Facebook Twitter

#ბს-667-652(კ-14) 11 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით №3-193-12 ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო ტ. ლ-ის მიერ 2012 წლის 20 დეკემბრის განცხადებით აღძრული მოთხოვნა ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციის 2012 წლის 22 ნოემბრის №1/13458 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

2012 წლის 31 დეკემბერს ტ. ლ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიისა და თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულოს მიმართ. მოსარჩელემ თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციის 2012 წლის 22 ნოემბრის №1/13458 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულოს აპარატის უფროსის 2012 წლის 26 ნოემბრის №1/13488 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიისთვის მისი 2012 წლის 19 ნოემბრის №18610 განცხადების, ხოლო თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულოსთვის მისი 2012 წლის 19 ნოემბრის №18609 განცხადების წარმოებაში მიღებისა და მათზე ზეპირი მოსმენით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალება და თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულოსთვის მისი 2012 წლის 27 ნოემბრის №18838 ადმინისტრაციული საჩივრის სათანადო ორგანოში გადაგზავნის დავალება მოითხოვა.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიის 2012 წლის 22 ნოემბრის №1/13458, 2013 წლის 28 თებერვლის №1/1254, 2013 წლის 18 მარტის №1/1731 და თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 26 ნოემბრის №1/13488 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხეებისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიის 2012 წლის 22 ნოემბრის №1/13458, 2013 წლის 18 მარტის №1/1731, 2013 წლის 28 თებერვლის №1/1254 და თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 26 ნოემბრის №1/13488 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალათ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიამ და თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიისა და თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. რუსთავის მერიამ და ქ. რუსთავის საკრებულომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ნაწილში. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე