Facebook Twitter

საქმე №ბს-636-623(გ-14) 2 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 22 სექტემბერს ს. მ-ამ და მ. ა-ამ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების _ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიმართ და მოითხოვეს: 1. მ-ებისა და ა-ების საცხოვრებელი ბინების გასხვისების ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის #11/09/04 განკარგულების, 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის #2644 თანხმობის, 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და აღნიშნული ხელშეკრულებებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე მ-ებისა და ა-ების საცხოვრებელი ბინების სხვა მოქალაქეებზე და სახელმწიფოზე რეგისტრაციის, 4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 სექტემბრის #189707 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე ბათილად ცნობა და 5. მ-ებისა და ა-ების საცხოვრებელ ბინებზე პირვანდელი მდგომარეობის (გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის) აღდგენა (ს.ფ. 1-14).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ს. მ-ასა და მ. ა-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით მოწესრიგებულია სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთებზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებით ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ განისაზღვრა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, 23-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის - რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავი ნივთი - საცხოვრებელი ბინები მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თელეთის დასახლებაში. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში განსჯად სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის საფუძველზე წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით.

სასამართლომ განმარტა, რომ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტების კანონიერება. რა დროსაც განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტები და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება ადმინისტრაციული საქმე განსახილველად, მით უფრო მაშინ, როდესაც განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული კონფლიქტი, არამედ სარჩელის ობიექტია - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედებების (გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების) კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადონის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ.

მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტები, შესაბამისად, ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფელის მიხედვით (ქ. თბილისი). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, მანამ სანამ მოსარჩელე არ დააზუსტებს თავის სასარჩელო მოთხოვნათა წრეს და ასევე არ მიუთითებს მოპასუხე ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიმართ მოთხოვნას და იმ პირს, რომლის საკუთრების უფლებაც შეიძლება შეილახოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობით.

რუსთავის საქალაქო სასამართლო წინამდებარე საქმეზე ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის #ბს-32-31(გ-14) განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ დასკვნებს და განმარტებებს, კერძოდ, სასამართლოებმა სადავო აქტების სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დაადგინონ არა ის ფაქტი, თუ რას ეხება განხორციელებული რეგისტრაცია და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გამოარკვიონ, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის მიხედვით რისი არჩევანის უფლებამოსილებაც თვით მოსარჩელეს აქვს და იგი არ გამორიცხავს და არ აუქმებს საერთო განსჯადობის წესით დადგენილ განსჯადობას, რადგან შეიცავს მითითებას ალტერნატიული განსჯადობის წესზე.

მოსარჩელის მიერ სადავოდაა ქცეული მ-ებისა და ა-ების საცხოვრებელი ბინების გასხვისების ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის #11/09/04 განკარგულება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის თანხმობა #2644, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ხელშეკრულებები და აღნიშნული ხელშეკრულებებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე მ-ებისა და ა-ების საცხოვრებელი ბინების სხვა მოქალაქეებზე და სახელმწიფოზე რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 სექტემბრის #189707 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ასევე მოსარჩელის მოთხოვნაა აღდგენილ იქნეს მოქალაქეების მ-ებისა და ა-ების კონსტიტუციური, კანონიერი უფლებები მათ კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე პირვანდელ მდგომარეობაში (გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობაში).

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის განხილვისას განსაკუთრებული განსჯადობის წესით რუსთავის საქალაქო სასამართლოში არ უნდა მოხდეს აღნიშნული საქმის განხილვა და საქმე უნდა განხილულ იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით, სადაც მოსარჩელის არჩევით შეტანილ იქნა სარჩელი თავდაპირველად.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26-ე/, კერძოდ, უფლებამოსილი დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობაში სასამართლოს მიერ (იხ. ს.ფ. 223-227).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ს. მ-ასა და მ. ა-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახულია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, უფლებამოსილი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობაში.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1. მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას, იმპერატიული შინაარსის ნორმაა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსაჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 “ა” მუხლის თანახმად. ადმინისტრაციული სასამართლო, განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოსაგან, საქმის განსჯადობას ამოწმებს მოპასუხის მოთხოვნის გარეშეც, თავისი ინიციატივით, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, შეამოწმოს, განიხილა თუ არა საქმე უფლებამოსილმა სასამართლომ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს:

1. მ-ებისა და ა-ების საცხოვრებელი ბინების გასხვისების ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის #11/09/04 განკარგულების ბათილად ცნობა;

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის #2644 თანხმობის ბათილად ცნობა;

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და აღნიშნული ხელშეკრულებებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე მ-ებისა და ა-ების საცხოვრებელი ბინების სხვა მოქალაქეებზე და სახელმწიფოზე რეგისტრაციის ბათილად ცნობა;

4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 სექტემბრის #189707 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე ბათილად ცნობა;

5. მ-ებისა და ა-ების საცხოვრებელ ბინებზე პირვანდელი მდგომარეობის (გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის) აღდგენა.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოპასუხეს წარმოადგენს მ-ებისა და ა-ების საცხოვრებელი ბინების გასხვისების ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 სექტემბრის #11/09/04 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. საქართველოს მთავრობა მოპასუხეს წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის #2644 თანხმობის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოპასუხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და აღნიშნული ხელშეკრულებებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე მ-ებისა და ა-ების საცხოვრებელი ბინების სხვა მოქალაქეებზე და სახელმწიფოზე რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 სექტემბრის #189707 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე ბათილად ცნობისა და მ-ებისა და ა-ების საცხოვრებელ ბინებზე პირვანდელი მდგომარეობის (გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის) აღდგენის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო მოთხოვნა - ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიმართ მოსარჩელეს არ დაუზუსტებია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოებმა სადავო აქტების სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დაადგინონ არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გასაჩივრებული აქტები და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინები, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გამოარკვიონ, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა საქმის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის თაობაზე არ ეფუძნება სასამართლოს მიერ ადეკვატური საპროცესო მოქმედებების განხორციელებას, კერძოდ, იმ პირობებში, როცა მოსარჩელემ, რომელიც საპროცესო კანონმდებლობით აღჭურვილია საპროცესო უფლებით - თავად განსაზღვროს თუ ვინ არის მის მოთხოვნაზე მოპასუხე, მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია. თავის მხრივ, სასამართლოს საპროცესო მოვალეობას წარმოადგენს შეამოწმოს - არის თუ არა მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული პირი ის, ვინც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. შემოწმების შედეგად, თუ სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ, მან უნდა განახორციელოს სსსკ-ის 85-ე მუხლის გათვალისწინებული საპროცესო ღონისძიებები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფელის მიხედვით (ქ. თბილისი) - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ხოლო მოპასუხე - ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიხედვით (ქ. რუსთავი) - რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, კი სასამართლოს არჩევის პრიორიტეტი, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, მოსარჩელის პროცესუალური პრივილეგიაა.

შესაბამისად, ს. მ-ასა და მ. ა-ას სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც მოსარჩელეებმა შეიტანეს სარჩელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. მ-ასა და მ. ა-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოს მხარეებს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე