საქმე ¹ბს-31-1(ბ-14) 11 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ გ.კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ქ.თბილისის მერია, ჟ.თ-ი, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2011წ. და 28.03.2012წ. განჩინებების ბათილად ცნობა
დავის საგანი – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.კ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2011წ. და 28.03.2012წ. განჩინებების, თბილისის სააპლაციო სასამართლოს 03.12.2010წ. განჩინების ბათილად ცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.11.2010წ. განჩინების გაუქმება და ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2011წ. და 28.03.2012წ. განჩინებები, რადგან საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე ნ.ქადაგიძე, რომელიც არაერთგზის მონაწილეობდა აღნიშნული საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. საქმის განხილვაში აგრეთვე მონაწილეობდა მოსამართლე ნ.სხირტლაძე, რომელიც აღნიშნულამდეც არაერთგზის მონაწილეობდა საქმის განხილვაში, ამასთანავე, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ იგი ჯერ კიდევ 2004 წ. იყო საქმის საბოლოო შედეგით დაინტერესებული და თანამშრომლობდა ვაკე-საბურთალოს ყოფილი ადმინისტრაციის უფროსთან. სსკ 422-ე მუხლზე მითითებით, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქმეში მონაწილე 4 მხარიდან არც ერთი არ ყოფილა საქმის განხილვისას მიწვეული, აგრეთვე მან არ იცოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს რომელი შემადგენლობა იხილავდა მის საქმეს, რაც არაერთგზის თხოვნის მიუხედავად არ შეატყობინეს.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ნ.ქადაგიძისა და ნ.სხირტლაძის საქმის შედეგით დაიტერესება ჩანს საქმის საბოლოო შედეგითაც: 22-წლიანი საბინაო დავის განხილვაზე უარი ეთქვა მხოლოდ იმიტომ, რომ გ.კ-ამ დაარღვია საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა. განმცხადებელი თვლის, რომ მას სათანადო წესით არ გაეგზავნა და არ ჩაბარდა საფოსტო გზავნილი, ხოლო საჯარო შეტყობინება მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და არ არის დოკუმენტი.
განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ მის საქმეზე თვითაცილება განაცხადა მოსამართლე ნ.წკეპლაძემ (07.02.2011წ. განჩინება), რომელსაც სააპელაციო ინსტანციაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული კერძო საჩივრის განხილვისას, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს პალატის შემადგენლობა ვალდებული იყო აღნიშნული განჩნების გათვალისწინებით, კანონის შესაბამისად დავა განეხილა მოსამართლე ნ.ქადაგიძის გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.08.2012წ. განჩინებით გ.კ-ას განცხადება დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.კ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2013წ. განჩინებით გ.კ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.08.2012წ. განჩნება იმ ნაწილში, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი გ.კ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2011წ. და 28.03.2012წ. განჩინებებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2011წ. განჩინების ბათილად ცნობის შესახებ და საქმე მოცემულ ნაწილში განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.2013წ. განჩინებით გ.კ-ას განცხადება საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2011წ. და 28.03.2012წ. განჩინებების გაუქმების შესახებ განსჯადობის წესების დაცვით გადმოეგზავნა უფლებამოსილ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ხოლო გ.კ-ას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2011წ. განჩნების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.02.2014წ. განჩინებით გ.კ-ას განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული დაუშებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.კ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.11წ. და 28.03.12წ. განჩინებების ბათილად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები. სსკ-ის 52-ე თავი აწესრიგებს გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს, კერძოდ, სსკ 422.1 მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში, აგრეთვე, თუ ერთ-ერთი მხარე არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე. შეჯიბრებითობის პრინციპიდან (სსკ-ის მე-4 მუხ.) გამომდინარე, აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მანვე უნდა დაადასტუროს, რომ გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის საფუძვლების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ერთი თვის ვადაში მომართა სასამართლოს (სსკ-ის 427-ე მუხ.).
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.12.11წ. (საქმე =ბს-1307-1292(კ-კს-11)) განჩინების ბათილად ცნობას, რომლითაც გ.კ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო და საკასაციო პალატის 28.03.12 წ. (საქმე =ბს-1307-1292(კ-კს-11)) განჩინების ბათილად ცნობას, რომლითაც გ.კ-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.11წ. საოქმო განჩინებაზე (გ.კ-ას უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებაში უსწორობის გასწორების თაობაზე) არ დაკმაყოფილდა. მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად განმცხადებელი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ განჩინებები გამოტანილია მხარეთა დასწრების გარეშე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება არ ქმნის განჩინებების ბათილად ცნობის საფუძველს, რადგან სსკ-ის 401.1 მუხლის თანახმად, მომხსენებელი მოსამართლე საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში ამოწმებს რამდენად დაცულია საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პირობები, კერძოდ, არის თუ არა საკასაციო საჩივარი დადგენილი ფორმითა და შინაარსით წარდგენილი, ხელს აწერს თუ არა საკასაციო საჩივარს უფლებამოსილი პირი, დაცულია თუ არა საკასაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და ა.შ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ პირობებს ამოწმებს ზეპირი განხილვის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.12.2011წ. განჩინებით შემოწმდა გ.კ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი და დადგინდა, რომ დარღვეული იყო საკასაციო საჩივრის შეტანის სსკ-ის 397-ე მუხლით განსაზღვრული ვადა, რის შედეგადაც გ.კ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო. საკითხი, სსკ-ის 401-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე. ასევე ზეპირი მოსმენის გარეშე იქნა განხილული გ.კ-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.11წ. საოქმო განჩინებაზე, რაც ასევე არ ქმნის განჩინების ბათილად ცნობის საფუძველს, რადგან სსკ-ის 419.2 მუხლის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია განჩინება კერძო საჩივართან დაკავშირებით მიიღოს როგორც მხარეთა დასწრებით, აგრეთვე მხარეთა დასწრების გარეშე. ამდენად, საფუძველს მოკლებულია განმცხადებლის მითითება მხარეთა დასწრების გარეშე განხილვის გამო სადავო განჩინებების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან საკასაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული საკითხების მხარეთა დასწრების გარეშე განხილვის უფლებამოსილება გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით.
განმცხადებელი სადავო განჩინებების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევს აგრეთვე მოსამართლე ნ.ქადაგიძის მონაწილეობას საქმის განხილვაში, რადგან იგი აღნიშნული საქმის განხილვაში სააპელაციო სასამართლოშიც იღებდა მონაწილეობას და ამავე საფუძვლით საკასაციო პალატის ერთ-ერთმა მოსამართლემ საქმეზე თვითაცილება განაცხადა (07.02.2011წ. განჩინება). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მასალების თანახმად, 12.02.98წ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობას აღძრული ჰქონდა სარჩელი მოპასუხე გ. კ-ას მიმართ, მესამე პირის – ჟ. თ-ის მონაწილეობით, თვითნებურად დაკავებული სადგომიდან გამოსახლების შესახებ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 05.04.2000წ. განჩინებით, სსკ-ის 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო საბურთალოს რაიონის გამგეობის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, რაც უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 21.06.2000წ. განჩინებით. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზე გ. კ-ას შეგებებული სარჩელი სასამართლოს წარმოებაში არ მიუღია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. კ-ას მიერ წარდგენილი სასარჩელო განცხადებები რაიონული სასამართლოს 19.02.2000წ. და 07.03.2000წ. განჩინებებით უმოძრაოდ იქნა დატოვებული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. გამგეობის სარჩელთან დაკავშირებით საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, სასამართლო იხილავდა გ. კ-ას განცხადებას მითითებული განჩინებების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რაც არ დააკმაყოფილეს სასამართლოებმა. მოსამართლე ნ. ქადაგიძე მონაწილეობდა სააპელაციო სასამართლოში გ. კ-ას კერძო საჩივრების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვაში, რომლებიც შეტანილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებებზე და ეხებოდა დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვას, საქმის წარმოების განახლებას. აღნიშნულ საქმეზე სამართალწარმოების სტადიაზე გ. კ-ას განემარტა, რომ შესაძლებლობა ჰქონდა საერთო წესების დაცვით აღეძრა დამოუკიდებელი სარჩელი ჟ. თ-ის სახელზე განხორციელებული პრივატიზაციის კანონიერებასთან დაკავშირებით. გ. კ-ამ 25.11.2009წ. აღძრა დამოუკიდებელი სარჩელი. სარჩელის თავდაპირველ მოთხოვნებს წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 02.04.1998წ. #07.17.118 დადგენილების მე-2 პუნქტის, ჟ. თ-ის ბინის 04.09.1998წ. #018319 ორდერის, 29.05.1998წ. და 11.09.1998წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებების გაუქმება და სადავო ბინის მის სახელზე პრივატიზაცია. გ.კ-ას ამ სასარჩელო განცხადების განხილვაში მოსამართლე ნ.ქადაგიძეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მონაწილეობა არ მიუღია. სწორედ აღნიშნულ სარჩელზე მიმდინარე სამართალწარებისას იქნა მიღებული საკასაციო პალატის 12.12.2011წ. განჩინება, რომლითაც გ.კ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული და 28.03.2012წ. განჩინება, რომლითაც გ.კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სსკ-ის 29-ე მუხლი ადგენს ერთი და იმავე საქმის განხილვაში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობის დაუშვებლობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რამდენადაც მოსამართლე ნ. ქადაგიძე არ მონაწილეობა გ. კ-ას 25.11.2009წ. სარჩელის განხილვაში, კერძოდ, მოსარჩელე გ. კ-ას სარჩელში მითითებული სადავო აქტების განხილვაში, საბურთალოს რაიონის გამგეობის სარჩელის გამო საქმის განხილვა არ ეხებოდა გ. კ-ას მიერ შემდგომში სადავოდ გამხდარ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და პრივატიზაციის ხელშეკრულებას, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონდა მოსამართლის ერთსა და იმავე საქმის განხილვაში განმეორებით მონაწილებას სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო განჩინებების მიღებისას არ არსებობდა მოსამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობის დამაბრკოლებელი ობიექტური წინაპირობები. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის თვითაცილების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიუკერძოებლობა და ნდობით აღჭურვა სუბიექტური კატეგორიებია, შესაბამისად მათ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლე თავად აფასებს. ამასთან, აღნიშნული საფუძვლებით მოსამართლე ნ.ქადაგიძის აცილების საკითხზე საკასაციო სასამართლომ იმსჯელა 21.03.2012წ. განჩინებაში, რომლითაც გ.კ-ას განცხადება მოსამართლე ნ.ქადაგიძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული, მასთან დაკავშირებით გაუქმების მოთხოვნა განმცხადებლის მიერ წარდენილი არ ყოფილა. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო განჩინებების მიღებისას სამართალწარმოებში მოსამართლე ნ.ქადაგიძის მონაწილეობა ვერ იქნება მიჩნეული არამართლზომიერად, რადგან არ არსებობდა საქმეში მისი მონაწილეობის დამაბრკოლებელი ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებები.
განმცხადებელი აგრეთვე უთითებს, რომ საქმე განიხილა მოსამართლე ნ.სხირტლაძემ, რომელიც აღნიშნულამდეც არაერთგზის მონაწილეობდა საქმის განხილვაში, ამასთანავე, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ იგი ჯერ კიდევ 2004 წ. იყო საქმის საბოლოო შედეგით დაინტერესებული და თანამშრომლობდა ვაკე-საბურთალოს ყოფილი ადმინისტრაციის უფროსთან. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ნ.ქადაგიძისა და ნ.სხირტლაძის საქმის შედეგით დაიტერესება დასტურდება საქმის საბოლოო შედეგითაც: 22-წლიანი საბინაო დავის განხილვაზე უარი ეთქვა მხოლოდ იმიტომ, რომ დაირღვა საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აცილების საფუძველს არ ქმნის მოსამართლის მონაწილეობა იმავე ინსტანციის სასამართლოში, სხვა საქმეზე განმცხადებლის საკასაციო თუ კერძო საჩივრის განხილვაში. სსკ-ის 29-ე მუხლი ითვალისწინებს ერთი და იმავე საქმის განხილვისას სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობის დაუშვებლობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობის დამაბრკოლებელ გარემოებებზე მითითება უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ და არგუმენტირებულ, კანონისმიერ საფუძვლებს, განმცხადებლის არგუმენტები კი უსაფუძვლოა, რამდენადაც ის გარემოება, რომ მოსამართლემ იმავე ინსტანციის სასამართლოში განიხილა საქმე განმცხადებლის მონაწილეობით, თავისთავად არ ქმნის მოსამართლის აცილებისა და მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსამართლე ნ.სხირტლაძე ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მონაწილეობდა ამავე საქმის განხილვაში. ასევე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული გ.კ-ას მოსაზრება მოსამართლე ნ.სხირტლაძის მესამე პირებთან მართლსაწინააღმდეგო თანამშრომლობის შესახებ. განმცხადებელი სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ წარმოადგენს იმ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნას. ამდენად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია განმცხადებლის მითითება მოსამართლის მიკერძოების ან ამავე საქმის განხილვაში არაერთგზის მონაწილეობის გამო, სსკ-ის 422.1 მუხლის შესაბამისად, სადავო განჩინებების ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ სადავო განჩინებების მიღებამდე, საკასაციო პალატაში მიმდინარე სამართალწარმოებისას, განმცხადებელს შეეძლო განეცხადებინა მოსამართლე ნ.სხირტლაძის აცილების შესახებ, რადგან განმცხადებლის მითითებით, მოსამართლის აცილების საფუძველი ჯერ კიდევ 2004 წელს წარმოიშვა. ამ საფუძვლით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2012წ. განჩინებით გ.კ-ას განცხადება მოსამართლე ნ.სხირტლაძის აცილების შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
სსკ-ის 426-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა. მოსამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობის დაუშვებლობა შესაძლოა გახდეს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი საფუძვლის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ საქმის წარმოების დასრულების შემდეგ და მხარეს არ შეეძლო იგი განეცხადებინა საქმის განხილვის დასრულებამდე. მოსამართლის აცილების საკითხი გ. კ-ას შეეძლო დაეყენებინა ჯერ კიდევ საქმის განხილვის დროს, რამდენადაც განმცხადებლის მითითებით, მოსამართლეთა აცილების საფუძვლები წარმოიშვა 2001-2002, 2004 წლებში. აღნიშნული გარემოებების შესახებ გ.კ-ასთვის ცნობილი იყო სადავო განჩინებების გამოტანამდეც. ამასთანავე, იმ შემთხვევაშიც თუ გ.კ-ას სადავო განჩინებების მიღებამდე არ ჰქონდა აცილების შესახებ განცხადების წარდგენის შესაძლებლობა, მას შეეძლო სადავო განჩინებების მხარისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში მოეთხოვა სადავო განჩინებების ბათილად ცნობა, რასაც ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.11წ. და 28.03.12წ. განჩინებების ბათილად ცნობის შესახებ გ.კ-ას განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-427-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.კ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.11წ. და 28.03.12წ. განჩინებების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მაია ვაჩაძე