#ბს-483-472(4კ-14) 11 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 2 თებერვალს მ. ჩ-ემ, ს. ს-ემ, მ. ა-ემ, ჯ. ც-ემ, დ. დ-ემ, გ. ძ-მა, ი. ხ-ამ, ქ. ც-მა, გ. გ-ემ, გე. გ-ემ, ა. კ-ამ და დ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, გ. მ-ის, ი. ვ-ის, ნ. ჯ-ას, პ. ზ-ისა და მენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2003 წლის 21 მაისს გაცემული, ქ. თბილისში, ... ქ. №62-ში და ... ქ. II ჩიხში მდებარე, კორექტირებული მიწის ნაკვეთის გეგმის; ქ. თბილისში, ... ქ. №62/... II ჩიხი №18-20-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებად გ. მ-ის, ი. ვ-ის, ნ. ჯ-ას, პ. ზ-ისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ რეგისტრაციის შესახებ ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 11 მაისის ჩანაწერისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელეებმა დააზუსტეს მოპასუხეთა წრე და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2003 წლის 21 მაისს გაცემული კორექტირებული მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოპასუხედ დაასახელეს ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 მარტის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი. ვ-ი, გ. მ-ე, ნ. ჯ-ა, პ. ზ-ი და ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა „...“.
მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს 2002 წლის 8 ივლისის მიწის ნაკვეთის გეგმისა და 2003 წლის პირეველადი რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის, ს. ს-ის, მ. ა-ის, ჯ. ც-ის, დ. დ-ის, გ. ძ-ის, ი. ხ-ას, ქ. ც-ის, გ. გ-ის, გე. გ-ის, ა. კ-ასა და დ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჩ-ემ, ს. ს-ემ, მ. ა-ემ, ჯ. ც-ემ, დ. დ-ემ, გ. ძ-მა, ი. ხ-ამ, ქ. ც-მა, გ. გ-ემ, გე. გ-ემ, ა. კ-ამ და დ. ჯ-ემ, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფლება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჩ-ემ, ს. ს-ემ, მ. ა-ემ, ჯ. ც-ემ, დ. დ-ემ, გ. ძ-მა, ი. ხ-ამ, ქ. ც-მა, გ. გ-ემ, გე. გ-ემ, ა. კ-ამ და დ. ჯ-ემ, რომლებმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. ე-ა, დ. ე-ა, დ. გ-ე, ე. გ-ე და ზ. თ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის, ს. ს-ის უფლებამონაცვლის - მ. მ-ის, მ. ა-ის, ჯ. ც-ის, დ. დ-ის, გ. ძ-ის, ი. ხ-ას, ქ. ც-ის, გ. გ-ის, გე. გ-ის, ა. კ-ასა და დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2003 წლის 21 მაისისა და 6 ივლისის კორექტირებული მიწის ნაკვეთის გეგმები; ქ. თბილისში, ... ქ. №62/... II ჩიხში მდებარე უძრავი ქონების გ. მ-ის, ი. ვ-ის, ნ. ჯ-ას, პ. ზ-ისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ სახელზე რეგისტრაცია ძალაში შესვლის დღიდან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა, ქ. თბილისის მერიამ და ზ. თ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრისა და 10 ნოემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 28 ოქტომბერს გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 28 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე