№ბს-377-373 (კს-14) 9 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი ( მოსარჩელე)_ გ. ჯ-ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა;
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. ჯ-ემ მოპასუხე -საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალება ან ფულადი თანხის დაკისრება ბინის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე 32000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გ. ჯ-ემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის განჩინებით გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლებზე და მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება გ. ჯ-ემ 2014 წლის 3 აპრილს ჩაიბარა, რომელმაც სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 5 მაისს. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60 და 61-ე მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა 2014 წლის 3 აპრილს, გასაჩივრების ვადა დაიწყო 2014 წლის 4 აპრილს, რომელიც დასრულდა 2014 წლის 17 აპრილს, 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაზე, გ. ჯ-ის მიერ შეტანილ იქნა 2015 წლის 5 მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება ან აღდგენა კანონით გათვალისწინებული არ არის, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაზე დატოვებული უნდა ყოფილიყო განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ გ. ჯ-ემ სრულად დაიცვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, გზავნილზე მექანიკური შეცდომა განხორციელებულია ფოსტის თანამშრომლის მიერ, ხოლო მის მიერ წარდგენილი საფოსტო გზავნილი დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მან გადაწყვეტილება ჩაიბარა არა 2014 წლის 3 აპრილს, არამედ მოგვიანებით, საიდანაც უნდა განხორციელდეს გასაჩივრების ვადის ათვლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჯ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეს-გ. ჯ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2014 წლის 2 აპრილს, მისამართზე- ოზურგეთის რაიონი, სოფ. .... სფ. 83-ზე წარმოდგენილი შპს ,,...-ს’’ შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, არ იკითხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი, ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შპს ,,...-ს’’ შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემცველი საფოსტო გზავნილი გ. ჯ-ეს 2014 წლის 23 აპრილს აქვს ჩაბარებული (სფ.113), გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 2 მაისს გაგზავნილი სასამართლო აქტის მეორე დღეს -3 მაისს ოზურგეთის რაიონი, სოფ. ცხემლის ხიდში ჩაბარების გონივრულ შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გ. ჯ-ისათვის გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2014 წლის 24 აპრილს და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა დასრულდეს 2014 წლის 7 მაისს ოცდაოთხ საათამდე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,...-ს’’ შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ (200005937) დასტურდება, რომ გ. ჯ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად და 369.1 მუხლის გათვალისწინებით 14- დღიან ვადაში-2014 წლის 5 მაისს ჩააბარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიას (სფ. 84).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილ ვადაში შეტანილად, რადგან არ იკვეთება სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის მოტივით გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც გ. ჯ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო პალატის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის განჩინება და საქმე გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის განჩინება; საქმე გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე