Facebook Twitter

ბს-531-518 (კს-14) 11 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე): _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელე) მ. ტ-ი,

მოპასუხეები: ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანო;

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა;

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.2014 წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.14 წ. გადაწყვეტილებით, მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 21.10.13 წ. №517 ბრძანება, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 01.10.13 წ. №2-0857 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს 30.09.13 წ. №70 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეებს დაევალათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.2014 წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2014 წლის 02 ივლისს, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 03 ივლისს და ამოიწურა 2014 წლის 16 ივლისს 24 საათზე, ხოლო სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი 2014 წლის 17 ივლისს ჩააბარა ფოსტას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.14 წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი შემოიტანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სამინისტროს დარღვეული აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩიჩივრების 14 დღიანი ვადა, რადგან არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ სამინისტროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 03.07.14წ. და არა 02.07.14წ., როგორც ეს სასამართლომ მიუთითა. გადაწყვეტილების 03.07.14წ. ჩაბარების დასტურად სამინისტრომ კერძო საჩივარზე დაურთო საქალაქო სასამართლოს გზავნილის ასლი, რომელზედაც თარიღი მითითებულია 03.07.14წ.. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.2014 წ. განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება სასამართლო აქტის მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც სსკ-ის 369.1 მუხლი სწორედ მითითებულ წესთან აიგივებს გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.04.14წ. გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა 02.07.14წ., რასაც ადასტურებს საქმეში დაცული თბილისის საქალაქო სასამართლოს გზავნილზე სამინისტროს მიერ დასმული შტამპი, მასზე დაფიქსირებული თარიღით – 02.07.14წ. (ს.ფ.183). ამავე გზავნილზე არსებობს მიმღები პირის ხელმოწერაც. რაც შეეხება სამინისტროს მიერ კერძო საჩივარზე დართულ დოკუმენტს, ის ვერ გახდება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საქალაქო სასამართლოს გზავნილის ასლს, რომელზედაც ასევე ასლის სახით არის ასახული სამინისტროს ბეჭედი შეცვლილი თარიღით. მოცემული დოკუმენტი არ არის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, ვინაიდან იგი წარმოდგენილია ასლის სახით და მასზე არ არის ასახული გზავნილის მიმღები უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სწორად იხელმძღვანელა საქმეში დაცული ერთადერთი ჩაბარების დასტურით, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად იყო საქმეში დაცული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრების ვადის ათვლა სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაიწყო 2014 წლის 03 ივლისს და სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად დასრულდა 2014 წლის 16 ივლისს. სამინისტრომ კი სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 17.07.14წ., რაც დასტურდება საქმეში დაცულ კონვერტზე დასმული ბეჭდით (ს.ფ. 201). საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ 16.07.14წ. იყო სამუშაო დღე, ოთხშაბათი და არ ემთხვეოდა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, სსკ-ის 369.1 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების 14 დღიანი ვადის გაშვების გამო, დაკარგა ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, როგორიცაა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენების შედეგად საქმეზე სწორი განჩინება მიიღო, შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.2014 წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.2014 წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე