Facebook Twitter

საქმე #ბს-494-483(2კს-14) 16 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. ხ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ,,თბილისის არქიტექტურის სამსახური“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და

განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია

მესამე პირები - კ. ა-ე; გ. კ-ე; შპს ,,...“

დავის საგანი _ საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 28 ივნისს მ. ხ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის, სსიპ ,,თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიმართ და მოითხოვა: 1. ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 18 მარტის #498 განკარგულების ბათილად ცნობა;

2. ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2013 წლის 13 მარტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომელიც შეეხება ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ... ქ. #124-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის განთავსების მიზნით ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდას;

3. სსიპ ,,თბილისის არქიტექტურის სამსახურის“ 2013 წლის 2 აპრილის #621114 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმგვარად, რომ მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი 0.52-ის ნაცვლად განისაზღვროს 0.5-ით, ხოლო მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსიობის მაქსიმალური კოეფიციენტი ნაცვლად 3.04-ისა განისაზღვროს 1.5-ით;

4. ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2013 წლის 16 მაისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

2013 წლის 16 აგვისტოს მ. ხ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.3 მუხლის საფუძველზე საქმის განხილვის დასრულებამდე ქ. თბილისის მერიის სსიპ ,,თბილისის არქიტექტურის სამსახურის“ 2013 წლის 2 აპრილის #621114 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერის 2013 წლის 18 მარტის #498 განკარგულების მოქმედების შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 აგვისტოს განჩინებით მ. ხ-ას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ხ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის დასრულებამდე ქ. თბილისის მერიის სსიპ ,,თბილისის არქიტექტურის სამსახურის“ 2013 წლის 2 აპრილის #621114 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერის 2013 წლის 18 მარტის #498 განკარგულების მოქმედების შეჩერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მ. ხ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მ. ხ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა ქ. თბილისის მერიის სსიპ ,,თბილისის არქიტექტურის სამსახურის“ 2013 წლის 2 აპრილის #621114 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერის 2013 წლის 18 მარტის #498 განკარგულების მოქმედება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმულ იქნა კ. ა-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმულ იქნა შპს ,,...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ, შპს ,,...-მა“ და სსიპ ,,თბილისის არქიტექტურის სამსახურმა“, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე, დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის, შპს ,,...-ის“ და სსიპ ,,თბილისის არქიტექტურის სამსახურის“ კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შპს ,,...-მა“ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 დეკემბრის გაჩინებით შპს ,,...-ის“ შუამდგომლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2013 წლის 9 დეკემბერს შპს ,,...-მა“ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 დეკემბრის განჩინებით შპს ,,...-ის“ განცხადება მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2013 წლის 10 დეკემბერს გ. კ-ის წარმომადგენელმა დ. ა-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად გ. კ-ის მესამე პირად ჩართვა იმ მოტივით, რომ დავის საგანი ეხება თბილისი, ... ქ. #124-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე გაცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერებას. სადავო აქტები გაცემულია გ. კ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც 2013 წლის 10 იანვარს შპს ,,...-თან“ გაფორმებულია აღნაგობის ხელშეკრულება. სადავო აქტები ეხება გ. კ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად ჩაბმულ იქნა გ. კ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ. ხ-ას სასარჩელო განცხადებაზე - ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2013 წლის 13 მარტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ და ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2013 წლის 16 მაისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, დაუშვებლობის გამო საქმის წარმოება შეწყდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2014 წლის 20 მარტს გ. კ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მარტის განჩინებით გ. კ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ხ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ხ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით გ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით მ. ხ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 5 მაისის განჩინებით მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის სასამართლო სხდომაზე გ. კ-ის წარმომადგენელმა დ. ა-ემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე აწ. გარდაცვლილი გ. კ-ის უფლებამონაცვლედ მისი მეუღლის თ. კ-ის ჩაბმის თაობაზე და წარადგინა სანოტარო აქტი სამკვიდროს გახსნის შესახებ.

მ. ხ-ას წარმომადგენელმა ბ. შ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება საქმეში მესამე პირის - გ. კ-ის გარდაცვალების გამო საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის სასამართლო სხდომაზე მ. ხ-ას წარმომადგენელმა ა. მ-ემ იშუამდგომლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ბ. ქ-ის ჩაბმის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის განჩინებით გ. კ-ის წარმომადგენლის დ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მარტის განჩინება (იხ. ტ. 4; ს.ფ. 118-122).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის განჩინებით მ. ხ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 4; ს.ფ. 123-137).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინებით მ. ხ-ას წარმომადგენლის ბ. შ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგი მოტივაციით: განსახილველ საქმეში არსებობდა არა უფლებამონაცვლეობის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების, არამედ არსებობდა საქმეში მესამე პირის - აწ. გარდაცვლილი გ. კ-ის უფლებამონაცვლედ მისი მეუღლის თ. კ-ის ჩაბმის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინებით გ. კ-ის წარმომადგენლის დ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქმეში მესამე პირის აწ. გარდაცვლილი გ. კ-ის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა მისი მეუღლე - თ. კ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინებით მ. ხ-ას წარმომადგენლის ა. მ-ის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად ბ. ქ-ის ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი მოტივაციით: განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისში, ... ქ. #124-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის განსათავსებლად განაშენიანების კოეფიციენტის და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა და ქ. თბილისში, ... ქ. #124-ში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელის სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, საიდანაც დადასტურდება, რომ ბ. ქ-ე ნამდვილად ცხოვრობს ქ. თბილისში, ... ქ. #124-ში და აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სადავო მშენებლობა აუცილებლად შეეხება მის ინტერესებს. ასევე, მხარის მიერ არ არის დასაბუთებული ის საპატიო მიზეზი, თუ რატომ არ იქნა აღძრული აღნიშნული შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში ბ. ქ-ე არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი ან რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ ბ. ქ-ე ნამდვილად ცხოვრობს ქ. თბილისში, ... ქ. #124-ში და აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სადავო მშენებლობით მას ადგება რაიმე სახის ზიანი, მაშინ მას უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით დამოუკიდებლადაც მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცემული სადავო აქტების ბათილად ცნობა (იხ. ტ. 4; ს.ფ. 112-114).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინება, საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად ბ. ქ-ის ჩაბმაზე უარის თქმის თაობაზე, კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ხ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ბ. ქ-ის საქმეში მესამე პირად ჩართვა სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც იგეგმება მშენებლობა სადავო ადმინისტრაციული აქტების თანახმად, მდებარეობს ვაკის რაიონში, ... ქუჩის ბოლოში, ... მიმდებარედ. კვარტალს და მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება მშენებლობა, მინიჭებული აქვს საცხოვრებელი ზონა 3-ის სტატუსი. ზონის ინტენსივობის მაჩვენებელი კ2=1,5, რაც ნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას. დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში პარამეტრების იმდენად გაზრდა მოხდა, რომ გადააჭარბა ყველაზე უფრო მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონისათვის დადგენილ პარამეტრებს.

ქალაქმშენებლობითი კოეფიციენტების დადგენის ერთ-ერთი მიზანია, რომ აიკრძალოს შეუსაბამო ობიექტების აღმართვა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებმა ზიანი არ მიაყენონ ერთმანეთს, რაც პირდაპირ გამომდინარეობს ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონის პირველივე მუხლიდან, რომლის თანახმად, სივრცითი მოწყობა და ქალაქმშენებლობის პროცესის რეგლამენტირება ხდება მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით და რაკიღა სამშენებლო კოეფიციენტი მოქმედებს კვარტლისათვის - მისი დარღვევა ზეგავლენას ახდენს მთლიანად კვარტლის მაცხოვრებლებზე.

კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, ბ. ქ-ეს საკუთრების უფლებით ეკუთვნის ქ. თბილისში, ... ქ. #43-ში მდებარე ბინა #34 ფართით 84 კვ.მ. (ს/კ #...), შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სამართალურთიერთობის მონაწილედ უნდა მივიჩნიოთ ყველა სუბიექტი, მათ შორის ბ. ქ-ე, რომლის საცხოვრებელი გარემოს დაცვა უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი სამშენებლო კოეფიციენტის დადგენით. სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის მართლზომიერებასთან დაკავშირებით შესაძლებელია მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა ... ქუჩის მაცხოვრებელთათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ერთ მაცხოვრებელს - მ. ხ-ას, მაგრამ არ შეეხება სხვა მაცხოვრებლებს, რაც კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, არასწორია. სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, ბ. ქ-ე და მისი კატეგორიის პირები აუცილებლად უნდა იქნენ საქმეში ჩაბმულნი, რადგან ისინი არიან იმ სამართალურთიერთობის მონაწილენი, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

ასევე, კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 26 ივნისის სასამართლოს სხდომის დარბაზიდან უსაფუძვლოდ გააძევა მისი ორივე ადვოკატი, რის შემდეგაც სხდომა არ გადადებულა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მეოთხე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად.

ადვოკატ ა. მ-ის გაძევება მოხდა მესამე პირის სახით ბ. ქ-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმის შუამდგომლობის განხილვის პროცესში (იმ ეტაპზე მისი მეორე ადვოკატი ბ. შ-ი უკვე გაძევებული იყო სხდომის დარბაზიდან), მაგრამ შუამდგომლობის განხილვა ჩვეულებრივ გაგრძელდა. ადვოკატს არ მიეცა საშუალება წარედგინა ბ. ქ-ის საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება (საჯარო რეესტრიდან ამონაწერი), რაც გახდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმებას და საქმეში მესამე პირად სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ბ. ქ-ის ჩაბმას, კერძო საჩივარს ერთვის ბ. ქ-ის საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება (12.09.13წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).

2014 წლის 2 დეკემბერს ბ. ქ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს მ. ხ-ას კერძო საჩივართან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს მ. ხ-ას მოთხოვნას. უკანონო მშენებლობა, რომლის თაობაზე დაობს იგი, უხეშად არღვევს არა მხოლოდ მის, არამედ მთელი კვარტლის მაცხოვრებლების ინტერესებს.

2013 წელს დაიწყო მშენებლობა ... ქ. #124-ში. ამ მშენებლობის თაობაზე ბოლო პერიოდში ატეხილი აჟიოტაჟის შედეგად გაირკვა, რომ დაგეგმილია 7 სართულიანი მრავალპროფილიანი კორპუსის მშენებლობა და არა 3 სართულიანი სახლის, როგორც აქამდე იყო ცნობილი. უბანი, სადაც ცხოვრობენ და კერძოდ კი ... ქუჩა მთლიანად განაშენიანებულია 2 სართულიანი (გამონაკლისის სახით 3 სართულიანი) კერძო სახლებით. კვარტალი დაბალი განაშენიანების ზონას წარმოადგენს და 7 სართულიანი კომპლექსის მშენებლობა ამ უბანში მცხოვრებთა ინტერესების სრულ უგულვებელყოფას წარმოადგენს. ქალაქისთვის, კვარტლისათვის და სახელდობრ ... ქუჩის მაცხოვრებლებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე სადავო ადმინისტრაციული აქტი იმგვარად გამოიცა, რომ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ არცერთ დაინტერესებულ პირს, რომლებიც ცხოვრობენ ამ უბანში, სადაც იგეგმება მშენებლობა გაზრდილი პარამეტრებით, რითაც დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლი. განმცხადებლის აზრით, არცერთ ცივილიზებულ საზოგადოებაში არ უნდა იზრდებოდეს კვარტლისათვის დადგენილი სამშენებლო კოეფიციენტი ისე, რომ საკითხის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო არც კი ინტერესდებოდეს ამ კვარტლის მაცხოვრებლების მოსაზრებით. ასეთი საკითხების გადაწყვეტისას უნდა ეწყობოდეს საჯარო განხილვები, რაც მათ შემთხვევაში არ მომხდარა. ამიტომ, ქუჩის მაცხოვრებლებისათვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, თუ რა საშიშროების წინაშე აღმოჩნდებიან ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 18 მარტის #498 განკარგულების შედეგად.

განმცხადებლის აღნიშვნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს ჩაბმული საქმეში, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. განსახილველ შემთხვევაში სამართალურთიერთობის მონაწილედ უნდა მიჩნეულ იქნენ ყველა სუბიექტი, რომლის საცხოვრებელი გარემოს დაცვა უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი სამშენებლო კოეფიციენტის დადგენით. სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის მართლზომიერებასთან დაკავშირებით შესაძლებელია მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა ტიციან ტაბიძის ქუჩის მაცხოვრებელთათვის.

შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს მ. ხ-ას კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას და საქმეში მესამე პირად სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად ჩაბმას, რათა მიეცეს საშუალება დაიცვას მისი დარღვეული უფლება და კანონით დაცული ინტერესი. განმცხადებელმა წარმოადგინა მისი საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება (12.09.13წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).

კერძო საჩივარზე მხარეებს და მესამე პირებს წერილობითი შეპასუხება არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ხ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინება და საქმე, მ. ხ-ას წარმომადგენლის ა. მ-ის შუამდგომლობის, საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ბ. ქ-ის ჩაბმის თაობაზე, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისში, ... ქ. #124-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის განსათავსებლად განაშენიანების კოეფიციენტის და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა და ქ. თბილისში, ... ქ. #124-ში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელის სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.

მოსარჩელე ითხოვს სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში ბ. ქ-ის ჩაბმას მესამე პირად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, Oოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნია, როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.

მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც აძლევს მესამე პირებს დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში.

მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება იმაშია, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა კი ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. სასკ-ის 16.1 მუხლის სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, 16.2 მუხლის კი აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმული მესამე პირები უფრო შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ, ვიდრე სავალდებულო ფორმით ჩაბმული მესამე პირები.

ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სავალდებულო ჩაბმის ფორმა სახეზეა, თუ მესამე პირი იმ სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესები, ხოლო რაც შეეხება აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობებიც შეიძლება განისაზღვროს.

სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩაბმული მესამე პირი არ არის უფლებამოსილი გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ სახის მესამე პირის იურიდიულ ინტერესებს სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს პოტენციურად, სავარაუდოდ. ამდენად, კანონმდებელი პროცესის ამ მონაწილეს, განსხვავებით მე-16 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირისა, არ აღჭურავს უფლებამოსილებით სადავო გახადოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მესამე პირთა ასეთ დიფერენციაციას განაპირობებს ის გარემოება, რომ სავალდებულო მოწვევის მესამე პირის (16.2 მუხლი) საქმეში ჩაბმა იმპერატიულად არის რეგლამენტირებული ანუ პირი იმ სამართალურთიერთობის სუბიექტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანის არეალში.

შესაბამისად, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმა სახეზეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მესამე პირთა ინტერესს შეეხოს. ე.ი. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამ ზემოქმედება მოახდინოს იმ პირთა სამართლებრივ ინტერესზე. ამ დროს საქმე ეხება მხოლოდ სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედებას და არა რაიმე უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრას სასამართლოს გადაწყვეტილებით. რაც შეეხება ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სავალდებულო ჩაბმას, აქ სახეზეა მესამე პირთა არამხოლოდ სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება სასამართლოს გადაწყვეტილებით, არამედ მათთვის გარკვეული სამართლებრივი უფლებებისა და მოვალეობების დაკისრება. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება მესამე პირთა უფლება-მოვალეობანიც და არა მარტო მათი სამართლებრივი ინტერესი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.5. მუხლის მიხედვით აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ბ. ქ-ის ჩაბმის თაობაზე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2013 წლის 12 სექტემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება ბ. ქ-ის საკუთრება ქ. თბილისში, ... ქ. #43, ბინა #34-ში (იხ. ტ. 4; ს.ფ. 165-166), რაც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანი არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ ასკ-ის 16.2 მუხლით დაკისრებული ვალდებულების კვალიფიციური შესრულების მიზნით ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს განსახილველი სამართალურთიერთობის, რომლის დავის საგანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენს, მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი, რაც კონკრეტულ დავაში გულისხმობს გასაჩივრებული ატების იურიდიული შედეგების გავრცელების სუბიექტების დადგენას, პირის სუბიექტურ უფლებაზე ზეგავლენის, ზემოქმედების თვალსაზრისით.

სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, სადავო აქტები ეხება თუ არა მოსარჩელეს, მისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გათვალისწინებით, რამდენადაც საქმეში მესამე პირის ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმა ემსახურება მომავალში ამ პირების მიერ სადავო აქტების კანონიერებაზე დამოუკიდებელი სარჩელების აღძვრა-განხილვის პრევენციას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, ამასთან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება, რადგან სსსკ-ის 412.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა მტკიცებულებათა გამოკვლევა და სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს დასკვნა რამდენად წარმოადგენს ბ. ქ-ე მოცემულ საქმეში სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ხ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინება და საქმე მ. ხ-ას წარმომადგენლის ა. მ-ის შუამდგომლობის, საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ბ. ქ-ის ჩაბმის თაობაზე, ხელახლა შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419- 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ხ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინება და საქმე მ. ხ-ას წარმომადგენლის ა. მ-ის შუამდგომლობის, საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ბ. ქ-ის ჩაბმის თაობაზე, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე