Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-482-471(კ-14) 16 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ფ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ა. გ-ის სარჩელისა გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის - ფ. დ-ის მონაწილეობით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ა. გ-მა სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა 2003 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების, ფ. დ-ის სახელზე მარნეულის რაიონის სოფ. სადახლოში, უძრავი ქონების რეგისტრაციის საკადასტრო კოდი №... და ასევე 2012 წლის 6 სექტემბრის №882012369943-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 2-11; ტ.1).

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით ა. გ-ის სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში (იხ. ს.ფ. 65-68; ტ.1).

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. გ-მა და მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 71; 80-88; ტ.1).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინებით ა. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინება და საქმე ა. გ-ის სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 93-99; ტ.1).

დაზუსტებული სარჩელით ა. გ-მა მოითხოვა მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2003 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების, რომლითაც ფ. დ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა მარნეულის რაიონის სოფ. სადახლოში უძრავი ქონება (რეგისტრაცია 32638/2003 მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი ...) ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 8-16; ტ.2).

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 ივლისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ფ. დ-ი (იხ.ს .ფ. 33; ტ.2).

მესამე პირმა - შესაგებლით ფ. დ-მა სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 45-52; ტ.2).

წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო არც მოპასუხე - მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა (იხ. ს.ფ. 105-112; ტ.2).

დაზუსტებული სარჩელით ა. გ-მა მოითხოვა მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2003 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების, რომლითაც ფ. დ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა მარნეულის რაიონის სოფ. სადახლოში უძრავი ქონება (რეგისტრაცია 32638/2003 მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი ...), 2013 წლის 7 მაისის №882013191645-05 გადაწყვეტილებისა და ასევე 2012 წლის 6 სექტემბრის №882012369943-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 125-134; ტ.2).

წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო არც მოპასუხე - მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა (იხ. ს.ფ. 170-177; ტ.2).

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2003 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება ფ. დ-ის სახელზე მარნეულის რაიონის სოფ. სადახლოში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე, სარეგისტრაციო კოდი:...; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 7 მაისის №8820113191645-05 გადაწყვეტილება ფ. დ-ის სახელზე მარნეულის რაიონის სოფ. სადახლოში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით დაზუსტებული რეგისტრაციის თაობაზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის დაეკისრა მოსარჩელე ა. გ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 242-253; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. დ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 262-271; ტ.2).

სააპელაციო შესაგებლით ა. გ-მა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 11-17; ტ.3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით ფ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 45-58; ტ.3).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. დ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 65-72; 82-89 ტ.3).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ფ. დ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 95-96; ტ.3).

ა. გ-მა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 102-107; ტ.3).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ფ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ფ. დ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ფ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ. დ-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ფ. დ-ს უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გ. ხ-ის მიერ 2014 წლის 15 ოქტომბერს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე