საქმე #ბ-1295-2(ბ-14) 22 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. გ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 6 ნოემბერს გ. გ-ემ განცხადებებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
განმცხადებლის მითითებით, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ნოემბერის განჩინებით უკანონოდ დარჩა უცვლელად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვა სსსკ-ის 423.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე - მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ უკანონოა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინება, რაც უცვლელად დარჩა საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებით და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა აუცილებლობას წარმოადგენს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.
განმცხადებლის მოსაზრებით, არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველი, რომლითაც გ. გ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინებაზე დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის _ ბაჟის გადაუხდელობის გამო, იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
განმცხადებლის მოსაზრებით, არსებობს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების საფუძვლები, კერძოდ, გ. გ-ე გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, მაგრამ ბაჟის გადაუხდელობის გამო მისი განცხადება დარჩა განუხილველად სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინებით; საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინება წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმების საფუძველს. ამასთან, განმცხადებლის მითითებით, დავის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს არა 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება, არამედ 2002 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. ს.ფ. 2-32).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ის განცხადება დატოვებული იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 421-ე და 427-ე მუხლების მოთხოვნებს, ვინაიდან, განცხადება არ შეიცავდა ზუსტ მოთხოვნას, კერძოდ: განმცხადებელი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას და განცხადება არ შეიცავდა მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის წარმოების განახლება და არ შეიცავდა მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე (იხ. ს.ფ. 33-34).
2014 წლის 1 დეკემბერს გ. გ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელება 3 დღით, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა ახლად აღმოჩენილი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და განცხადების შეტანის ვადის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა (იხ. ს.ფ. 38-39).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა საპროცესო ვადა 3 დღით, რათა წარმოედგინა სსსკ-ის 427.1 მუხლის შესაბამისად შედგენილი განცხადება დაზუსტებული მოთხოვნით, კერძოდ: განმცხადებელი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას და განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება და მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასურებელ მტკიცებულებებზე (იხ. ს.ფ. 40-41).
2014 წლის 12, 15 და 17 დეკემბერს გ. გ-ემ განცხადებებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით:
განმცხადებლის მოსაზრებით, საქმის წარმოების განახლება უნდა მოხდეს სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 26 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის.
განმცხადებლის მითითებით, საქმის წარმოების განახლება უნდა მოხდეს სსსკ-ის 423.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით _ მოსამართლეთა დანაშაულებრივი ქმედების გამო, რაც გამოიხატა იმაში, რომ 2007 წლის 30 იანვარს სარჩელის საქალაქო სასამართლოში შეტანისას არ გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟი, ასევე უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გადაუვადა გ. გ-ეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მან სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინების გაუქმების შესახებ განცხადებაზე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისულება. განმცხადებლის მოსაზრებით, გათავისუფლებაზე ან გადავადებაზე უარის პირობებში სასამართლოს უნდა გაეგრძელებინა ვადა ხარვეზის შესავსებად, მაგრამ მისი განცხადება დარჩა განუხილველად.
განმცხადებლის მითითებით, საკასაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინების მიღების შემდეგ აღარ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველი, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე და კერძო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით 2009 წლის 10 ნოემბერს 11:00 საათზე, თუმცა სასამართლოში გამოცხადებულს სასამართლოს მდივანმა აცნობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
2009 წლის 10 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანა განჩინება, რომლითაც არ იმსჯელა სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე და უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 აგვისტოსა და 17 სექტემბრის განჩინებები და დააკისრა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა, რითაც უზენაესმა სასამართლომ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება კერ გადაუვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და მერე 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებით აღარ გადაუვადა და ორჯერ იმსჯელა 2009 წლის 12 ოქტომბრისა და 10 ნოემბრის განჩინებებით სახელმწიფო ბაჟის გათავისუფლება-გადავადების შესახებ.
განმცხადებლის მითთებით, კანონიერ ძალაში იმყოფება უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინება და უნდა მოხდეს აღსრულება. აღსრულებეული იქნება იმ შეთხვევაში, როდესაც სასამართლო იმსჯელებს საპელაციო სასამართლოს 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, გაუქმება არ გაუქმების შესახებ. მოსამართლის, სასამართლოს დანაშაულებრივი ქმედება რომ არ მომხდარიყო საერთოდ არ უნდა არსებობდეს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინება. შესაბამისად, არსებობს სსსკ-ის 423 მუხლით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი საკმარისზე მეტი გარემოებები უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებისათვის.
განმცხადებელი გ. გ-ე დამატებით მიუთითებს, რომ იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნისათვის. მოვალეზე მისჯილი თანხის გადახდევინების მოთხოვნისათვის. სასამართლოების, პოლიციისა და პროკურატურის დანაშაულებრივი ქმედებების აღმოჩენის მცდელობისათვის. მისი დაპატიმრებისთანავე 2009 წლის დეკემბრის თვის ბოლო რიცხვებში მოვალე თეიმურაზ მაგრაქველიძე პოლიციის, პროკურატურის დახმარებით ტეხავს ბინას და თვითნებურად შედის და ბინიდან გამოაქვს მისი კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები. მან არაერთხელმიმართა განცხადებებით შესაბამის ორგანოებს რეაგირება მოეხდინათ ბინაში უკანონოდ შეღწევაზე და დაებრუნებიათ მისთვის კუთვნილი ნივთები, მაგრამ აღნიშნულზე პასუხს იღებდა რომ მაგრაქველიძე შევიდა მის სახელზე რეგიტრირებულ ბინაშიო. ოთხი წლის მანძილზე არაერთხელ მიმართა უამრავის განცხადებებით მთავარ პროკურატურას, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს მისი მოთხოვნები. რამოდენიმეჯერ განცხადებით მიმართა სასამართლოსსაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, რაიონული პროკურატურის, პოლიციის, იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, მაგრამ სასამართლოებმა არ გამოიყენეს უზრუნველყოფა და არ შეცვალეს ბინაზე რეგისტრაცია. დღემდე არ მსჯელობენ მისი პატიმრობის პერიოდში კუთვნილი ნივთების დაბრუნებაზე. იგი დღემდე ელოდება რეაგირებას მის 2014 წლის 12 და 13 ნოემბერს გადაგზავნილ განცხადებებზე. აღნიშნულ განცხადებების ასლებს ურთავს საქმეს.
შესაბამისად, განმცხადებლის მითითებით, ყველანაირი წინაპირობა არსებობს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გაუქმების და უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინების საფუძვლით განხილვა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მხრიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება არ გაუქმების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებების გაუქმების შესახებ დაუშვებლობის მოტივით უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. შესაბამისად, მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წანამძღვრების არსებობისას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427.1 მუხლი განსაზღვრავს განცხადების შინაარსს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. ზემოაღნიშნული კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავის განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებების გაუქმების საფუძვლად ასახელებს სსსკ-ის 423.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტს და საქმის წარმოების განახლების მოტივად მიუთითებს იმ გარემოებაზე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ საქმის განხილვისას ადგილი ჰქონდა მოსამართლეთა დანაშაულებრივ ქმედებებს, რაც კანონიერ ძალაში შესული განჩინებების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადებები არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.
მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი წარმოდგენილი განცხადებებით ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას, ფაქტობრივად მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინებების უკანონობაზე და უთითებს გარემოებებზე, რომელთა გამოც მისი მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს უცვლელად არ უნდა დაეტოვებინა სააპელაციო სასამართლოს განჩინებები და განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნულში გამოიხატება მოსამართლეთა დანაშაულებრივი ქმედებები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას, თუ ამ საქმეზე დადგენილია მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება. ამასთან, სსსკ-ის 423.2 მუხლი ადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დასაშვებობის პირბოებს, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, განცხადება ამავე კოდექსის 423.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დასაშვებია, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადებლის მიერ მითითებული მთელი რიგი გარემოებები არ წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმის წარმოების განახლების შესახებ სსსკ-ის 423.2 მუხლით გათვალისწინებულ განცხადების დასაშვებად ცნობის საფუძველს, რადგან არ იქნა წარმოდგენილი მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედების დადასტურების შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ განაჩენი, რა საფუძვლითაც ითხოვს განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადებებში ჩამოყალიბებული საქმის წარმოების განახლების მოტივები არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-423-ე მუხლებში რეგლამენტირებულ განჩინების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებების ფარგლებს, რამდენადაც მითითებული ნორმები ამომწურავად განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომელიც შესაძლებელია საქმის წარმოების განახლებას დაედოს საფუძვლად, რაც სრულ შეუსაბამობაშია განცხადებაში მითითებულ საფუძვლებთან.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მას ერთხელ უკვე შეტანილი აქვს საკასაციო სასამართლოში განცხადებები საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობაზე იმავე საფუძვლებზე მითითებით, რაზედაც 2014 წლის 6 ნოემბრის, 12, 15 და 17 დეკემბრის განცხადებებში მიუთითებს, რაც უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის მოტივით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. გ-ის განცხადებები არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას, განცხადება დაუსაბუთებელია და არ უზრუნველყოფს განცხადების დასაშვებად ცნობის კრიტერიუმს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველად იქნეს დატოვებული გ. გ-ის განცხადებები დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე