საქმე #ბს-650-635(კ-14) 16 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე გ. გ-ის სარჩელისა გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის - ნ. გ-ის მონაწილეობით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გ. გ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირის - ნ. გ-ის მონაწილეობით და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების ხარვეზის ჩასწორებაზე უარის თქმის თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 ივნისის №100655 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის 2005 წლის 5 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისად, ნ. გ-ის მიერ წარდგენილი არასწორი ნახაზის გამო ხარვეზის შესწორების თაობაზე, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (იხ. ს.ფ.1-11).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ივლისის განჩინებით გ. გ-ის სარჩელი მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს (იხ. ს.ფ. 57-59).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. გ-ი (იხ. ს.ფ. 62-63).
შესაგებლით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 71-78).
შესაგებლიტთ სარჩელი არ ცნო არც მესამე პირმა ნ. გ-მა (იხ. ს.ფ. 137-144).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტლებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 201-207; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 213-227).
სააპელაციო შესაგებლით ნ. გ-მა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 245-253).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 აპრილის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 292-308).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება(იხ. ს.ფ. 314-339).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 343-344).
საჯარო რეეტრის ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 352-353).
გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა ასევე მესამე პირმა - ნ. გ-მა (იხ. ს.ფ. 355-361).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაშიც, კი გ. გ-ის სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში ვერ მოხდება მისი იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილება, სარჩელის საგნის არასაკმარისობის გამო (მაგ., სადავო რეგისტრაცია განხორციელებულია ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, რაც სადავო არ გამხდარა, ასევე ტექნიკური ხარვეზის შესწორების მოთხოვნის ფარგლებში ვერ შემოწმდება ნ. გ-ის საკუთრებაში დუშეთის რ/ნ, სოფ. ციხისძირში მდებარე 336 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის აღრიცხვის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება), რის გამოც კასაციას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე