Facebook Twitter

№ბს-13-13 (2კ-უს-14) 27 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორები, კასატორები (მესამე პირები) _ ნ. ტ-ა, პ. ტ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. ჭ-ე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი - ნ. ა-ი

საჩივრის ავტორების მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 13 მარტს მ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მ. ჭ-ემ აღნიშნა, რომ 2007 წელს ნ. ა-მა მისგან ისესხა 60000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით უნდა დატვირთულიყო მსესხებლის დის - ი. ძ-ის კუთვნილი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. №15, ბინა №116. ნ. ა-მა მას წარუდგინა საბანკო ჩეკები წარმომდგენზე, რითაც დაარწმუნა კრედიტუნარიანობაში. ნ. ა-ი პერიოდულად ფარავდა სესხის თანხასა და პროცენტებს, შემდგომში თანხის გადახდა შეწყვიტა. მოსარჩელემ მოგვიანებით შეიტყო, რომ 2012 წლის 16 მაისს ნ. ა-ს, ი. ძ-სა და ნ. ტ-ას შორის გაფორმდა ნ. ა-ისა და ი. ძ-ის თანასაკუთრებაში არსებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 მაისის განჩინებით მ. ჭ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზურნველყოფის მიზნით, უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისში, ... №61, მე-3 სადარბაზო, მე-4 სართული, ბინა №61, ფართი 31,45 კვ.მ. საკადასტრო კოდი №..., კერძოდ, ნ. ა-ის კუთვნილ წილს ყადაღა დაედო. უძრავ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაცია გახდა ნ. ა-ს, ი. ძ-სა და ნ. ტ-ას შორის დადებული ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. ამავე სასამართლოს 2012 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ჭ-ის სარჩელი და ნ. ა-ს მის სასარგებლოდ 34500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნ. ა-მა გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 11 თებერვლის №A12071742-013/001 განკარგულებით მოვალე ნ. ა-ის საკუთრებაში არსებული ბინა 2013 წლის 8 თებერვალს გამართულ პირველ აუქციონზე პ. ტ-იმ შეიძინა. აღნიშნული აუქციონი ჩატარდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის - ნ. ტ-ას სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამარტივებული წესით გამოტანილი, გადახდის ბრძანების აღსრულების მიზნით. ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო 2013 წლის 11 თებერვლის №A12071742-013/001 განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №012013029701/3 გადაწყვეტილებით შეწყდა ყადაღის რეგისტრაცია, ხოლო 2013 წლის 12 თებერვლის №882013054777-03 გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა სააღსრულებო განკარგულება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 11 თებერვლის №A12071742-013/001 განკარგულებაში მითითება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 75-ე მუხლის მე-5 პუნქტზე არ გულისხმობდა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღის გაუქმებას. ამგვარი ქმედებით უზრუნველყოფის გარეშე დარჩა მისი მოთხოვნა.

მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ 1. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 4 დეკემბრის №12111234/8837 ბრძანების; 2.აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 11 თებერვლის №A12071742-013/001 განკარგულების; 3. ყადაღის შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №102013029701/3 გადაწყვეტილების; 4. რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №8820130547777-03 გადაწყვეტილებისა და 5. ნ. ტ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 თებერვლის №882013057243-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ნ. ა-ი, ნ. ტ-ა და პ. ტ-ი ჩაებნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ჭ-ემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 11 თებერვლის №A12071742-013/001 განკარგულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №102013029701/3 გადაწყვეტილება ყადაღის შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 12 თებერვლის №8820130547777-03 იძულებითი აღსრულების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 13 თებერვლის №882013057243-03 გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. არ დაკმაყოფილდა მ. ჭ-ის სასარჩელო განცხადება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 4 დეკემბრის №12111234/8837 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა, რომლის თანახმად აღმასრულებელს არ ჰქონდა უფლება მოეხდინა ქონების რეალიზაცია, რადგან უძრავი ქონება, რომლის შემძენიც სააღსრულებო განკარგულების საფუძველზე გახდა პ. ტ-ი, სასამართლოს განჩინებით სარჩელის უზრუნველსაყოფად დაყადაღებული იყო. სააპელაციო პალატამ მოიხმო უზენაესი სასამართლოს №ბს-821-805 (კ-12) განჩინებაში ასახული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამართლებრივი შეფასება და არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631-ე მუხლის პირველი პუნქტის განმარტება. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასამართლო ყადაღა მხოლოდ მესაკუთრის მხრიდან ქონების განკარგვის შეზღუდვას ითვალისწინებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის არსსა და მიზნებთან და საფრთხეს უქმნის მოსარჩელის მხრიდან სასამართლოს მიერ დადასტურებული უფლებით სარგებლობას. ამასთან, სასამართლოს მიერ ყადაღის გამოყენების მიზანი არის არა მხოლოდ მოპასუხის შეზღუდვა, არამედ მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება, რაც სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით სააღსრულებო ორგანოს მხრიდან სასამართლოს მიერ დაყადაღებული უძრავი ნივთის განკარგვა აზრს არ უნდა უკარგავდეს სასამართლოს მიერ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას. ასეთი მიდგომა ეჭვქვეშ აყენებს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებას და შესაძლებლობას აძლევს მას თავი აარიდოს სასამართლოს მიერ უზრუნველყოფილი ქონებით პასუხისგებას. ამასთან, სადავო საკითხის ამგვარი განმარტება შესაძლებლობას აძლევს არაკეთილსინდისიერ მოვალეს სააღსრულებო ორგანოს მეშვეობით (მოჩვენებითი ხელშეკრულების საფუძველზე) განკარგოს ქონება. სააპელაციო პალატის განმარტებით სარჩელის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს მოთხოვნის არსებობას, მაგრამ სასამართლო დავას აზრი არ უნდა დაეკარგოს და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მით უფრო სარჩელის უზრუნველყოფის არსებობის პირობებში, უნდა არსებობდეს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში არსებობდა არა მხოლოდ სარჩელი, არამედ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც ნ. ა-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 30 000 აშშ დოლარის და სარგებლის 4500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის აღძვრის პირობებში მოსარჩელე სარგებლობს ეფექტური და პრევენციული დაცვის უფლებით. ეფექტური დაცვა თავად სარჩელით მოთხოვნილი უფლების მოპოვებას გულისხმობს, ხოლო პრევენციული დაცვისას მოსარჩელე უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ეს უფლება არ გაუქმდება სანამ მას უფლება აღუდგება. საქალაქო სასამართლოს მიერ კანონის ამგვარმა განმარტებამ მოსარჩელისათვის პრევენციულ დაცვას აზრი დაუკარგა, მან პრევენციული დაცვის უფლებით ვერ ისარგებლა. ფაქტობრივად მ. ჭ-ე სამართლებრივი დაცვის გარეშე დარჩა.

სააპელაციო პალატამ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის მე-19 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა სარეგისტრაციო სამსახურს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიუხედავად ნივთზე რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა, მოახდინოს ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაცია. ამდენად, აღნიშნული ნორმა რეგისტრაციის საგამონაკლისო წესს ეხება და სააღსრულებო ორგანოს ქმედების კანონიერება მასზე დაყრდნობით ვერ შეფასდება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. ჭ-ის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს განჩინებით ყადაღა ჰქონდა დადებული სადავო უძრავ ქონებას, ხოლო აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს არ გაუუქმებია. სარეგისტრაციო სამსახურმა სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) იგნორირებით გააუქმა სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ყადაღა. სააპელაციო პალატამ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-5 პუნქტზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სასამართლოს განჩინებით დადებული ყადაღის გაუქმებას ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს, ასევე სასამართლო ყადაღის და სარჩელის უზრუნველყოფის არსს, მის მიზნებს. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 4 დეკემბრის №12111234/8837 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 4 დეკემბრის №12111234/8837 ბრძანებით დავალიანების გადახდევინების შესახებ, გამარტივებული წარმოების წესით, ნ. ა-ს დაეკისრა ნ. ტ-ას სასარგებლოდ 100 ლარისა და 20000 დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ბრძანებით მ. ჭ-ეს არანაირი პირდაპირი და უშუალო ზიანი არ მისდგომია. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 4 დეკემბრის №12111234/8837 ბრძანებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინებით მ. ჭ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქალაქ თბილისი, ..., მე-2 კვარტალი, კორპუსი 19/ქალაქი თბილისი, ..., №61-ში მდებარე, საკადასტრო კოდი ..., უძრავ ქონებაზე ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოება ადმინისტრაციულ №3ბ/1217-13 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ამ საქმეზე დავის დასრულებამდე).

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე საფუძვლიანი იყო, ვინაიდან განცხადებაში აღნიშნული გარემოებები შეესაბამებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის კანონით განსაზღვრულ მიზნებს. ასევე აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს სასამართლო დავის დასრულებამდე გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების საფრთხის თავიდან აცილების საფუძვლით. საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი სახის საფრთხის არსებობა მოცემულ შემთხვევაში დასაბუთებულია, ვინაიდან სადავო უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინება პ. ტ-იმ და ნ. ტ-ამ გაასაჩივრეს. საჩივრის ავტორების მოსაზრებით, სასამართლო განჩინება უხეშად არღვევს მათ უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს, რის გამოც ითხოვენ მის გაუქმებას შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: ქ. თბილისში ... მე-2 კვარტ. კორპ 19 ...ს №61-ში მდებარე მთლიან უძრავ ქონებაზე ს.კ. ..., მათი საკუთრების საფუძველს არ წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონი და მის საფუძველზე მიღებული განკარგულება, რომელიც სასამართლომ ბათილად ცნო. აუქციონზე მათ მიერ შეძენილ იქნა ბინის მხოლოდ ½. ხოლო მეორე ½ მათ მიერ შეძენილ იქნა მეორე მესაკუთრე ი. ძ-ისაგან, სამოქალაქო გარიგების დადების გზით. ამრიგად სასამართლო განჩინებით უხეშად ირღვევა მათი უფლებები იმ ქონების მიმართ, რომელზეც მ. ჭ-ეს არანაირი საფუძველი არ ჰქონია ედავა და არც დავობდა. სასამართლომ მისი უზრუნველყოფის საგანი გახადა მთელი ქონება, რომლის მიმართაც არ არსებობს მ. ჭ-ის იურიდიული ინტერესი. სასამართლოს არ გაურკვევია, რამდენად შეეხებოდა უზრუნველყოფის ღონისძიება მესამე პირის - შემძენის ინტერესებს, არ გაითვალისწინა, რომ ისინი დაცული არიან კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით პ. ტ-ისა და ნ. ტ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე საფუძვლიანი იყო, ვინაიდან სადავო უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად ზემდგომ სასამართლოს - საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 2012 წლის 15 მაისის მდგომარეობით ქ. თბილისი, ..., მე-2 კვარტალი, კორპ. №19/თბილისი, ... №61, მე-3 სადარბაზო, მე-4 სართული, ბინა №61 (ფართი 31,45 კვ.მ. საკადასტრო კოდი №...) ირიცხებოდა ნ. ა-ისა და ი. ძ-ის საკუთრებად. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ჭ-ის განცხადება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ნ. ა-ის კუთვნილ წილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ..., მე-2 კვარტალი, კორპ. №19/თბილისი, ... №61, მე-3 სადარბაზო, მე-4 სართული, ბინა №61 (ფართი 31,45 კვ.მ. საკადასტრო კოდი №...). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით განხორციელდა ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია უძრავი ნივთი: ქალაქი თბილისი, ..., კვარტალი 2, კორპუსი 19/ქალაქი თბილისი, ... №61, სადარბაზო 3, სართული 4, ბინა №61, 31,45 კვ.მ. საკადასტრო კოდი №... მესაკუთრე ნ. ა-ის კუთვნილ წილზე. ამასთან, კრედიტორ ნ. ტ-ას სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის №12111234/8837 აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით აღმასრულებლის მიერ ყადაღა დაედო ნ. ა-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ..., მე-2 კვარტალი, კორპ. №19/თბილისი, ... №61, მე-3 სადარბაზო, მე-4 სართული, ბინა №61 კუთვნილ წილს, საკადასტრო კოდი №...; გარდა ამისა, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურმა ნ. ა-ის სახელზე რიცხული ½ წილი შეაფასა უძრავი ქონებიდან, რომლის საკადასტრო კოდია №.... თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 11 თებერვლის განკარგულებით მოვალე ნ. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, ..., მე-2 კვარტალი, კორპ. №19/თბილისი, ... №61, მე-3 სადარბაზო, მე-4 სართული, ბინა №61 (საკადასტრო კოდი №...) შემძენი 2013 წლის 6 თებერვალს გამართულ პირველ აუქციონზე შემძენი გახდა პ. ტ-ი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ის სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო მოვალე ნ. ა-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ აღნიშნული ბინის წილზე. ასევე ნ. ტ-ას სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადახდის ბრძანების აღსრულება განხორციელდა ამავე ქონებაზე. შესაბამისად, სააღსრულებო განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრის 2013 წლის 12 თებერვლის №102013029701/3 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღა. აღსანიშნავია, რომ მ. ჭ-ის დავის საგანი არ არის ნ. ტ-ას მიერ სადავო ბინის ნაწილის ი. ძ-ისაგან შეძენის კანონიერება. სასამართლოს მიერ მ. ჭ-ის სარჩელის დაკმაყოფილება ე.ი. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა ვერ გახდება ნ. ტ-ას სახელზე სადავო ბინის ნაწილის (½ წილის) რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). ამდენად, უძრავი ქონების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ნ. ტ-ამ ი. ძ-ისაგან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა, მ. ჭ-ეს არანაირი კანონიერი ინტერესი არ გააჩნია. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქალაქ თბილისი, ..., მე-2 კვარტალი, კორპუსი 19/ქალაქი თბილისი, ..., №61-ში მდებარე (საკადასტრო კოდი ...) უძრავი ქონების იმ წილზე, რომელიც იყო ი. ძ-ის საკუთრება, ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების აკრძალვა არ შეესაბამება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ნ. ა-ის კუთვნილი სადავო უძრავი ქონება გასხვისდა და ახალი მესაკუთრის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში მიუხედავად სადავო უძრავ ქონებაზე მ. ჭ-ის სასარგებლოდ სასამართლოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისა. ამდენად, მ. ჭ-ის სარჩელის მიზანია დადგინდეს ის გარემოება, რომ ნ. ა-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე რეგისტრირებულ ყადაღას უნდა დაებრკოლებინა სხვა კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დაწყებული იძულებითი აღსრულება, ასევე დაუშვებელი იყო საჯარო რეესტრის მიერ მოცემულ ქონებაზე რაიმე სარეგისტრაციო წარმოება. მართალია, იძულებითი აღსრულების საფუძველზე მოპოვებული საკუთრების უფლება პ. ტ-იმ გაასხვისა ნ. ტ-აზე და სადღეისოდ სადავო ქონება საჯარო რეესტრში ირიცხება ამ უკანასკნელის სახელზე, ამასთან პ. ტ-ისა და ნ. ტ-ას შორის არსებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება მოცემული დავის ფარგლებში სადავო არ არის, საკასაციო სასამართლო მაინც მიზანშეწონილად მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მართლმსაჯულების რეალური განხორციელების ამოცანას ემსახურება და სასამართლოს მიერ ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი სიკეთით კრედიტორის სარგებლობის ხელშეწყობაა, რათა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის მისი ინტერესი არ შეილახოს, ხოლო მართლმსაჯულება ფორმალური ხასიათის მატარებელი არ გახდეს. აღსანიშნავია, რომ მ. ჭ-ის მიზანია შეძლოს სასამართლო გადაწყვეტილებით ნ. ა-ისათვის სესხის საფუძველზე დაკისრებული თანხის მიღება. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მოვალის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გატარებით, ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა მის საკუთრებაში არსებული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. ამ მიზნით მ. ჭ-ის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით მოვალის საკუთრებას დაედო ყადაღა, ხოლო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებით, მ. ჭ-ის მოთხოვნა ნ. ა-ის მიმართ არაუზრუნველყოფილი დარჩა. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა, მიუხედავად იმისა, რომ სადღეისოდ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე წარმოშობილი უძრავი ქონების საკუთრება სხვა პირისთვისაა გადაცემული, ხელს შეუშლის მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და კიდევ უფრო გაართულებს მ. ჭ-ის სამოქალაქო დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას თუ თავის მხრივ ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე მას გაასხვისებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი რეგულირების ფარგლებში მოქცეულია ასევე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გარკვევა. ამავდროულად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ გარემოების გონივრულ დასაბუთებაზე, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას ამ ღონისძიების გაუტარებლობა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას (ქონების ½ წილთან მიმართებით), რომ უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მხრიდან გატარებული დროებითი ღონისძიების სახეა, რომელიც მართლმსაჯულების შედეგის - გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების რეალიზაციის სარწმუნო წინაპირობას წარმოადგენს. რაც შეეხება უზრუნველყოფის სახის გამოყენებას, საკასაციო პალატა, თვლის, რომ სასამართლომ განმცხადებლის მოთხოვნის ფარგლებში მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პლატა თვლის, რომ საჩივრის ავტორებმა ნაწილობრივ დაადასტურეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების (½ წილის ნაწილში) არამართებულობა. შესაბამისად, ნ. ტ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქ თბილისი, ..., მე-2 კვარტალი, კორპუსი 19/ქალაქი თბილისი, ..., №61-ში მდებარე (საკადასტრო კოდი ...) წილზე (ი. ძ-ისაგან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით შეძენილი) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების ადმინისტრაციულ №... საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ამ საქმეზე დავის დასრულებამდე) აკრძალვის ნაწილში სადავო განჩინება უნდა გაუქმდეს. ამასთან, უძრავი ქონების იმ წილზე, რომელიც 2012 წლის 15 მაისის მდგომარეობით ირიცხებოდა ნ. ა-ის სახელზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების აკრძალვა ადმინისტრაციულ №... საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ამ საქმეზე დავის დასრულებამდე) უნდა დარჩეს ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ. ტ-ისა და ნ. ტ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინება ნ. ტ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქ თბილისი, ..., მე-2 კვარტალი, კორპუსი 19/ქალაქი თბილისი, ..., №61-ში მდებარე (საკადასტრო კოდი ...) წილზე (2012 წლის 15 მაისის მდგომარეობით ნ. ა-ის საკუთრებაში აღრიცხული) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების ადმინისტრაციულ №... საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ამ საქმეზე დავის დასრულებამდე) აკრძალვის ნაწილში დარჩეს უცვლელი;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინება ნ. ტ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქ თბილისი, ..., მე-2 კვარტალი, კორპუსი 19/ქალაქი თბილისი, ..., №61-ში მდებარე (საკადასტრო კოდი ...) წილზე (ი. ძ-ისაგან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით შეძენილი) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების ადმინისტრაციულ №... საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (ამ საქმეზე დავის დასრულებამდე) აკრძალვის ნაწილში გაუქმდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე