საქმე №ბს-500-489(გ-14) 9 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2014 წლის 14 აგვისტოს ზ. ს-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ უფლების რეგიტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 30 დეკემბრის №882013635163 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 მაისის №8820144674-03 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 ივნისის №8820144674-05 გადაწყვეტილების; ადმინიტრსაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 ივლისის №147452 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ზ. ს-ას სარჩელი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნა, რომ მართლია სარჩელი აღძრულია მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, თუმცა უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა მდებარეობს გარდაბნის რაიონის სოფ. ..., ამდენად სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მომხდარიყო იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობდა სადავო უძრავი ქონება, შესაბამისად ზინა სარიევას სარჩელი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსჯადობით განსახილველად გადააგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელე ზ. ს-ას სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ზ. ს-ას მიერ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენდა არა უძრავი ქონება, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ამიტომ განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგენილიყო არა ის ფაქტი, თუ რას ეხებოდა გამოცემული აქტები და სად მდებარეობდა სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გარკვეულიყო, რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული საქმე განსახილველად, მით უფრო მაშინ, როცა დავის საგანს წარმოადგენდა არა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული კონფლიქტი, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორცილებეული მოქმედების კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილი იყო დაეწყო დავა მოცემულ საქმეზე განსჯადობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სასამართლოთა შორის დავა ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე, კერძოდ, განსჯადობა მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, მითითებული ნაწილი შეიცავს სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ორგანოს მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით და შესაბამისად, სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სწორედ ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება შესაბამისი მოპასუხის ადგილსამყოფელზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, კერძოდ გასაჩივრებულია უფლების რეგიტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 30 დეკემბრის №882013635163 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 მაისის №8820144674-03 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 ივნისის №8820144674-05 გადაწყვეტილება; ადმინიტრსაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 ივლისის №147452 გადაწყვეტილება, ხოლო სარჩელში მოპასუხედ მითითებულია ადმინისტრაციული ორგანო _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომლის იურიდიული მისამართია, ქ. თბილისი, წმინდა ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის N2.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულის გამო, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ისეთ მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა დისპოზიციურობის პრინციპი. ეს უკანასკნელი სამართალწარმოებაში წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ და მხარეთა გარანტირებულ შესაძლებლობას, თავისუფლად ისარგებლონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებებით ან განკარგონ ისინი. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მხარეთა თავისუფალი ნება, დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სარჩელი აღძრან სასამართლოში და მიუთითონ მოპასუხე, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სასარჩელო მოთხოვნაზე.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ უნდა დაადგინოს აღძრულია თუ არა სარჩელი იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე ან სწორად აქვს თუ არა მოსარჩელეს ყველა სასარჩელო მოთხოვნის მიმართ დასახელებული მოპასუხე. მითითებულ მუხლში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სასამართლო მხოლოდ მოსარჩელის თანხმობითაა უფლებამოსილი თავდაპირველი მოპასუხე შეცვალოს სათანადო მოპასუხით. მოცემული საქმის შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 მაისის №8820144674-03 და 2014 წლის 20 ივნისის №8820144674-05 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ, მოსარჩელის მოთხოვნების მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელეს უნდა დააზუსტებინოს მისი თითოეული სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოპასუხე და შემდეგ განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს უფლებამოსილების საკითხი საქმის ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზ. ს-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ს-ას სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს მიმართ ამ ეტაპზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე