საქმე ბს-398-393 (კ-14) 9 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 12 ივნისს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოპასუხის შპს ,,...’’ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა შპს ,,...’’ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ხელყოფის აკრძალვა, სახელმწიფოსა და მისი ტერიტორიის გამიჯვნა, შპს ,,...’’ დავალდებულება უპირობოდ შეასრულოს 1993 წლის 31 აგვისტოს ბაზრის პრივატიზებისას სახელმწიფოს მიერ დადგენილი და მყიდველის მიერ ნაკისრი საკონკურსო პირობები და ვალდებულებები; შეუნარჩუნოს ბაზარს მუშაობის პროფილი.
მოსარჩელემ საბოლოო დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში N... და N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე შპს ,,...’’ საკუთრების უფლების გაუქმება; ბაზრის ფუნქციონირების აღდგენა, 1993 წლის 31 აგვისტოს საკონკურსო-საპრივატიზაციო კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესრულება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაასაჩივრა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე