#ბს-4-4 (კ-12) 25 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ი. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ქ. თბილისის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)-ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი. ა-მა მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 31 იანვრის N000298 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 21 მარტის N490 განკარგულების ბათილად ცნობას, ასევე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმის-10000 ლარის, საურავისა და სხვა თანხებისაგან მოსარჩელის გათავისუფლებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ 2010 წლის 29 ოქტომბერს შედგენილი იქნა №000298 მითითება, რომელშიც აღინიშნა, რომ ი. ა-მა ქ. თბილისში, ... დასახლებაში, მე-4 ქუჩის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები აწარმოა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე. დარღვევის გამოსწორების მიზნით ი. ა-ს დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა ან მშენებლობის სანებართვო მოწმობის წარმოდგენა. მითითების მიხედვით დამრღვევს დარღვევის გამოსწორების მიზნით მიეცა 15 დღის ვადა. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2010 წლის 15 ნოემბერს შედგენილი იქნა №000298 შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით ი. ა-მა არ შეასრულა 2010 წლის 29 ოქტომბრის მითითება.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 31 იანვრის №000298 დადგენილებით ი. ა-ი დაჯარიმდა 10000 ლარით უნებართვო მშენებლობისთვის.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 31 დადგენილება ი. ა-მა 2011 წლის 18 თებერვალს გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიაში. ქ. თბილისის მერის 2011 წლის 21 მარტის №490 განკარგულებით ი. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 15 ნოემბერის შემოწმების აქტით სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ი. ა-ის მიერ სამშენებლო საქმიანობა ნაწარმოები იქნა შესაბამისი ნებართვის გარეშე და მიწერილობით მითითებული მოთხოვნები არ შესრულებულა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 -ე მუხლზე და ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. აღნიშნული კანონის 22-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად: უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება: მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით;
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოცემული კანონის მე-13 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლითაც უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
აღნიშნული დადგენილებისა და ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ა-ის მიერ ნაწარმოები სამუშაოები მიეკუთვნებოდა ისეთი სახის სამშენებლო საქმიანობას, რომელსაც ესაჭიროებოდა სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვა. სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ი. ა-ის მიერ სამშენებლო საქმიანობა ნაწარმოები იქნა შესაბამისი ნებართვის გარეშე და მიწერილობით მითითებული მოთხოვნები არ შესრულებულა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული გადაწყვეტილება სამართალდამრღვევი სუბიექტის დაჯარიმების თაობაზე.
სასამართლომ ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 21 მარტის N490 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში ასევე ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობდა ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 21 მარტის №490 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1.,,დ” მუხლისა და ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 13.12. მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 31 იანვრის №000298 დადგენილება და ქალაქ თბილისის მერიის 2011 წლის 21 მარტის №490 განკარგულება შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ აპელანტი სადაოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მან, ქ. თბილისში, ... დასახლება, IV ქუჩის მიმდებარედ, აწარმოა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა კანონით დადგენილი წესით გაცემული მშენებლობის ნებართვისა და შეთანხმებული პროექტის გარეშე, აპელანტი ითხოვს, სასამართლომ გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ არა აქვს შემოსავალი, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთს აქვს ჯანმრთლობასთან დაკავშირებული პრობლემა და სხვაგან არსად არ აქვს წასასვლელი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ წარმოადგენენ სადაო ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების კანონმდებლობით დადგენილი წესით ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო ინსტანციაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებით გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 65-ე მუხლით პირველი კლასის შენობა-ნაგენობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა, პირველ კლასს განეკუთვნება 60 კვ.მ. სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა კანონი, რომელიც არ უნდა გაეთვალისწინებინა, კერძოდ: ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ კანონის 22-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტი და ზემოაღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი. კასატორი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით თვლის, რომ მშენებლობის ნებართვა მას არ ესაჭიროებოდა, ვინაიდან შენობა-ნაგებობა განეკუთვნებოდა პირველ კლასს, ხოლო თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა დააჯარიმა იმ კანონის საფუძველზე, რომელიც ვრცელდება ისეთ კატეგორიის საქმეებზე, სადაც მშენებლობის ნებართვაა საჭირო. პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს აღნიშნული გარემოებები და არ დააკმაყოფილეს სასარჩელო მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 29 ოქტომბრის N000298 მითითებით, გამოვლენილ იქნა ... დასახლება, IV ქუჩის მიმდებარედ ი. ა-ის მიერ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე. დარღვევის გამოსწორების მიზნით ი. ა-ს დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა ან მშენებლობის სანებართვო მოწმობის წარდგენა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში. ამასთანავე, დარღვევის გამოსწორების ვადა განისაზღვრა 15 დღით, ამასთანავე, დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, იგი ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტით გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი დაჯარიმების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილ მითითებას ხელს აწერს ი. ა-ი 2010 წლის 29 ოქტომბერს. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 15 ნოემბრის N000298 შემოწმების აქტით ი. ა-ის მიერ 2010 წლის 29 ოქტომბრის N000298 მითითებით გათვალიწინებული პირობები არ იქნა შესრულებული.
ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 31 იანვრის N000298 დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მოქ. ი. ა-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ... დასახლება, IV ქუჩის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშნებლობისათვის, მას ასევე დაევალა ქ. თბილისში, ... დასახლება, IV ქუჩის მიმდებარედ უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის 14.1 მუხლის შესაბამისად, ჯარიმის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში და გადახდის შემთხვევაში შესაბამისი ქვითრის წარდგენა. განემარტა ჯარიმის გადაუხდელობის შედეგები, გასაჩივრების წესი და ვადა.
ქალაქ თბილისის მერიის 2011 წლის 21 მარტის N490 განკარგულებით ი. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 31 იანვრის N000298 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი ,,ტექნიკური საფრთის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,რ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია. ამავე მუხლის ,,ს” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის პირველი მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. საკასაციო სასამართლო ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ უნებართვო მშენებლობა გულისხმობს მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობას მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსებას სანებართვო მოწმობით გამოყენებული პერიოდის გასვლის შემდეგ.
საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია ის გარემოება, რომ ი. ა-ის მიერ წარმოებული მშენებლობა განხორციელებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, დარღვეულია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დროს მოქმედი ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონი, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი ,,ტექნიკური საფრთის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტით უნებართვო მშენებლობისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა-10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნულ კანონში 20.12.2011 N 5558 საკანონმდებლო ცვლილებით ,,ტექნიკური საფრთის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლს დაემატა 221-ე მუხლი, რომლითაც უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით. უნებართვო მშენებლობისათვის სამშენებლო პასუხისმგებლობის ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს აგრეთვე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის დღეს მოქმედი რედაქციაც; აღნიშნული ნორმის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით. ამდენად, წარმოდგენილი დოკუმენტებით უდავოდ დადგენილია, რომ კასატორმა ი. ა-მა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე განახორციელა ისეთი სახის სამშენებლო საქმიანობა, რომელსაც ესაჭიროებოდა სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვა, რითაც მან ჩაიდინა სამშენებლო სამართალდარღვევა, რომლისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია როგორც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის (,,ტექნიკური საფრთის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონი), ასევე დღეს მოქმედი კანონმდებლობით (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ 28.06.2013წ. #798 კანონით შეტანილი ცვლილებებზე, რომლითაც კოდექსს დაემატა 1031-ე მუხლი, რომლის თანახმად სამართალდამრღვევ სუბიექტებს, რომელთაც სრულად არ აქვთ გადახდილი მათზე დაკისრებული ჯარიმა და საურავი, მიეცათ ჯარიმისა და საურავის გადაუხდელი ნაწილისაგან განთავისუფლების შესაძლებლობა კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში სამართალდარღვევის გამოსწორების შემთხვევაში. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის ,,ტ’’ ქვეპუნქტით სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებად მიიჩნევა სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების ან/და დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის ან/და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ფაქტი, რაც გულისხმობს უკანონო მშენებლობის დემონტაჟს ან სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების ან/და დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტაციის ან/და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას (არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორედ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არაარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ი. ა-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინება
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
მ. ვაჩაძე