Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-727-713(კს-14) 5 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _Qთ. ზ-ის მიმართ.

2014 წლის 30 იანვარს თ. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 დეკემბრის #263 ბრძანების ბათილად ცნობა თ. ზ-ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში და პრემიის დარიცხვის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 დეკემბრის #263 ბრძანება თ. ზ-ის ნაწილში და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო პრემიის დარიცხვის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინებით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამონაცვლედ დადგინდა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი განსაზღვრავს, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინების ასლი გაეგზავნა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და 2014 წლის 13 ოქტომბერს ჩაბარდა საკრებულოს აპარატის უფროსს - მ. გ-ეს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათზე მითითებული პირის ხელმოწერით. შესაბამისად, ვადის ათვლა 2014 წლის 14 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო და განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი 12-დღიანი ვადა 2014 წლის 27 ოქტომბერს (ვინაიდან, 2014 წლის 25-26 ოქტომბერი იყო დასვენების დღეები - შაბათი და კვირა) 24 საათზე იწურებოდა. აღნიშნულის მიუხედავად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნად ფოსტაში შეიტანა გასაჩივრების ვადის დარღვევით, 2014 წლის 7 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 62; ტ. II).

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ოქტომბერს ჩაბარდა. მითითებული ფაქტის დასადასტურებლად კერძო საჩივართან ერთად წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილის ასლი, რომელზეც დასმულია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის შტამპი, ხოლო მასზე გზავნილის შესვლის თარიღად დაფიქსირებულია 2014 წლის 29 ოქტომბერი.

საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აქტის ჩაბარება უზრუნველყოფილ იქნა ფოსტის მეშვეობით. საქმეში წარმოდგელია საფოსტო ბარათი, რომელიც ხელმოწერილია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის - გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის მიერ და რომლითაც დასტურდება სააპელაციო სასამართლოს განჩინების ადრესატისათვის 2014 წლის 13 ოქტომბერს ჩაბარების ფაქტი. კერძო საჩივრის ავტორის მიერ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ წარმოდგენილია მხოლოდ საკრებულოს შტამპიანი გზავნილის ასლი, ხოლო რაიმე დოკუმენტი, რომლითაც ფოსტის მიერაც იქნებოდა დადასტურებული გზავნილის 2014 წლის არა 13 ოქტომბერს, არამედ 29 ოქტომბერს ჩაბარების ფაქტი, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 420-ე მუხლის თანახმად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე