმო „დ...“ ქონების მართვის ფოთის განყოფილებისაგან გაერთიანება „ს...“ პრივატიზაციის შედეგად არ შეუძენია რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგი, მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზის ლიანდაგი არსებობდა „ს...“ ტერიტორიაზე. შესაბამისად, მითითებული ხაზობრივი ნაგებობა დარჩა სახელმწიფო საკუთრებად, რის გამოც სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სარკინიგზო ლიანდაგის შპს „...“ საკუთრებად რეგისტრაციით დაირღვა სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის ინტერესები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2010 წლის 2 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. ფოთში, ... ჩიხში მდებარე, 483 მ. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი (საკადასტრო კოდი ...) საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შპს „...“ სახელზე. რეგისტრაციის საფუძვლად სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებული იყო შპს „სა...“ მიერ 2008 წლის 7 ივლისს გაცემული სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური პასპორტი და 2008 წლის 7 ივლისის №13/08 მიღება-ჩაბარების აქტი.

2012 წლის 2 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ ქ. ფოთში მდებარე სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგების (მათ შორის შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებული ხაზობრივი ნაგებობის) სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების მოთხოვნით. ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 2 მაისის №882012187345-03 გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამორიცხავდა წარდგენილი უფლების რეგისტრაციას. სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 3 მაისის №68185 გადაწყვეტილებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საჩივრის ავტორს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებულია ქ. ფოთში, ... ჩიხი №158-ში არსებული 27232 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 2006 წლის 9 ნოემბრისა და 2007 წლის 25 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები. 2006 წლის 9 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „...“ ქ. ფოთში, ... ჩიხი №158-ში მდებარე 15216 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა ბ. დ-ისაგან. ბ. დ-ი იყო ერთი პირის საწარმო „დ...“ დამფუძნებელი, რომლის მიერ 1992 წლის 30 ნოემბრის პრივატიზაციის შედეგად შეძენილ იქნა გაერთიანება „ს...“ საერთო მოძრავ-მექანიზირებული კოლინის ფოთის უბნის შენობა-ნაგებობები და ფოთის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე მის საკუთრებად იყო აღრიცხული მითითებული უძრავი ქონება.

2007 წლის 25 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „...“ გ. ა-ისაგან შეიძინა ქ. ფოთში, ... ქუჩაზე (ყოფილი ... ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე) არსებული 12000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. თავის მხრივ, გ. ა-ის საკუთრებად მითითებული უძრავი ქონება დარეგისტრირებული იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. მითითებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ გ. ა-ს 1992 წელს გამოყოფილი ჰქონდა ქ. ფოთში, ... ქუჩაზე (ყოფილი ... ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე) არსებული 12000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის საფუძველზე ექვემდებარებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

ამდენად, შპს „...“ საკუთრებად ხაზოვანი ნაგებობის დარეგისტრირებამდე, მის საკუთრებად დარეგისტრირებული იყო ქ. ფოთში, ... ჩიხი №158-ში არსებული 27232 კვ.მ.მიწის ნაკვეთი, რომელზეც გადის სადავო რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სადავოდ ხდის მხოლოდ ხაზოვანი ნაგებობის მესამე პირის - შპს „...“ სახელზე რეგისტრაციას იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, რამდენადაც მისი განკარგვა მიწის ნაკვეთთან ერთად არ განხორციელებულა, ხოლო სარეგისტრაციოდ წარდგენილი ლიანდაგის ტექნიკური პასპორტი და მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენდა სადავო უძრავ ნივთზე უფლების დამდგენ დოკუმენტებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა საქმის გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასების, კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე ან 394-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოცემული დავის მიმართ კანონიერი ინტერესის არსებობას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო ხაზობრივი ნაგებობა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და უკანონოდ მოხდა მისი შპს „...“ საკუთრებად რეგისტრაცია. თუმცა მოსარჩელემ ვერ მიუთითა და საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თუ როდის მოეწყო რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგი ან ვის ბალანსზე ირიცხებოდა იგი. საკასაციო საჩივარში კასატორი უთითებს, რომ რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგი არსებობდა ჯერ კიდევ გაერთიანება „ს...“ ტერიტორიაზე, მაგრამ მისი ქონების „დ...“ მიერ პრივატიზებისას სახელმწიფოს იგი არ განუკარგავს და დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში. საქმეში წარმოდგენილია ერთი პირის საწარმო „დ...“ მიწის ნაკვეთის გენ-გეგმა, სადაც ფიქსირდება ხაზობრივი ნაგებობა. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2000 წლის ორთო- ფოტო, რომელზეც რკინიგზის კვალის არსებობაზე უთითებენ მხარეები, თუმცა საქმეზე ჩატარებული ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ორთოფოტოზე ასახული და ამჟამად არსებული სადავო ხაზობრივი ნაგებობა ადგილმდებარეობით არ ემთხვევა ერთმანეთს, ხოლო იმ ადგილას, სადაც ორთო-ფოტოს მონაცემებით შეინიშნებოდა რკინიგზის არსებობა, რაიმე კვალი ვერ იქნა მოძიებული (იხ. ს.ფ. 24-26; ტ. IV). სხვა რაიმე მტკიცებულება ხაზობრივ ნაგებობასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი არ არის.

მესამე პირის - შპს „...“ მითითებით, სადავო ხაზობრივი ნაგებობა მის მიერ იქნა მოწყობილი მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 20 იანვრის ხელშეკრულების თანახმად, შპს „...“ შპს „ბ...“ დაუკვეთა რკინიგზის ჩიხის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, ხოლო 2008 წლის 7 ივლისს შპს „საქ...“ და შპს „...“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „საქ...“ მოამზადა მისასვლელი ლიანდაგის რეკონსტრუქციის მუშა პროექტი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ ვითარებაშიც კი, თუ გაზიარებულ იქნება კასატორის მოსაზრება, რომ ხაზობრივი ნაგებობა არსებობდა ერთი პირის საწარმო „დ...“ მიერ გაერთიანება „ს...“ ქონების პრივატიზაციამდეც, აღნიშნული არ წარმოადგენს სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის (საკადასტრო კოდი ...) შპს „...“ სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის უკანონოდ მიჩნევის საკმარის საფუძველს.

საქმის მასალების თანახმად, ერთი პირის საწარმო „დ...“ და გ. ა-ს მიწის ნაკვეთები, რომლებიც დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია შპს „...“ საკუთრებად, გადაეცათ 1992 წელს. იმ ვითარებაშიც, თუ სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი ამ პერიოდისათვის გადიოდა მითითებულ მიწის ნაკვეთებზე, მასზე უფლება გადაჰყვებოდა მიწის ნაკვეთზე უფლებას, რამდენადაც იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ხაზობრივი ნაგებობის ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციას.

მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ ერთი პირის საწარმო “დ...“ მიერ მიწის რეგისტრაცია განხორციელდა 1999 წელს, როდესაც მოქმედებდა „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ 1996 წლის 14 ნოემბრის კანონი. მითითებული კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, მიწის რეგისტრაცია განიმარტებოდა როგორც მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიწის რეგისტრაციის მიზანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გადაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ.

სამოქალაქო კოდექსის (რომელიც 1997 წლის 25 ნოემბრიდან ამოქმედდა) 149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო 193-ე მუხლის თუ მოძრავი ნივთი ისეა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული, რომ იგი ამ ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმავდროულად ხდება ამ ნივთის მესაკუთრეც.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად ითვლება ის, რაც მიზნობრივადაა დაკავშირებული მასთან. ნივთის შემადგენელი ნაწილის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი ყოველთვის მეორე ნივთთანაა დაკავშირებული. ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს მიეკუთვნება არა ის, რაც ამ ნივთის არსებას განსაზღვრავს, არამედ ის, რაც სამართლებრივად დაკავშირებულია ნივთთან და არ წარმოადგენს განსაკუთრებული უფლების ობიექტს. სხვანაირად, არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული ნივთთად და როგორც წესი, იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ხაზობრივი ნაგებობა წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს და მიწის ნაკვეთის განსახელმწიფოებრიობის შედეგად კერძო პირთა საკუთრების უფლება გავრცელდა ასევე მის არსებით შემადგენელ ნაწილზეც.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ხაზობრივი ნაგებობა ცალკე უფლების ობიექტად განისაზღვრა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2007 წლის 11 მაისის კანონით, რომლის თანახმად, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მითითებული ნორმით განისაზღვრა უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე ცალკე უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა. აღნიშნული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება ასევე ცალკე უფლება უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხაზობრივი ნაგებობა არის უძრავი ნივთის ისეთი არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ცალკე უფლების ობიექტია. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე ცალკე უფლების რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“.

„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანებით დამტკიცებულ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2007 წლის 27 სექტემბრის კანონით განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მითითებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის შესაბამისად, ცალკე უფლების ობიექტი განიმარტა, როგორც ხაზობრივი ნაგებობა ან მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი – სხვა შენობა-ნაგებობა (მშენებარე ან აშენებული), რომელიც ცალკე უფლების ობიექტს წარმოადგენს.

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ 2007 წლის მაისის შემდეგ განიხილება ხაზობრივი ნაგებობა ცალკე უფლების ობიექტად, ხოლო მითითებული ცვლილებების განხორციელებამდე იგი ითვლებოდა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად და ფაქტობრივად იზიარებდა მიწის ნაკვეთის სამართლებრივ ბედს, მისი განკარგვა შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთთან ერთად.

საკასაციო სასამართლო ასევე საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო ხაზობრივი ნაგებობა არ ირიცხებოდა სა...ის ბალანსზე, რასაც მხარეებიც არ უარყოფენ და მასზე სა... პრეტენზია არ განუცხადებია. უფრო მეტიც, სა... სადავო მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური პასპორტი გასცა შპს „...“ სახელზე, სადაც ხაზობრივი ნაგებობის როგორც მოსარგებლედ, ასევე მფლობელად მითითებულია შპს „...“.

2002 წლის 28 დეკემბრის საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, რკინიგზის მფლობელობაში არსებულ ქონებას განეკუთვნება მოძრავი შემადგენლობები, სალიანდაგო და ენერგეტიკული მეურნეობები, კავშირგაბმულობისა და სიგნალიზაციის მოწყობილობები, დამტვირთავ-გადმომტვირთავი მექანიზმები, შენობა-ნაგებობები და სხვა ქონება, რომელიც ასახულია რკინიგზის ბალანსზე. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რკინიგზის მფლობელობაში არსებულ მიწას განეკუთვნება სარკინიგზო ლიანდაგებისა და რკინიგზის სტრუქტურული ერთეულებისათვის გამოყოფილი მიწა, გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის ჩათვლით.

ამდენად, სარკინიგზო კოდექსის მითითებული ნორმებიც მოწმობს, რომ სარკინიგზო ლიანდაგებისათვის გამოყოფილი მიწა ეკუთვნოდა ლიანდაგის მფლობელს, ხოლო სა... უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ იმ ობიექტებზე, რომლებიც აღრიცხული იყო მის ბალანსზე, რაც სადავო - შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებული ხაზობრივი ნაგებობის მიმართ არ დასტურდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი - გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობით რკინიგზის მისასვლელ ლიანდაგზე შპს „...“ საკუთრების უფლების გაუქმებისა და მისი სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. იმ ვითარებაშიც კი, თუ გაზიარებულ იქნებოდა მოსარჩელის არგუმენტი, რომ სადავო ხაზობრივი ნაგებობა სახელმწიფო საწარმოს ეკუთვნოდა, 1992 წლიდან დღემდე, როდესაც მოხდა სახელმწიფო საწარმოს ქონების კერძო პირთა საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეტენზია არასდროს განუცხადებია სადავო ქონების მიმართ, არც ვინდიკაციური მოთხოვნა დაუყენებია ქონებით მოსარგებლეთა მიმართ, შპს „...“ მიერ ხაზობრივ ნაგებობაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებიდან საკუთრების რეგისტრაციამდე მის მიმართ არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა წამოყენებული, ამ ხნის განმავლობაში სამინისტროს არც მიწის კერძო პირთა საკუთრებაში გადასვლის კანონიერება გაუხდია სადავოდ. დღეის მდგომარეობით სადავო ხაზობრივ ნაგებობაზე არსებობს მხოლოდ შპს „...“ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხაზობრივი ნაგებობის ტექნიკური პასპორტი, აზომვითი ნახაზი, მასზე სამუშაოების წარმოების შესახებ დოკუმენტაცია.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მიუთითა, რომ სადავო ხაზობრივი ნაგებობის მხოლოდ ნაწილი გადის შპს „...“ საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ნაწილი სხვა მიწის ნაკვეთზე მდებარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ვერ დაადასტურა, რომ ის მიწის ნაკვეთი, რომელსაც კვეთს რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის ნაწილი, სახელმწიფო საკუთრებაშია. მხარეებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ აღნიშნული მიწა კერძო პირთა საკუთრებაშია.

ამდენად, იმ პირობებშიც, თუ შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებული 483 მ. რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგი სრულად არ გადის შპს „...“ საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე და იგი კვეთს კერძო პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია, რამდენადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ვერ უზრუნველყო კანონიერი ინტერესის არსებობის ფაქტის დადასტურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე