საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-577-564(კ-14) 12 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ., გ., მა. და ნ. ხ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიისა და დ. და თ. ხ-ების მიმართ.
2013 წლის 26 ივლისს მ., გ., ზ., მა. და ნ. ხ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. რუსთავის მერიის, თ. და დ. ხ-ებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის 2008 წლის 11 მარტის №585 ბრძანების, მის საფუძველზე გამოცემული 2008 წლის 20 მარტის №2986 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა და თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიისათვის სადავო უძრავ ქონებაზე გ., მ., ზ., ნ. და მა. ხ-ების მესაკუთრედ ცნობის შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს. მოსარჩელეებმა ასევე თ., დ. და მ. ხ-ების სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერების გაუქმება მოითხოვეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მ., გ., ზ., მა. და ნ. ხ-ების სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ., გ., ზ., მა. და ნ. ხ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ., გ., მ. და ნ. ხ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის განჩინებით მ., გ., მ. და ნ. ხ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ., გ., ზ., მა. და ნ. ხ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებებით საკასაციო საჩივარი ზ. ხ-ის ნაწილში დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, ხოლო მ., გ., მ. და ნ. ხ-ების ნაწილში საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი მ., გ., მ. და ნ. ხ-ების ნაწილში არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყვნენ გათავისუფლებულნი არც საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებისა და არც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
Aსაკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რამდენადაც კასატორებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოუდგენიათ გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს დაუდგინა ხარვეზი და განუსაზღვრა ვადა მის შესავსებად, კერძოდ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში კასატორებს უნდა შეევსოთ და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ კასატორებს - მ., გ., მ. და ნ. ხ-ებს, ასევე გაეგზავნა კასატორთა წარმომადგენელს - დ. ჭ-ს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინება 2014 წლის 13 ნოემბერს ჩაბარდა ერთ-ერთ კასატორს - გ. ხ-სა და კასატორთა წარმომადგენელს - დ. ჭ-ს, რაც დასტურდება გზავნილებზე მითითებულ პირთა ხელმოწერებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ., გ., მ. და ნ. ხ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ასლი კასატორს - გ. ხ-სა და კასატორთა წარმომადგენელს - დ. ჭ-ს 2014 წლის 13 ნოემბერს ჩაბარდათ, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2014 წლის 14 ნოემბრიდან უნდა დაწყებულიყო და საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2014 წლის 24 ნოემბერს 24 საათზე იწურებოდა. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორებმა არ შეავსეს ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ., გ., მ. და ნ. ხ-ების საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს მ., გ., მ. და ნ. ხ-ების საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე