Facebook Twitter

საქმე #ბს-516-503(3კ-14) 9 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. შ-ის, ა. შ-ის, მ. ჭ-ის, ნ. შ-ის, ქ. მ-ის, ნ.-დ. ბ-ისა და ნ. ე-ის სარჩელისა გამო ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. შ-მა, ა. შ-მა, მ. ჭ-ემ, ნ. შ-მა, ქ. მ-ემ, ნ.-დ. ბ-ემ და ნ. ე-ემ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 29 აპრილის №796 განკარგულებისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 დეკემბრის №484805 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ . ს.ფ. 3-16; ტ.1).

შესაგებლით თბილისის მერიამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 124-131; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ჯ-ი (იხ. ს.ფ. 215-216; ტ.1).

წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო არც მესამე პირმა მ. ჯ-მა (იხ. ს.ფ. 223-229; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. შ-ის, ა. შ-ის, მ. ჭ-ის, ნ. შ-ის, ქ. მ-ის, ნ.-დ. ბ-ისა და ნ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 29 აპრილის №796 განკარგულება და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 დეკემბრის №484805 გადაწყვეტილება; მოპასუხეებს ქ. თბილისის მერიას და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაეკისრათ მ. შ-ის, ა. შ-ის, მ. ჭ-ის, ნ. შ-ის, ქ. მ-ის, ნ.-დ. ბ-ისა და ნ. ე-ის სასარგებლოდ გ. თ-ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 246-253; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 258-268; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე ქ. თბილისის მერიამ და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 269-278; 279-288; ტ.1).

სააპელაციო შესაგებლით ა. შ-მა და სხვება მოითხოვეს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 56-63; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 116-130; ტ.2)

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 139-146; 147-155; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე მ. ჯ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (იხ. ს.ფ. 158-171; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 175-176; ტ.2).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით მ. შ-ის, ა. შ-ის, მ. ჭ-ის, ნ. შ-ის, ქ. მ-ის, ნ.-დ. ბ-ისა და ნ. ე-ის წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 200-204; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად (იხ. ს.ფ.205-207; ტ.2)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე