საქმე #ბს-524-511(კ-14) 16 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ი. ქ-ის სარჩელისა გამო ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, მესამე პირის: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მონაწილეობით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ი. ქ-მა სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. რუსთავის მერიის 2013 წლის 7 ივნისის #1/4106 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (იხ . ს.ფ. 2-10; ტ.1).
შესაგებლით თვითმმართველმა ქ. რუსთავის მერიამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 42-49; ტ.1).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (იხ. ს.ფ. 62-63; ტ.1).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 131-140; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ქ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 145-155; ტ.1).
სააპელაციო შესაგებლით თვითმმართველმა ქ. რუსთავის მერიამ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 16-23; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქ. რუსათვის მერიის ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და პრივატიზების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2013 წლის 7 ივნისის №1/4106 წერილი; მოპასუხე თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიას დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რუსთავში, ... ქ. №13-5-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მოსარჩელე ი. ქ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე; მოსარჩელის (აპელანტის) ი. ქ-ის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 300 ლარი, ასევე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის - 400 ლარი, დაეკისრა მოპასუხეს - თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიას მოსარჩელის (აპელანტის) - ი. ქ-ის სასარგებლოდ (იხ. ს.ფ. 46-59; ტ.2)
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თვითმმართველმა ქ. რუსთავის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 66-73 96-97; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 109-110; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე