Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-520-507(კ-14) 20 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრისა და ხ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ივლისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ხ. მ-ის სარჩელისა გამო თვითმმართველის ქ. რუსთავის მერიის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ხ. მ-ემ სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. რუსთავის მერის 2014 წლის 17 მარტის №150 ბრძანების ბათილად ცნობა და თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა (იხ . ს.ფ. 1-13; ტ.1).

შესაგებლით თვითმმართველმა ქ. რუსთავის მერიამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 30-38; ტ.1).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ხ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქ. რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 17 მარტის №150 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვლეობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ. ს.ფ. 78-89; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. მ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 92-101; ტ.1).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 102-112; ტ.1).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ივლისის განჩინებით ხ. მ-ისა და თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 22-37; ტ.2)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის დამატებითი განჩინებით ხ. მ-ეს დაუბრუნდეს მიერ მიერ 2014 წლის 17 აპრილის №58 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 38-40; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თვითმმართველმა ქ. რუსთავის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 45-52; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 57-58; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ივლისის განჩინება შეეგებებული საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე ხ. მ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 65-74; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ხ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად (იხ. ს.ფ. 75-76; ტ.2)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრისა და ხ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრი და ხ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მოსაზრებით, კასატორის _ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრი და ხ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის - ხ. მ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრისა და ხ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი და ხ. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე