საქმე ბს-430-425 (2კ-14) 9 დეკემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა დ. გ-მა მოპასუხის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მესამე პირების სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის კახეთის საამართველოსა და შპს ,,...’’ მიმართ, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა 2012 წლის 1 მარტის ჩატარებული, გურჯაანის რ-ნის სოფ. ... ,,ე.წ. ,,...’’ და ,,კ...’’ ტერიტორიაზე, მდებარე: 1) 26934 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი: ..., 2) 50000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი ...; 3) 99210 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი ..., 4) 284880 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი ...; 5) 135219 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი ...; 6) 63687 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი ...; 7)30000 კვ.მ.სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი ..., 8) 77709 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი ... ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობა, ამ აუქციონის საფუძველზე დადებული N140 უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამ მიწის ნაკვეთებზე ხელახალი აუქციონის გამოცხადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 ივნისის განჩინებით დ. გ-ის სარჩელი მოპასუხის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ აუქციონის ბათილად ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მიწის ნაკვეთზე ხელახალი აუქციონის გამოცხადების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მესამე პირად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახური იქნა ჩაბმული.
მოსარჩელემ საბოლოო დაზუსტებული სარჩელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 20 დეკემბრის N1-1/2677 ბრძანების; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას დადებული 2012 წლის 18 იანვრის N140 უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შპს ,,...’’-ს სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსათვის ახალი აუქციონის გამოცხადების დავალება მოითხოვა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახური საქმეში ჩაბმულ იქნა მოპასუხედ.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 20 დეკემბრის N1-1/2677 ბრძანება გურჯაანის რაიონის სოფელ ..., ,,...’’ მდებარე 77709 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი N... ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების ნაწილში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს ,,...’’-ს შორის 2012 წლის 18 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება N140 უ.უ. მე-6 პუნქტად მითითებული 77709 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი N... გასხვისების ნაწილში. მოპასუხეს დაევალა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება საჯარო რეესტრის ჩანაწერში და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 18 იანვარს განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი, საკადასტრო კოდით N..., 77709,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთის შპს ,,...’’-ს სახელზე აღრიცხვის შესახებ. სსიპ სახელმიფო ქონების მართვის სააგენტოს, საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე დ. გ-ს ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით დ. გ-მა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების პირველი, მეორე, მეოთხე პუნქტები) და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; უცვლელად დარჩა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების მესამე პუნქტი).
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით დ. გ-მა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დ. გ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე დ. გ-ს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დ. გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინება;
3. დ. გ-ს (პირადი ნომერი:...) 2014 წლის 1 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე