Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-761-747 (კ-14) 11 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.14წ. განჩინებაზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 20.05.14წ. გადაწყვეტილებით სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების: ა. დ-ის, ვ. დ-ის, შპს „...“ მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურის 05.07.13წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.14წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მხარეებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ.

საკასაციო სასამართლო გაეცნო სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. სსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების ასლი სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ჩაბარდა 2014 წლის 29 ოქტომბერს (ტ.2. ს.ფ. 91). საქმეში წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დასმული შტამპით ირკვევა, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ საკასაციო საჩივარი საქართველოს ფოსტას ჩააბარა 20.11.14წ. (ტ.2, ს.ფ.16) – სსკ-ის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21 დღიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსათვის სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაიწყო 2014 წლის 30 ოქტომბერს და სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2014 წლის 19 ნოემბერს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე ოთხშაბათი და არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს. საქართველოს ფოსტაში საკასაციო სასამართლოს მიერ დამატებით იქნა გადამოწმებული გზავნილის (№040016559609) ჩაბარების თარიღი, უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დადასტურებული იქნა, რომ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ საქართველოს ფოსტას ჩააბარა 20.11.14წ.. შესაბამისად, უდავოდ დადასტურებულია, რომ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2014 წლის 20 ნოემბერს – 1 დღის დაგვიანებით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ საკასაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის გამო დაკარგა ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, როგორიცაა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. შესაბამისად, სსკ-ის 397-ე მუხლის პირველ ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დარღვევის გამო სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.14წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე