Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-751-737(კ-14) 11 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა დ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

2014 წლის 1 მაისს დ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის 110 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა, მისი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 1 აპრილის 12/პ-057 ბრძანების ბათილად ცნობა, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ...თანამდებობაზე აღდგენა, განაცდური ხელფასისა და მორალური ზიანის - 1000 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 1 აპრილის 12/პ-057 ბრძანება დ. ჩ-ის გათავისუფლების შესახებ; დ. ჩ-ე აღდგენილ იქნა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე და დადგინდა მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება დ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ჩ-ის სარჩელი ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 1 აპრილის 12/პ-057 ბრძანების ბათილად ცნობის, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-ემ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების (განჩინების) გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მხარეს ან მის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით პირველს ჩაბარდება გადაწყვეტილების (განჩინების) ასლი.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი გაეგზავნათ კასატორს - დ. ჩ-ესა და მის წარმომადგენელს - ც. მ-ეს (ს.ფ. 274; 275). საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების საფოსტო ბარათების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება 2014 წლის 2 ოქტომბერს ჩაბარდა დ. ჩ-ის რძალს - ნ. გ-ს, ხოლო 2014 წლის 30 სექტემბერს ჩაბარდა წარმომადგენელს - ც. მ-ეს, რაც დასტურდება შეტყობინების ბარათზე მითითებული პირების ხელმოწერებით. საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნად ფოსტაში შეტანილ იქნა დ. ჩ-ის წარმომადგენლის - ც. მ-ის მიერ 2014 წლის 27 ოქტომბერს. ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად 2014 წლის 24 ოქტომბერია მითითებული (ს.ფ. 286; 288).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების ასლი კასატორს 2014 წლის 2 ოქტომბერს, ხოლო მის წარმომადგენელს უფრო ადრე, 2014 წლის 30 სექტემბერს ჩაბარდათ, გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა 2014 წლის 1 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 21 დღიანი ვადა 2014 წლის 21 ოქტომბერს (სამშაბათს) 24 საათზე იწურებოდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვადის ათვლა მოხდებოდა დ. ჩ-ისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თარიღიდან, გასაჩივრების 21 დღიანი ვადა 2014 წლის 23 ოქტომბერს (ხუთშაბათს) 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო საჩივარი კი, როგორც აღინიშნა, ფოსტაში შეტანილ იქნა 2014 წლის 27 ოქტომბერს, გასაჩივრების ვადის დარღვევით. უფრო მეტიც, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად საკასაციო საჩივარზე მითითებულია 2014 წლის 24 ოქტომბერი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე