Facebook Twitter

საქმე №ბს-722-708(გ-14) 23 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 29 ოქტომბერს რ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: 1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 3 ოქტომბრის #279 ბრძანების, მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ბათილად ცნობა; 2. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საოქმო განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენა; 3. ქ. რუსთავის საკრებულოსათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება და 4. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სოლიდარულად იძულებითი განაცდური ხელფასის მიუღებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის 100 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება (ს.ფ. 1-15).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით რ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი, ხოლო ამავე კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 3 ოქტომბრის #279 ბრძანების ბათილად ცნობა. აღნიშნული ბრძანება საჩივრდება რუსთავის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის #6). რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისროს იძულებითი განაცდური ხელფასის მიუღებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით, სასამართლოს განმარტებით, მართალია, მოპასუხედ დასახელებულია მეორე ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დავის საგანი მოიცავს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შეფასებას, რაც განსჯადი სასამართლოს მიერ თავდაპირველად უნდა შეფასდეს, ხოლო იძულებითი განაცდურის ხელფასის მიუღებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება - აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის თანმდევი შედეგია, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს სწორედ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ.

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, რომლის გამოცემული აქტის სადავოდაა გამხდარი, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 2014 წლის 13 ნოემბრის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის საფუძველზე წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

რ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 3 ოქტომბრის #279 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში მიმართულია მოპასუხე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, რომლის მისამართია - ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #20. აღნიშნულ ნაწილში განსჯად სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა მიმართულია როგორც მოპასუხე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლის მისამართია - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 16. აღნიშნულ ნაწილში განსჯად სასამართლოს წარმოადგენს, როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

მოსარჩელე რ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელსაც სურდა განეხილა მისი საქმე.

მოსარჩელის არჩევანის და განსჯადობის გათვალისწინებით რომელიც არ არის ორიენტირებული საქმის შედეგზე, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადგილსამყოფელის მიხედვით (ქ. თბილისი) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის განხილვისას რუსთავის საქალაქო სასამართლოში არ უნდა მოხდეს აღნიშნული საქმის განხილვა და საქმე განხილული უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, სადაც მოსარჩელის არჩევით შეტანილ იქნა სარჩელი თავდაპირველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ რ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახულია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, უფლებამოსილი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობაში.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას, იმპერატიული შინაარსის ნორმაა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად. ადმინისტრაციული სასამართლო, განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოსაგან, საქმის განსჯადობას ამოწმებს მოპასუხის მოთხოვნის გარეშეც, თავისი ინიციატივით, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, შეამოწმოს, განიხილა თუ არა საქმე უფლებამოსილმა სასამართლომ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს:

1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 3 ოქტომბრის #279 ბრძანების, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ბათილად ცნობა;

2. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საოქმო განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენა;

3. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება;

4. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სოლიდარულად იძულებითი განაცდური ხელფასის მიუღებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის 100 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება.

შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოპასუხეს წარმოადგენს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 3 ოქტომბრის #279 ბრძანების, რ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ბათილად ცნობის, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საოქმო განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოპასუხეს წარმოადგენს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად იძულებითი განაცდური ხელფასის მიუღებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის 100 ლარის სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოებმა სადავო აქტების სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დაადგინონ არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გასაჩივრებული აქტები, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გამოარკვიონ, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს მოპასუხე - რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგილმდებარეობის მიხედვით - რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნები მიმართულია რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ. შესაბამისად, სასამართლოს მიერ თავდაპირველად უნდა შემოწმდეს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების საკითხი, პირის ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საოქმო განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრების საკითხი. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისროს იძულებითი განაცდურის ხელფასის მიუღებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით, სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, მეორე მოპასუხედ დასახელებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომლის იურიდიული მისამართია - ქ. თბილისი, თუმცა იძულებითი განაცდურის ხელფასის მიუღებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება გასაჩივრებული აქტის - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 3 ოქტომბრის #279 ბრძანების - ბათილად ცნობის მოთხოვნის კანონიერების შემოწმების თანმდევი შედეგია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, მხარის მიერ, იძულებითი განაცდური ხელფასის მიუღებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, სოლიდარულ მოპასუხედ რუსთავის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად დასახელებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მაგრამ თავის მხრივ, სასამართლოს საპროცესო მოვალეობას წარმოადგენს შეამოწმოს არის თუ არა მოსარჩელის მიერ დასახელებული პირი ის, ვინც პასუხი უნდა აგოს ამ მოთხოვნაზე და შემოწმების შედეგად, თუ სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ, მან უნდა განახორციელოს სსსკ-ის 85-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ღონისძიებები.

შესაბამისად, რ. მ-ის სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოს მხარეებს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე