საქმე №ბს-514-501(კს-14) 9 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ს-ა
დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 31 დეკემბერს ლ. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №399-კ ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ... დეპარტამენტში ... სამმართველოს უფროსის თანამდებობრივ პოზიციაზე აღდგენა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის სამსახურში აღდგენამდე თვეში 1600 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №399-კ ბრძანება ლ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აღდგენილ იქნა ლ. ს-ა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ... დეპარტამენტში ... სამმართველოს ... თანამდებობაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლ. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, არა უმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენასი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2014 წლის 25 აპრილს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ შუამდგომლობის წარმოდგენა განპირობებულია იმით, რომ სადავო აქტის (მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის #399-კ ბრძანება ლ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ) გამოცემის შემდეგ სამინისტროს ... დეპარტამენტმა და მასში შემავალმა ... სამმართველომ ორჯერ განიცადა რეორგანიზაცია. აღნიშნული რეორგანიზაციის შედეგად ნაწილობრივ შეიცვალა, როგორც სამმართველოს დასახელება, ასევე მისი ფუნქციები, ამოცანები და საშტატო ნუსხა. ამასთან, სამმართველოში შეიქმნა სამი განყოფილება და სამმართველოს მუშაკთა რაოდენობა ჯერ შემცირდა 9 საშტატო ერთეულამდე, შემდეგ კი გაიზარდა 33 ერთეულამდე. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში განმცხადებლის მოსაზრებით ბუნდოვნებას ქმნის ის, რომ ლ. ს-ას სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, რეორგანიზაციის შედეგად, ხსენებული სამმართველოს უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე, კანონის თანახმად, გამოცხადდა კონკურსი და კონკურსში გამარჯვებული პირი დაინიშნა აღნიშნული თანამდებობაზე. ამასთან, იგივე პიროვნება, სამინისტროში განხორციელებული შემდგომი რეორგანიზაციის დროს, გადაყვანილ იქნა სხვა თანამდებობაზე, ხოლო მის ადგილას (... სამმართველოს უფროსად), მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დანიშნულია სხვა პირი. მართალია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით დასაშვებია მოხელის გათავისუფლება სამსახურიდან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ბუნდოვანებას ქმნის ის გარემოება, რომ სამსახურიდან შესაძლო გასათავისუფლებელი პირი (რომლის ადგილზეც სავარაუდოდ უნდა დაინიშნოს უკანონოდ გათავისუფლებული პირი) მოცემულ ვაკანსიაზე დაინიშნა კონკურსის წესით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტამდე სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია და სამმართველოს, რომლის უფროსის თანამდებობაზე სააპელაციო სასამართლომ აღადგინა ლ. ს-ა, უკვე ნაწილობრივ შეცვლილი ქონდა სახელი და ეწოდებოდა არა „... სამმართველო“, როგორც ეს მითითებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, არამედ - „... სამმართველო“. ამასთან, სამმართველოს შეეცვალა ფუნქციებიც. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლ. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს გადახდა არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. სამინისტროსთვის ასევე გაურკვეველი იყო, თუ კონკრეტულად რა პერიოდის (რამდენი თვის) შრომითი გასამრჯელო უნდა ანაზღაურებოდა ლ. ს-ას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „სააღსულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა, კერძოდ: როგორ უნდა განხორციელდეს ლ. ს-ას აღდგენა იმ საჯარო თანამდებობაზე (... დეპარტამენტის ... სამმართველოს უფროსი), რომლიდანაც იგი გათავისუფლდა 2012 წლის 6 დეკემბერს, მაშინ როდესაც სამინისტროში განხორციელებული 2 რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა საჯარო თანამდებობა, შექმნილია ახალი საჯარო თანამდებობა (... სამმართველოს უფროსი) და ამ საჯარო თანამდებობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო კონკურსის წესით შერჩეული და დანიშნულია სხვა საჯარო მოხელე; რა პერიოდის (რამდენი თვის) შრომითი გასამრჯელო უნდა აუნაზღაურდეს ლ. ს-ას.
ლ. ს-ამ 2014 წლის 21 მაისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხის გადაწყვეტა, 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ცვლილების განხორციელება და ცვლილებების განხორციელების შემდეგ სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება ლ. ს-ას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომლითაც იგი აღდგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ... დეპარტამენტის ... სამმართველოს (უფლებამონაცვლე სამმართველოა ... სამმართველო) უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს 2012 წლის 3 დეკემბერს მიღებული ქონდა №153 ბრძანება იმ დეპარტამენტის დებულების (... დეპარტამენტი) დამტკიცების შესახებ, რომელი დეპარტამენტის სამმართველოს (... სამმართველო) ხელმძღვანელის თანამდებობიდანაც მოხდა ლ. ს-ას გათავისუფლება. ცვლილებების შეტანის შესახებ ამავე აქტში, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოყალიბებული იყო სამმართველოს ფუნქციები და ამოცანები. 2014 წლის 3 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა მიიღო №382 ბრძანება დეპარტამენტის ახალი დებულების დამტკიცების შესახებ. მინისტრის ეს ბრძანება ეფუძნება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №39 და 2014 წლის 27 იანვრის №114 დადგენილებებს, უპირატესად კი №39 დადგენილებას, რომელმაც მისი მიღების დროისათვის ცვლილება შეიტანა სამინისტროს დებულებაში და ... სამმართველოს შეუცვალა სახელწოდება ... სამმართველოს სახელწოდებით. შესაბამისად მინისტრის ბრძანება ახალი დებულების დამტკიცების შესახებ ... სამმართველოს მოიხსენიებს ... სამმართველოდ და მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს სამმართველოს ფუნქციებსა და ამოცანებს. ... სამმართველო ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რასაც მოსარჩელის გათავისუფლების მომენტისათვის 2012 წლის 3 დეკემბერს ასრულებდა ... სამმართველო, რის გამოც უნდა მივიჩნიოთ, რომ რეალურად მხოლოდ სამმართველოს სახელწოდებაში განხორციელდა ცვლილება, თუმცა სამმართველოს ფუნქციები და ამოცანები დარჩა იგივე, რის გამოც განმცხადებლის მოსაზრებით მოსარჩელის აღდგენა უნდა მოხდეს ... სამმართველოს უფროსის პოზიციაზე იმის მიუხედავად კონკურსის წესით არის თუ არა შერჩეული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. განემარტა განმცხადებელს, რომ ლ. ს-ას უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელო 3 (სამი) თვის ოდენობით; ლ. ს-ას განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებაზე აღსრულების საკითხის გადაწყვეტის შესახებ, დაკმაყოფილდა; ლ. ს-ა აღდგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ... სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 მაისის №115-კ ბრძანებით ლ. ს-ა დაინიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ... დეპარტამენტის ... სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №399-კ ბრძანებით ლ. ს-ა გათავისუფლდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ... დეპარტამენტის ... სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან 2012 წლის 6 დეკემბრიდან. 2012 წლის 31 დეკემბერს, ლ. ს-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №399-კ ბრძანების ბათილად ცნობა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ... დეპარტამენტში ... სამმართველოს უფროსის თანამდებობრივ პოზიციაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №399-კ ბრძანება ლ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აღდგენილი იქნა ლ. ს-ა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ... დეპარტამენტში ... სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლ. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არის შესული.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 1 აპრილის №71 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის #153 ბრძანებაში, და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ... დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული ... სამმართველო შეიცვალა, ... სამმართველოთი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 1 აპრილის №71 ბრძანებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანებით განისაზღვრა ... სამმართველოს ფუნქციები და ამოცანები.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია არის სამსახურის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება სდევდეს დაწესებულების მთლიანი ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. სწორედ ამ სახის რეორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, მოჰყვება თუ არა მას შტატის რაოდენობრივად შემცირება, შეიძლება ქმნიდეს მოხელის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის საფუძველს. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის სტატუსის შეცვლა (ახალი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება), აღნიშნული რეორგანიზაციებით განხორციელდა მხოლოდ ... სამმართველოს დასახელების შეცვლა, ... სამმართველოთი, რადგან რეორგანიზაციის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულს სხვა დატვირთვა და ფუნქციები არ დამატებია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ როგორც მოსარჩელე, ისე მოწინააღმდეგე მხარე ითხოვს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების და საბოლოოდ, მართლსაჯულების განხორციელების მიზნით, სააპელაციო სასამართლოსგან იმ საკითხის გადაწყვეტას (სხვადასხვა ინსტიტუტების (გადაწყვეტილების განმარტება და გადაწყვეტილების აღსრულების წესის გადაწყვეტა) მითითების გზით). სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი. პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა იქმნება მაშინ, როცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია და სრულყოფილად არ ასახავს სამოტივაციო ნაწილის დასკვნებს. აღნიშნული ნორმა მიმართულია იმ სამართლებრივი მიზნისაკენ, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას არ შეექმნას წინააღმდეგობა, ანუ მოხდეს მისი აღსრულება. ამასთან, ასეთი განმარტებით არ შეიძლება შეიცვალოს გადაწყვეტილების აზრი და შინაარსი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლ. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
პალატამ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ ბათილად ცნო სადავო აქტი და მიიღო გადაწყვეტილება ლ. ს-ას სამსახურში აღდგენაზე, საფუძვლიანი იყო მისი მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ და შესაბამისად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლ. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამდენად პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა; განემარტა განმცხადებელს, რომ ლ. ს-ას უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელო 3 (სამი) თვის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, სასამართლოს განმარტების თაობაზე მომართა მხარემ, ამასთან მოთხოვნილ ნაწილში გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული, ასევე არ არის გასული ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებების გამო, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, დაკმაყოფილდა განმცხადებლების შუამდგომლობა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, დადგა საკითხი მომხდარიყო გადაწყვეტილების აღსრულება. აღსრულების პროცესში წარმოიშვა საჭიროება, რომ სასამართლოს მიერ მომხდარიყო გადაწყვეტილების განმარტება. პირველი საკითხი, რაც ბუნდოვნებას წარმოადგენდა იყო, თუ რა პერიოდის (რამდენი თვის) შრომითი გასამრჯელო უნდა ანაზღაურებოდა ლ. ს-ას, რადგან არ იყო დაკონკრეტებული გასაცემლის ზუსტი ოდენობა. კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მათთვის განმარტებას საჭიროებს, როგორ უნდა განხორციელებულიყო კონკრეტული საჯარო მოსამსახურის აღდგენა იმ საჯარო თანამდებობაზე, რომელზეც აღსადგენი პირის გათავისუფლების შემდეგ, განხორციელებული 2 რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ეს საჯარო თანამდებობა და შეიქმნა ახალი საჯარო თანამდებობა, რომელზეც კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკურსის წესით შერჩეული და დანიშნულია სხვა საჯარო მოხელე. ამასთან, ლ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ სამინისტროს ... დეპარტამენტმა და მასში შემავალმა ... სამმართველომ ორჯერ განიცადა რეორგანიზაცია. აღნიშნული რეორგანიზაციის შედეგად ნაწილობრივ შეიცვალა როგორც სამმართველოს დასახელება, ასევე მისი ფუნქციები, ამოცანები და საშტატო ნუსხა. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის #34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“, მასში შეტანილი ცვლილებებისა და მათ საფუძველზე მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით დამტკიცებული - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ... დეპარტამენტის დებულებებიდან ირკვევა, რომ (გარდა სამმართველოს დასახელების ნაწილობრივი ცვლილებისა, რაც სამმართველოს ფუნქციების ნაწილობრივი შეცვლით არის განპირობებული) სამმართველოში შეიქმნა სამი განყოფილება და სამმართველოს მუშაკთა რაოდენობა ჯერ შემცირდა 9 საშტატო ერთეულამდე, შემდეგ კი გაიზარდა 33 ერთეულამდე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტამდე სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია და სამმართველოს , რომლის უფროსის თანამდებობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხდა ლ. ს-ას აღდგენა, უკვე ნაწილობრივ შეცვლილი ქონდა სახელი და მას ეწოდებოდა არა „... სამმართველო“, როგორც ეს მითითებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, არამედ - „... სამმართველო“. ამასთან, სამმართველოს შეეცვალა ფუნქციებიც.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სამინისტრო ითხოვდა განმარტებას ორ საკითხთან დაკავშირებით: 1. როგორ უნდა განხორციელებულიყო ლ. ს-ას აღდგენა იმ საჯარო თანამდებობაზე (... დეპარტამენტის ... სამმართველოს უფროსი) რომლიდანაც იგი გათავისუფლდა 2012 წლის 6 დეკემბერს, მაშინ როდესაც სამინისტროში განხორციელებული 2 რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა საჯარო თანამდებობა და შეიქმნა ახალი საჯარო თანამდებობა (... სამმართველოს უფროსი) და ამ საჯარო თანამდებობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო კონკურსის წესით შერჩეული და დანიშნულია სხვა საჯარო მოხელე. 2. რა პერიოდის (რამდენი თვის) შრომითი გასამრჯელო უნდა აუნაზრაურდეს ლ. ს-ას. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით მომხდარი განმარტების საფუძველზე, მათი ინტერესი სრულად დაკმაყოფილდა და არანაირი ბუნდოვანება აღსრულების საკითხის ამ ნაწილში აღარ არსებობს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით ლ. ს-ას სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ არ მომხდარა სათანადო განმარტება და არსებული ბუნდოვანება არ არის აღმოფხვრილი, რადგან სასამართლოს არ უმსჯელია, როგორ უნდა მოხდეს პირის აღდგენა იმ საჯარო თანამდებობაზე, რომელიც ფაქტიურად აღარ არსებობს - იმის გათვალისწინებით, რომ მონაცვლე საჯარო თანამდებობაზე უკვე დანიშნულია სხვა პირი კონკურსის წესით. ლ. ს-ას აღდგენა დაკავშირებული იქნება განჩინებაში მითითებული თანამდებობიდან სხვა პირის გათავისუფლებასთან. სწორედ ამ სამართალურთიერთობის თაობაზეა საჭირო სრულფასოვანი განმარტების არსებობა, რომ აღსრულების განხორციელების პროცესში დაცული იყოს კანონიერი და სამართლიანი ბალანსი კონკრეტულ პირთა ინტერესებს შორის, რაც შესაძლებლობას მისცემს არ დაუშვან სამართლებრივი ხასიათის შეცდომები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; განემარტა განმცხადებელს, რომ ლ. ს-ას უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელო 3 (სამი) თვის ოდენობით; ლ. ს-ას განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებაზე აღსრულების საკითხის გადაწყვეტის შესახებ, დაკმაყოფილდა; ლ. ს-ა აღდგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ... სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო კერძო საჩივრით ითხოვს იმის გარკვევას, თუ, როგორ უნდა მოხდეს აღსადგენი პირის აღდგენა იმ საჯარო თანამდებობაზე, რომელიც ფაქტიურად აღარ არსებობს - იმის გათვალისწინებით, რომ მონაცვლე საჯარო თანამდებობაზე უკვე დანიშნულია სხვა პირი კონკურსის წესით. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით აღნიშნული საკითხი სასამართლოს სათანადოდ არ განუმარტავს და გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განჩინების გამოტანამდე არსებული ბუნდოვანება არ აღმოფხვრილა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვნებაა. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არსებული ბუნდოვანება ამავე სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით აღმოფხვრიალია და იგი არ საჭიროებს დამატებით განმარტებას, მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გაჩინების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში და წესით განმარტებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი იძლევა გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მისი შინაარსის შეუცვლელად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადაწყვეტილების განმარტების მოტივით, თუნდაც ნაწილობრივ შეცვალოს იგი ან შეეხოს ისეთ საკითხს, რომელიც არ იყო მისი მსჯელობის საგანი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით ლ. ს-ას განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებაზე აღსრულების საკითხის გადაწყვეტის შესახებ, დაკმაყოფილდა; ლ. ს-ა აღდგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ... სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მომართვა იმის შესახებ, თუ, როგორ უნდა განხორციელდეს კონკრეტული საჯარო მოსამსახურის აღდგენა იმ საჯარო თანამდებობაზე, რომელიც სამინისტროში განხორციელებული 2 რეორგანიზაციის შემდეგ გაუქმდა, ამასთან, დღეისათვის შექმნილ ახალ საჯარო თანამდებობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო კონკურსის წესით შერჩეული და დანიშნულია სხვა საჯარო მოხელე, საკასაციო პალატის აზრით სცილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების განმარტების გზით მისი გარკვევის შესაძლებლობა. მითუფრო იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არსებული ბუნდოვანება აღმოფხვრიალია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით, გადაწყვეტილების ყველა ნაწილი გასაგებადაა ჩამოყალიბებული და აღარ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, ხოლო გადაწყვეტილების განმარტების ფორმით გადაწყვეტილების შეცვლა ან ახალი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმების და ამავე სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების დამატებითი განმარტების მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ივლისის განჩინება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე