Facebook Twitter

#ბს-565-552(კ-14) 11 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიისა და თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 2 ივლისს ლ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის მიმართ.

M მოსარჩელემ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიისთვის რუსთავში, ... ქ. №4-ში მდებარე სპორტული მოედნის დემონტაჟის დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განჩინებით ლ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განჩინებაზე ლ. მ-მა წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 აგვისტოს განჩინებით ლ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განჩინება და საქმე ლ. მ-ის სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის განსაზღვრის მიზნით იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულო.

საბოლოოდ მოსარჩელემ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიისა და თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოსთვის ქმედების განხორციელების – მის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ქ. რუსთავი, ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ... კვარტალში №4 ნაკვეთზე; საკადასტრო კოდი ...) განთავსებული სპორტული მოედნის დემონტაჟის განხორციელების დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიას და თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს ლ. მ-ის საკუთრებაში არსებულ ქ. რუსთავი, ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ... კვარტალში №4 ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) განთავსებული სპორტული მოედნის მოშლა დაევალა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიამ და თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიისა და თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიისა და თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიისა და თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე