კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე ბს-264-261(კ-კს-14) 9 ივნისი 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ბ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის დამატებით განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2014 წლის 7 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ გ. ბ-ს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დამატებითი განჩინების გასაჩივრებისათვის უნდა წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივარი, რამდენადაც აღნიშნულ დამატებით განჩინებზე დაიშვება საკასაციო საჩივარი; კერძო საჩივრის ავტორს ასევე დევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა, რაც შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. მასვე განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი (თავისი შინაარსით საკასაციო საჩივარი) არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... მს. მე-...მ/რ.კორპ..., ბინა ...) გააგზავნა 2014 წლის 16 მაისს, რომელიც აღნიშნულ მისამართზე 2014 წლის 19 მაისს ჩაჰბარდა გ. ბ-ს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2014 წლის 20 მაისს და და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადა 2014 წლის 27 მაისს 24 საათზე იწურებოდა (ვინაიდან 24-26 იყო უქმე და დასვენების დღეები). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. გ. ბ-მა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის (თავისი შინაარსით საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი (თავისი შინაარსით საკასაციო საჩივარი) განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს გ. ბ-ის კერძო საჩივარი (თავისი შინაარსით საკასაციო საჩივაარი) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე