საქმე #ბს-544-531(2კ-14) 16 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ა. გ-ის სარჩელისა გამო ქ. ქუთაისის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. კ-ის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ა. გ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ქ. ქუთაისის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. კ-ის მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ქ. ქუთაისში, ... ქ. №43გ მდებარე 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის და მ. კ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, კერძოდ, ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 4 თებერვლის №882008023060 გადაწყვეტილების, 2008 წლის 16 ივნისის №882008176894 გადაწყვეტილებისა და 2011 წლის 20 ივნისის №8820111283494-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე ქ. ქუთაისის მერიის ქონების განკარგვის ორგანიზებისა და სააუქციონო კომისიის 2009 წლის 22 მაისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №189 ოქმის; ქ. ქუთაისის მერიასა და მ. კ-ეს შორის 2008 წლის 22 მაისის ხელშეკრულებისა და 2008 წლის 29 მაისის №103 საკუთრების მოწმობის, საჯარო რეესტრის ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 29 ივლისის №882013292235-04 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ბათილად ცნობა და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს 2013 წლის 8 აგვისტოს №140917 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ.1-11; ტ.1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ა. გ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე მ. კ-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქუთაისი, ... ქ. №43 გ (... ქ. №43-ის მიმდებარედ) ქ. ქუთაისი, ავტოქარხნის სამხრეთ დასახლება, №43-ვ (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი:№...; ზონა - ქუთაისი -...; სექტორი - ავტოქარხანა - ...; კვარტალი - ...; ნაკვეთი - ...; დაზუსტებული ფართობი - 382.00 კვ.მ.) (იხ. ს.ფ. 53-57; ტ.1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა. გ-ემ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინებით უძრავ ნივთზე დადებული ყადაღის მოხსნა (იხ. ს.ფ. 64-65; ტ.1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ა. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა მ. კ-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ქუთაისი, ... ქ. №43გ (... ქ. №43-ვ (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...; ზონა - ქუთაისი -...; სექტორი - ავტოქარხანა - ...; კვარტალი - ...; ნაკვეთი - ...; დაზუსტებული ფართობი - 382.00 კვ.მ. ) (იხ. ს.ფ. 67-68; ტ.1).
მითითებული განჩინება გაასაჩივრა მ. კ-ემ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 69; ტ.1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მ. კ-ეს საჩივარი დარჩა განუხილველად მისი გამოხმობის გამო (იხ. ს.ფ. 82-83; ტ.1).
შესაგებლით მ. კ-ემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 86-92; ტ.1).
შესაგებლით სარჩელი არ ცნო არც ქ. ქუთაისის მერიამ (იხ. ს.ფ. 94-102; ტ.1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ნოემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება სს ,,...“ და სსიპ შემოსავლების სამსახური (იხ.ს.ფ. 113-120; ტ.1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 102 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრაციის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება №882008023060, რომლითაც უძრავი ნივთი, მდებარე ... ქუჩა №43გ (... ქუჩა №43ვ-ს მიმდებარედ), ფართით 300 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სახელზე; ბათილად იქნა ცნობილი 102 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრაციის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება №882008176894, რომლითაც უძრავი ნივთი მდებარე ... ქუჩა №43გ (... ქუჩა №43ვ-ს მიმდებარედ), ფართით 300 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. კ-ის სახელზე; ბათილად იქნა ცნობილი 102 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრაციის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება №882012690306-03 მ. კ-ის საკუთრებად 382 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, მდებარე ... ქუჩა №43გ (... ქუჩა №43ვ-ს მიმდებარედ) ავტოქარხნის სამხრეთ დასახლება №43-ვ. ბათილად იქნა ცნობილი 102 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) განკარგვის ნაწილში ქ. ქუთაისის მერიის ქონების განკარგვის ორგანიზებისა და სააუქციონო კომისიის 2009 წლის 22 მაისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №189 და მ. კ-ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №103; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 281-296; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული რეგისტრაციების №882008023060, №882008176894, №882012690306 ბათილად ცნობის ნაცვლად ძალადაკარგულად ცნობა (იხ. ს.ფ 307-316; ტ.1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე მ. კ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 317-326; ტ.1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამაც და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის არ დაკმაყოფილება 102 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:...) განკარგვის ნაწილში ქ.ქუთაისის მერიის ქონების განკარგვის ორგანიზებისა და სააუქციონო კომისიის 2009 წლის 22 მაისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №189 ოქმისა და მ. კ-ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი №103 მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში (იხ. ს.ფ. 328-338; ტ.1).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. ქუთაისის მერიისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 30-48; ტ.2).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების მისი სააპელაციო საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 59-68; 97-106; ტ.2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (იხ. ს.ფ. 69-78; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 108-109; ტ.2).
მესამე პირმა - შემოსავლების სამსახურმა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებაში მიუთითა, რომ მ. კ-ესა და ა. გ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ ერიცხებათ, რაც შეეხება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას აღნიშნული საკითხი რეგულირდება საგადასახადო კოდექსის 238.1 მუხლით და 239-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებისათვის საგადასახადო ორგანოს გააჩნია უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა (იხ. ს.ფ. 133-134; ტ.2).
მხარეებს წერილობითი მოსაზრებები არ წარმუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2014 წლის 21 ოქტომბერს №21608 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე