საქმე #ბს-404-399(კ-14) 20 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს ,,...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე შპს ,,...“ სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს ,,...“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 7 მარტის №00138 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 8 მაისის №859 განკარგულების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-12).
მოპასუხეებმა - ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წერილობითი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 52-60; 184-190).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 237-243).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 248-258).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის განჩინებით შპს ,,...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 317-327).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 335-342; 387-397; 431-439).
შპს ,,...“ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 7 მარტის №00138 დადგენილების შეჩერება (იხ. ს.ფ. 353-354).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 401-402).
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შპს ,,...“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 7 მარტის №00138 დადგენილების მოქმედება შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ნაწილში საქმეზე საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ. ს.ფ. 403-406).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით ქ. თბილისის მერიამ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 418-420).
შპს ,,...“ საკასაციო სასამართლოში წარდგენილი წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 422-424; 426-426; 430-438).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული განჩინების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ შპს ,,...“ მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ,,...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,...“ სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ნ. ნ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან, დაუშვებლად იქნა ცნობილი შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი შესაბამისად, უნდა გაუქმდეს საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინება აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს ,,...“ უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ნ. ნ-ას მიერ 2014 წლის 22 სექტემბრის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (350 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
3. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 7 მარტის №00138 დადგენილების მოქმედების შეჩერების თაობაზე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ნაწილში;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე