საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
=ბს-35-35 (კ-15) 29 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
010334715950033
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღნიშნული კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2014 წ. გადაწყვეტილებაზე ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2014წ. გადაწყვეტილებით დ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 06.12.2013წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ.რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის 13.03.2013წ. =1/1617 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 12.06.2013წ. =1/4224 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე დ.ნ-ის განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღნიშნული განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას 24.11.2014წ. ჩაჰბარდა (ტ.2, ს.ფ.142). მხარისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 15.12.2014 წ. (ორშაბათი) 24 საათი. საკასაციო საჩივარი მხარემ ,,...“ 20.12.2014 წ. ჩააბარა (ტ.2, ს.ფ.155). სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2014წ. გადაწყვეტილება ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ.ვაჩაძე