საქმე #ბს-508-495(კ-14) 9 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ლ. ბ-ის სარჩელისა გამო ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიმართ, მესამე პირების: გ. ყ-ის, გ. ვ-ის, ო. კ-ის, გ. მ-ის მონაწილეობით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ლ. ბ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიმართ, მესამე პირების - გ. ყ-ისა და იბა ,,...“ მონაწილეობით და მოითხოვა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 26 აგვისტოს №866521 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერის მოადგილის 2013 წლის 17 ოქტომბრის №2338 განკარგულების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 26 აგვისტოს №866521 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე (იხ . ს.ფ. 1-13; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ლ. ბ-ის შუამდგომლობა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 26 აგვისტოს №866521 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 58-60; ტ.1).
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმება და მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 63-65; ტ.1).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის განჩინებით ლ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 84-88; ტ.1).
შესაგებლით მესამე პირმა - გ. ყ-ემ სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 106-116; ტ.1).
შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს ასევე თბილისის მერიამ და სსიპ არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 125-134; 316-325; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ვ-ე, ო. კ-ე და გ. მ-ე (იხ. ს.ფ. 327-328; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 345-352; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 358-369; ტ.1).
სააპელაციო შესაგებლით ბმა ,,...“ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 19-29; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 81-99; ტ.2)
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 107-116; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 132-133; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით ლ. ბ-ის წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 143-147; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით გ. ვ-ის, ო. კ-ისა და გ. მ-ის წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ.151-152; ტ.2)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მოსაზრებით, კასატორის _ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის - ლ. ბ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. ბ-ეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ლ. ბ-ეს უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2014 წლის 13 ოქტომბერს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე